Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურამ შარაძე უპატრონო მოხუცებულთა სახლის წინააღმდეგ


სოზარ სუბელიანი, თბილისი უპატრონო მოხუცებულთა სახლს, რომელსაც ჰუმანიტარული ორგანიზაცია “ბეთელი” აშენებს, გასული წლის აპრილში ბასილ მკალავიშვილი და მისი მრევლი დაესხნენ თავს,

ერთი წლის შემდეგ კი ეკლესიიდან განდგომილი პროტოპრესვიტერის მისია პარლამენტარმა გურამ შარაძემ იტვირთა. 3 მაისს, როცა საქართველოს მართლმადიდებელი და ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიები დიდი ხუთშაბათის დღესასწაულს აღნიშნავდნენ, შარაძემ და მისმა ორმოცამდე მიმდევარმა სოფელ ზურგოვანში მიმდინარე მშენებლობა მოინახულა და მშენებლობის შეჩერება მოითხოვა.

დღე, რომელიც გურამ შარაძემ მორიგი ჯვაროსნული ლაშქრობისთვის აირჩია, ქრისტიანულ სამყაროში თავმდაბლობისა და მოყვასისადმი მსახურების სიმბოლოდაა მიჩნეული. იოანე მახარებელი ასე აღწერს თავმდაბლობისა და მოყვასისადმი მსახურების იმ მაგალითს, რომელიც დიდ ხუთშაბათს დღემდე მეორდება ყველა ეკლესიაში: “წამოდგა იესო, გადადო ზედა სამოსელი, აიღო ტილო და წელზე შემოირტყა. შემდეგ ჩაასხა წყალი საბანელში და დაიწყო მოწაფეების ფეხის ბანა და იმ ტილოთი შემშრალება, რომელიც წელზე ერტყა.”

გურამ შარაძისა და ბასილ მკალავიშვილის “ქრისტიანობა” სახარებისეული პროტოტიპისგან რადიკალურად განსხვავდება და მასში მოყვასისადმი სიყვარული ყველა განსხვავებულად მოაზროვნის დევნითაა ჩანაცვლებული. ისინი ერთმანეთისგან დიდად არც მოქმედების მეთოდებით განსხვავდებიან, არც მოქმედების სტრატეგიითა და არც საბოლოო მიზნებით.გურამ შარაძისა და ბასილ მკალავიშვილის მიზანი, ამ შემთხვევაში, მათი “მოღვაწეობის” შედეგიდან გაცილებით მკაფიოდ ჩანს, ვიდრე მათი რიტორიკიდან; შედეგი კი ნათელია: ქართული საზოგადოების დანაწევრება ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ ჯგუფებად, საზოგადოებაში უნდობლობისა და შეუწყნარებლობის ატმოსფეროს შექმნა და საერთაშორისო საზოგადოების თვალში ქვეყნის იმიჯის შელახვა, რასაც შედეგად ქართული სახელმწიფოს დასუსტება მოსდევს.

რაც შეეხება მშენებლობას, რომელიც გურამ შარაძემ თავდასხმის მორიგ ობიექტად აირჩია, იგი უპატრონო მოხუცებულთა სახლია, რომელსაც, უკვე მეორე წელია, საქველმოქმედო ორგანიზაცია “ბეთელი” აშენებს. როგორც ერთ-ერთი მოწმე ყვება, გასულ წელს ბასილ მკალავიშვილი ასეთი მეთოდებით ცდილობდა მშენებლობის გაჩერებას: [ერთ-ერთი მოწმის ხმა] “ვინ არის ამის ხელმძღვანელიო? მე ვუთხარი – მალხაზ სონღულაშვილია-მეთქი! ო-ო-ო, ეს გასაგებიაო, ბაპტისტები აშენებენო? ბაპტისტები და იეღოველები ერთნაირი სატანისტები არიანო. მე ვუთხარი, რატომ იძახით ამას-მეთქი… იმიტომ რომ სატანისტები ხართო. სატანა შენა ხარ-მეთქი, ასე ვუთხარი, პირდაპირ, ბასილის და გამოიწია ჩემსკენ დედის გინებით და უნდოდა დაერტყა.”

მკალავიშვილის ქცევისა და მეთოდებისგან დიდად არც შარაძის მეთოდები განსხვავდებოდა. როგორც გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოების წევრი ავთანდილ გურული ამბობს, შარაძე მშენებლობაზე შეშვებას ითხოვდა და აცხადებდა, რომ აქაურობა იეჰოვას მოწმეებს ეკუთვნით, ხოლო მშენებლობის დათვალიერების შემდეგ მუქარაზე გადავიდა: [ავთანდილ გურულის ხმა.] “აჩვენეს შარაძეს მშენებლობის დამტკიცებული გეგმა, რომელმაც თქვა, რომ ამოვიწერ აქიდან დამპროექტებლების და ნებართვების გამცემების გვარებს, ეს ის ხალხია, ვინც ყიდის საქართველოს, ქართველები გვღუპავენ და რამდენიმე ასეთი პოპულისტური განცხადება იყო იმ მასისთვის, რომელიც იქ იყო შეკრებილი.”[სტილი დაცულია]

შარაძის მიზნები იმ პრიორიტეტებშიც კარგად ვლინდება, რაზეც იგი ამახვილებს ყურადღებას: [ავთანდილ გურულის ხმა] “ეკლესიის რამდენიმე წევრმა საკმაოდ კორექტული კითხვა დაუსვა: რატომ იჩენთ ინტერესს ამის მიმართ და არა, ვთქვათ, საროსკიპოების მიმართ, რომლებიც ნამდვილად აშენებულია და ფუნქციონირებს, ანდა სასახლეების მიმართ და ასე შემდეგ. პირდაპირ დისკუსიას და კამათს და არგუმენტირებულ პასუხებს ყოველთვის გაურბის, როგორც წესი და ახლაც გააგრძელა თავისი დემაგოგია”.

კითხვაში, რომელზე პასუხის გაცემასაც შარაძემ თავი აარიდა, კარგად ჩანს შარაძე-მკალავიშვილისა და მათი მიმდევრების ინტერესი: ისინი არასდროს იბრძვიან კორუფციისა და კორუმპირებული ხელისუფლების წინააღმდეგ, სამაგიეროდ, ქვეყნის დაქცევად ეჩვენებათ, თუკი სადმე შენდება თავშესაფარი, რომელიც უპატრონო მოხუცებულებს სიბერის ტკბილად გატარების საშუალებას მისცემს.
XS
SM
MD
LG