Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრულირება კოდორის ხეობაში


3 მაისს, პირველად რუსული დესანტის გადასხმის შემდეგ, კოდორის ხეობაში შედგა გაეროსა და სამშვიდობო ძალების წარმომადგენელთა ერთობლივი პატრულირება.

პატრულირებაში, პროპორციით ხუთი-ხუთზე, სულ 10 კაცი მონაწილეობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც კოდორის ხეობის რეგულარული პატრულირებით უშუალოდ დაინტერესებული მხარე, ირწმუნება, რომ იგი, გაეროს მონაწილეობის გარეშე, კოდორის პატრულირებას არც მომავალში დაუშვებს. მიზეზი მარტივი და გასაგებია: გაერო თავად უნდა დარწმუნდეს, რომ კოდორში ქართული რეგულარული ჯარის ნაწილები არ იმყოფებიან.

პატრულირების განახლება კოდორის ხეობაში ქრონოლოგიურად მოსდევს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას –გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის ბოლო მოხსენების იმ პუნქტების შეფასებებს, რომლებიც აფხაზეთის კონფლიქტსა და კოდორის ხეობას შეეხება. მოგეხსენებათ, კოფი ანანმა აღნიშნულ მოხსენებაში კატეგორიულად მოითხოვა დაპირისპირებულ მხარეთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების გამმიჯნავ დოკუმენტზე მუშაობის დაწყება. იმავე მოხსენებაში მან რუსი სამხედროები თვითნებურ, არაკოორდინირებულ და კონფლიქტის გამამწვავებელ საქციელში დაადანაშაულა (იგულისხმება კოდორის ხეობაში ამასწინათ დატრიალებული მოვლენები, რომელთაც, გაეროს გენერალური მდივნის შეფასებით, შეაფერხეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესი).ამავე მოხსენებაში გაეროს გენერალურმა მდივანმა, კოდორის ხეობაში არსებული რეალური სიტუაციის შესაბამისად, იმედი გამოთქვა, რომ საქართველო შეასრულებს მოლაპარაკებების პროცესში აღებულ ვალდებულებებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის მიერ გაეროს გენერალური მდივნის შენიშვნების პასუხად გაკეთებული განცხადებები, იმის აქცენტირებით, რომ ქართული რეგულარული საჯარისო ნაწილები კვლავაც კოდორის ხეობაში რჩებიან, ცხადია, ვის წისქვილზეც ასხამს წყალს.

[კახა სიხარულიძის ხმა]“საქართველომ, როგორც ყოველთვის, შეასრულა ის ვალდებულებები, რაზეც ხელი მოაწერა. ჩვენ კოდორის ხეობიდან თავდაცვის სამინისტროს დამატებითი შენაერთები გავიყვანეთ. სწორედ ჩვენს ინტერესებშია, რომ პატრულირება მოხდეს, მოხდეს გაეროს მონაწილეობით და თავად გაეროს წარმომადგენლები დარწმუნდნენ, რომ დამატებითი ქართული ჯარი -და,საერთოდ, ქართული ჯარი - კოდორის ხეობაში არ იმყოფება.”

გაეროსა და, ეგრეთ წოდებული, სამშვიდობო ძალების ათკაციანი ჯგუფი პატრულირებას ზედა კოდორში 4 მაისის ღამის ჩათვლით განახორციელებს. შესაბამისად, 4 მაისისთვის უკვე ცნობილი იქნება შემოწმების შედეგები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახა სიხარულიძე წინასწარ აზუსტებს:

[კახა სიხარულიძის ხმა]“იქ არიან ქართველი მესაზღვრეები, რადგან კოდორის ხეობაში არის საქართველოსა და რუსეთის საზღვარი. ჩვენ არა მხოლოდ უფლება, არამედ მოვალეობაც გვაკისრია, გავაკონტროლოთ საკუთარი საზღვარი.”
XS
SM
MD
LG