Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა დასავლეთის წამყვანი გაზეთების ყურადღება კვლავაც ახლო აღმოსავლეთისკენაა მიპყრობილი,

სადაც ისრაელის ჯარმა, ხუთშაბათს, ქალაქ რამალაში, პალესტინელთა ავტონომიის ლიდერის, იასირ არაფატის რეზიდენციის ალყა მოხსნა. როგორც გაზეთ ”ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნის” მიმომხილველი დევიდ იგნატიუსი შენიშნავს, ჯერაც გაურკვეველია, რა ჰქონდა ჩაფიქრებული ისრაელის პრემიერ-მინისტრს არიელ შარონს, როცა 34-დღიან შინაპატიმრობაში მოათავსა არაფატი და სამხედრო ოპერაცია განახორციელა პალესტინელთა ტერიტორიებზე, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში. ამერიკელი ჟურნალისტი დასძენს:

”ყოველ შემთხვევაში, არიელ შარონმა დაანახა მთელს მსოფლიოს, რომ თვითმკვლელი ტერორისტების გამო ისრაელი ხალხი არ დათმობს საკუთარ სახელმწიფოს. რაც შეეხება პალესტინელებს, ისინი, როგორც ჩანს ხვდებიან თანდათანობით, რომ საკუთარი თავის აფეთქებას მოლაპარაკებათა მაგიდასთან სჯობს დაბრუნება”.

გაზეთ ”ნიუ-იორკ ტაიმსის” აზრით, მართალია ჯერჯერობით ნაადრევია ლაპარაკი მშვიდობის დამყარებაზე ახლო აღმოსავლეთში, თუმცა შინაპატიმრობიდან იასირ არაფატის გათავისუფლება და პალესტინელთა დასახლებული პუნქტებიდან ისრაელის ჯარის თითქმის მთლიანი გაყვანა, პალესტინელთა ტერორისტული კამპანიის შეწყვეტა და ამერიკა-საუდის არაბეთის აქტიური სამშვიდობო ინიციატივა, ყოველივე ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სასიკეთო ძვრებია მოსალოდნელი. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

”თვითეულმა მხარემ გულწრფელად უნდა გააანალიზოს რეგიონში შექმნილი ვითარება. 19 თვის მანძილზე მიმდინარე ინტიფადამ, თვითმკვლელ ფანატიკოსთა თავდასხმებმა მშვიდობიან მოსახლოებაზე ისრაელში და პათოლოგიურმა წახალისებამ თვითმკვლელობისათვის მზად მყოფი მოზარდი პალესტინელებისა ვეებერთელა ზიანი მიაყენა თავად პალესტინელებს და კიდევ უფრო გაართულა პალესტინის თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსების რეალიზება. გაანადგურა რა თითქმის მთლიანად პალესტინელთა თვითმმართველობის ინფრასტრუქტურა, ისრაელი განაგრძობს პალესტინელთა ტერიტორიების ოკუპაციას, რითაც საფრთხეს უქმნის საკუთარ მოქალაქეთა უშიშროებას და ამასთანავე უხანგრძლივებს სავალდებულო სამხედრო სამსახურს ახალგაზრდა მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც ებრაული დასახლებები უნდა დაიცვან მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში.”

”ბატონ არაფატის მეცხრე ცხოვრება”-ასეა დასათაურებული სარედაქციო კომენტარი ბრიტანეთის გაზეთ ”ფაინენშალ ტაიმსში”. გაზეთი წერს:

”მრავალთვიანი ბლოკადის შემდეგ პალესტინელთა ავტონომიის ლიდერი ხუთშაბათს გამოვიდა თავისი რეზიდენციიდან, რამალაში, და კვლავაც შეუძლია დაუბკოლებლად გადადგილდეს, სადაც კი მოესურვება. არაფატის გათავისუფლებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მოსწონს ეს თუ არა მოსწონს ისრაელს, პალესტინელთა ავტონომიის ლიდერი – შეუცვლელია. მაგრამ არაფატის თავისუფლება კვლავაც ისრაელის სარდლობაზეა დამოუკიდებული, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია კვლავაც შეიყვანოს ჯარი რამალაში, თუ თვითმკვლელი ტერორისტები განაახლებენ ისრაელზე თავდასხმებს. არაფატმა ამჯერად
უნდა ისარგებლოს შემთხვევით და დაანახოს ყველას, რომ ნამდვილად შეულია ქმედითი ზომების მიღება ტერორისტული აქტების აღსაკვეთად”.

კვირას საფრანგეთში, საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებითი, მეორე ტური გაიმართება და მიმომხილველებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი მწარე დამარცხებას აგემებს თავის ულტრამემარჯვენე ოპონენტს, ჟან-მარი ლე პენს. როგორც გაზეთ ”ფრანკფურტერ ალგემაინეს"”მიმომხილველი კლაუს-დიტერ ფრანკერბეგერი აღნიშნავს, ჟაკ შირაკის ხელმეორედ არჩევა მაინც ვერ მოაშუშებს იმ ღრმა ჭრილობას, ფრანგულ დემოკრატიას რომ მიაყენა არჩევნების მეორე ტურში ქსენოფობი და ანტისემიტი ლე პენის გასვლამ. გერმანელი ჟურნალისტი წერს:

”როცა ელექტორატის 18 პროცენტი აშკარა ანტი-ევროპულ პოზიციას უჭერს მხარს ევროპის წამყვან სახელმწიფოში, ქვეყანაში, რომლის პოლიტიკური ელიტა ერთიანი ევროპის ქომაგად გვევლინებოდა იმთავითვე, ეს, მართლაცდა დამაფიქრებელია. აშკარა ანტი-ევროპული პოზიცია მარტო საფრანგეთისთვის არაა დამახასიათებელი, და დროა ღრმად ჩავეძიოთ ყოველივე ამის გამომწვევ მიზეზებს.”

გაზეთ ”ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნის” მიმომხილველის ჯონ ვინოკურის აზრით, ის რასისტული და ანტი-სემიტური გამოხტომები, ფონად რომ გასდევს ბატონ ლე პენის კარიერას, საფრანგეთის პოლიტიკური სპექტრის არც თუ უმნიშვნელო ნაწილისთვისაცაა დამახასიათებელი. რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს ლე პენის შეხედულებები ელექტორატის ურავლესობისთვის, მისი ზოგიერთი იდეა, რასიზმისა და იმიგრაციის გამოკლებით, ძალზედ ახლოსაა ტონალობით სხვა პოლიტიკურ ლიდერთა გამონათქვამთან. ლე პენის განცხადება იმის შესახებ, რომ საფრანგეთი შინაგანი და გარე ძალთა მსხვერპლი გახდა, დიდად არ გასხვავდება სხვა პარტიათა მტკიცებისაგან, რომ გლობალიზაციის, კაპიტალიზმისა და შეერთებული შტატებისაგან მომდინარეობს საფრანგეთის ყველა პრობლემა.”

დღევანდელ მიმოხილვას დავასრულებთ გაზეთ ”ნიუ-იორკ ტაიმსში” გამოქვეყნებული სტატიით, რომელიც რუსეთში ქსენოფობიის აღზევებას ეხება. სტატიაში ვკითხულობთ:

სუდანელმა ტადელე გერბემ კრასნოდარის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი დაამთავრა და მოსკოვში ჩასული იმას ცდილობს, რომ შეერთებულ შტატებში ანდა დასავლეთი ევროპის რომელიმე სახელმწიფოში მიიღოს თავშესაფარი. განვლილი ოთხი წლის მანძილზე რასისტებმა შვიდჯერ განახორციელეს ტადელ გერბეზე თავდასხმა. ”აქ, ამ ქვეყანაში მე კი არ ვცხოვრობ, არამედ ვარსებობ”-ამბობს 38-წლის სუდანელი. უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე მოსკოვში ერთობ გახშირდა თავდასხმები ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებზე. ამ პრობლემამ ხელისუფალთა ყურადღებაც მიიპყრო. თავის ამასწინანდელ გამოსვლაში პარლამენტის გაერთიანებულ სხდომაზე ”ქვეყნის მდგომარეობის შესახებ” ქსენოფობიის პრობლემას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც შეეხო, თუმცა მილიცია, და საზოგადოება მთლიანობაში, ძალზედ ხშირად თვალს ხუჭავენ ”სკინხედების” გამოხტომებზე. ნაწილობრივ ამის ახსნა ძიმე სოციალური პირობებით შეძლება, თანაც ჩეჩნეთის ომმა კიდევ უფრო მტრულად განაწყო რუსები ეროვნული უმცირესობების, განსაკუთრებით კავკასიელთა მიმართ”.
XS
SM
MD
LG