Accessibility links

logo-print

დონორები ენერგეტიკისათვის თანხებს ალბათ აღარ გაიღებენ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი აღმასრულებელ ხელისუფლებაში კარგა ხნის წინათ ნავარაუდევი ”ფოთოლცვენა” სააღდგომოდ შედგა

და პრეზიდენტმა მინისტრების მსხვერპლშეწირვას წინასწარ დაგეგმილი ”სტრუქტურული სეკვესტრიც” დაამთხვია. საგადასახადო და საბაჟო სამსახურების ”მშობლიურ წიაღში”, ანუ ფინანსთა სამინისტროში, დაბრუნება სავსებით პროგნოზირებადი აქცია გახლდათ.

თავის დროზე ფისკალური სამსახურების ცალკე აღმასრულებელ სტრუქტურად გასვლა ბევრმა ეკონომისტმა უხეირო ექსპერიმენტად მიიჩნია. მართლაც, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს შექმნით ფისკალური პრობლემები ოდნავადაც არ შემსუბუქებულა და ეს ექსპერიმენტი იმთავითვე პოლიტიკური კონიუნქტურის ხასიათს ატარებდა. ამჟამად გაერთიანებული ფინანსთა სამინისტროს შექმნაც პოლიტიკური ელფერის მატარებელია, თუმცა ამ შემთხვევაში, წინასგან განსხვავებით, გარკვეული ლოგიკა მაინც არსებობს.

რაც შეეხება პერსონალიებს, ლევან ძნელაძის მიერ თანამდებობის დატოვება, დიდი ხანია, ნაწინასწარმეტყველევი იყო და თავად შემოსავლების მინისტრიც პრეზიდენტის და, უფრო მეტად კი, სახელმწიფო მინისტრის წინასააღდგომო სიურპრიზს ჩვეული მორჩილებით შეხვდა, რასაც ვერ ვიტყვით სიჯიუტით ცნობილ ზურაბ ნოღაიდელზე, რომლისთვისაც ქვეყნის ნომერ პირველი ფინანსისტის პორტფელის ჩაბარება სულაც არ ყოფილა უმტკივნეულო პროცედურა. თუმცა თამანედროვე ქართულ საკადრო პოლიტიკაში, როგორც ჩანს, პერსონალიებს მხოლოდ ნომინალური მნიშვნელობა აქვს და ეკონომიკურ ან სხვა, ნებისმიერი პროფილის, სამინისტროს სათავეში ნობელის პრემიის ლაურეატიც რომ ჩაუყენო, ალბათ, მარგი ქმედების კოეფიციენტი აბსოლუტურად იგივე დარჩება.

ამ შემთხვევაში საბჭოური პრინციპი -”კადრები ყველაფერს წყვეტს”- მთლად ადეკვატურად არ ჟღერს. სახელმწიფოს დღემდე არა აქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული განვითარების სტრატეგია, არ ჩანს მტკიცე პოლიტიკური ნება და, ფაქტობრივად, არ იცვლება მიდგომები.

პერიოდული საკადრო ”გილიოტინებიც” პოლიტიკური ბომონდის მხრიდან ხალხისათვის თვალის ახვევის ნაცადი საშუალებაა, რომლის ეფექტურობაც, აპრიორი, არაფრის მომცემია.

კვირის ბოლოს უშიშროების საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილება, ბუნებრივია, წინასწარ ჩაფიქრებული იყო და ძნელაძე-ნოღაიდელის სააღდგომო კარუსელი, უბრალოდ, ხელსაყრელ დროს ელოდა: აპრილის თვემდე სხვადასხვა მანქანებით ხერხდებოდა ბიუჯეტის საგეგმო მაჩვენებლების დაცვა და, ამ პირობებში, მიუღებელი მინისტრების თავიდან მოშორება აშკარად გამოხატული პოლიტიკური ანგარიშსწორების ელფერს შეიძენდა. საგადასახადო სამსახურების მიერ აპრილში წაფორხილება კი შესანიშნავი მიზეზია საკადრო სეკვესტრისათვის.

აპრილის თვის გეგმა ჩავარდა, ხოლო წლის დასაწყისიდან ბიუჯეტის დეფიციტი 36 მილიონ ლარს გაუტოლდა. საგულისხმოა, რომ იანვარ-აპრილის საბიუჯეტო პარამეტრები იმთავითვე საგრძნობლად შემცირებული იყო და საგადასახადო სამსახურებს მისი შესრულება, არსებითად, არ უნდა გასჭირვებოდათ.
გაცილებით რთულ მემკვიდრეობას ჩაიბარებს მომავალი ფინანსთა მინისტრი, რომლის წინაშეც, წინა თვეების ჩამორჩენის გადაფარვის გარდა, უკვე გაზრდილი მაჩვენებლების შესრულების პრობლემა დადგება. შედარებისათვის, განვლილ 6 თვეში ბიუჯეტი მხოლოდ 87 პროცენტით არის შესრულებული და ზამთრის ფისკალური ეიფორიის შემდეგ კულუარებში უკვე ნელ-ნელა ალაპარაკდნენ ძირითადი ეკონომიკური კანონის სეკვესტრის თაობაზე.

ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ წლევანდელ დეფიციტს საგადასახადო ადმინისტრირების გამკაცრების წყალობით გადაფარავს, რაშიც დიდი ეჭვი ეპარებათ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ემისრებს, რომლებმაც გასულ კვირას თავისი ვიზიტი დაასრულეს თბილისში. მათი ეჭვი სრულიად საფუძვლიანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ, უკვე მერამდენე წელია, ხელისუფლება ადმინისტრირების გამკაცრებაზე საუბრობს, თუმცა, რეალურად, საქართველო ამ მაჩვენებლით, კარგა ხანია, ბანანის რესპუბლიკებს უმშვენებს გვერდს. მთავრობას, ძველი ვალების გარდა, ბიუჯეტისათვის დამატებით 25 მილიონი ლარის გამოძებნაც მოუწევს, ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებამ ამგვარი პირობა სავალუტო ფონდს აღუთქვა.

დევიდ ოუენის მისია ფისკალური სიტუაციის გამოსწორებას საგადასახადო შეღავათების გაუქმებით და თავად საგადასახადო განაკვეთების გაზრდით გვირჩევს. ცვლილებები საგადასახადო კოდექსში უკვე უახლოეს მომავალში უნდა შევიდეს. ამ იდეას, ბუნებრივია, დიდი აღფრთოვანებით არ შეხვდებიან საკანონმდებლო ხელისუფლებაში, მითუმეტეს, კარსმომდგარი არჩევნების წინ. არადა აღნიშნული მოთხოვნა ფონდის ერთ-ერთი რეკომენდაციაა. ფონდმა თბილისი ისე დატოვა, აღნიშნულ საკითხზე რაიმე შეთანხმებისათვის არ მიუღწევია.

ხელისუფლების მტკიცებით, ამ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციასთან მორიგი მოლაპარაკება წარმატებული იყო და, ამის დასტურად, დევიდ ოუენის სიტყვებს იშველიებენ: მისიის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნის მთავრობამ, მთლიანობაში, შეასრულა სსფ-სთან შეთანხმებული პროგრამები. კერძოდ, დევიდ ოუენმა აღნიშნა ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისადმი ზედამხედველობის გასაძლიერებლად ღონისძიებათა გატარება; ასევე, ენერგოსექტორში არსებული ვალების დაფარვის კონცეფციის შექმნა. თუმცა ეს მიღწევები, ფაქტობრივად, არაფერია იმასთან შედარებით, რისი გაკეთებაც ვერ მოხერხდა და რაც წინასწარ იყო ფონდთან შეთანხმებული. ამ მხრივ, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში, ტრადიციულად, ენერგოსექტორი მოექცა. ოუენმა მირცხულავას კონცეფცია კი მოუწონა, მაგრამ იქვე იმ პრობლემებზე ალაპარაკდა, რაც ამ სფეროში უხვად არის დაგროვებული. მისიის ხელმძღვანელს არ გამოჰპარვია, რომ საბითუმო ელექტრობაზრის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის აკრეფის დონემ მარტში მხოლოდ 30 პროცენტი შეადგინა, ხოლო კორუფცია ისევ საშიშ ზღვარს მიღმაა. რეკომენდაციების თანახმად, ენერგოსექტორიდან ვალების ამოღება სასწრაფოდ და თანმიმდევრულად უნდა განხორციელდეს, ამასთან, ყოველგვარი შეღავათის გარეშე, ყველა არგადამხდელს ელექტროენერგიის მიწოდება დაუყოვნებლივ უნდა შეუწყდეს.
ენერგოსექტორმა გასულ კვირას, სავალუტო ფონდის გარდა, სხვა დონორების ყურადღებაც მიიპყრო. საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც შეშფოთებულები არიან ენერგეტიკის სფეროში შექმნილი მდგომარეობით, ამ სფეროში დახმარების შეწყვეტითაც დაგვემუქრნენ. ყოველივე ამის გათვალიწინებით, როგორც ჩანს, საკადრო ცვლილებები მხოლოდ ნოღაიდელ-ძნელაძის დუეტით არ შემოიფარგლება, მითუმეტეს, როცა ენერგეტიკის მინისტრად ”ოჯახის კანდიდატურა,” კარგა ხანია, შერჩეულია.

ბოლო წლების განმავლობაში დასავლეთი ამ სფეროს ყველაზე მეტად სწყალობდა, თუმცა ქართული ენერგეტიკისათვის განკუთვნილი ასეული მილიონობით დოლარი, ფაქტობრივად, უძირო ქვევრში იყრებოდა. შესაბამისად, სიტუაციის რადიკალურად გამოსწორების გარეშე, რისი იმედი ცოტას თუ შემორჩა, დონორების კეთილგანწყობის იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს.
XS
SM
MD
LG