Accessibility links

logo-print

დავით პაიჭაძე: <br>გამარჯობათ. დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ ახალგაზრდებს


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი დავით პაიჭაძე: გამარჯობათ. დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ ახალგაზრდებს,

რომლებიც ადამიანური საქმიანობის სრულიად განსხვავებულ სფეროებში არიან დაკავებულნი, მაგრამ ერთი რამ, ვფიქრობთ, ერთმანეთთან აახლოებთ: ესაა უკეთესი მომავალი, როგორც მიზანი და მზადყოფნა, გაიღონ ძალისხმევა ამ მიზნის მისაღწევად. ჯერ ეკა წამალაშვილი წარმოგიდგენთ ზვიად ჩადუნელს, კაცს, რომლის პროფესიული ცხოვრება სათავეს იღებს ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბების დღიდან. შემდეგ კი მოგითხრობთ სტუდენტური არჩევნების შესახებ, რომელიც, ჩვენი აზრით, გარკვეულ სიახლეებს მოასწავებს როგორც სტუდენტების, ისე უმაღლესი სასწავლებლების ცხოვრებაში.

ეკა წამალაშვილი:
საქართველოს არმიას დღეს ნამდვილად არ ულხინს, თუმცა, როგორც ამბობენ, წლების წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით, იქ გარკევული წინსვლა მაინც შეიმჩნევა. ასე ფიქრობს ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელი გადაცემის სტუმარი, ეროვნული გვარდიის სარდლის თანაშემწე ზვიად ჩადუნელიც. მან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახური 11 წლის წინ დაიწყო. ასე რომ, თამამად შეუძლია თქვას: “ საქართველოს არმიის მშენებლობის პროცესმა ჩემ თვალწინ ჩაიარაო.” ჩვენთან საუბრისას ეროვნული გვარდიის სარდლის ამ თანაშემწეს შეიარაღებულ ძალებში არსებული პრობლემებისთვის გვერდი არ აუვლია, თუმცა, პრობლემების გარდა, მან საქართველოს ჯარში არსებული პატრიოტული განწყობა და მომავლის რწმენაც აღნიშნა.

ზვიად ჩადუნელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო საქმის სიყვარულმა მიიყვანა, თანაც, ზუსტად მაშინ, როცა არმიის არსებობაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო.

[ზვიად ჩადუნელის ხმა] “ეს იყო 1991 წელს, როცა საქართველომ გადაწყვიტა, რომ საკუთარი არმია უნდა ჰყოლოდა. მაშინ გაწვევა არ არსებობდა. შეიარაღებულ ძალებში მოხალისეები მიდიოდნენ. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც. ეს იყო ურთულესი პერიოდი. ქვეყანა, ფაქტობრივად, საომარ პერიოდში იმყოფებოდა, არმია კი არ არსებობდა.”

19 წლის ასაკში მიღებულ გადაწყვეტილებას იოლი ცხოვრება არ მოჰყოლია. საქართველოს ტერიტორიაზე გაჩაღებულ შეიარაღებულ კონფლიქტებს გვერდი არც ზვიად ჩადუნელისთვის აუვლია. აქედან მოყოლებული, ის საქართველოს არმიის მშენებლობაში ერთ-ერთი ჯარისკაცი იყო. თუმცა ამ წლების განმავლობაში, არმიასა და, საერთოდ, ქვეყანაში არსებული ურთულესი მდგომარეობის მიუხედავად, არჩევანის შეცვლაზე არც უფიქრია. პირიქით, როცა ქვეყანაში შედარებით მშვიდი პერიოდი დადგა, ზვიადი სამხედრო განათლების მისაღებად სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრა და 4 წელი უმაღლეს საჯარისო სამეთაურო სასწავლებელში სწავლას დაუთმო. ამ სასწავლებელში მკაცრ დისციპლინასთან შეგუება მოუხდა, რაც იოლი არ იყო.

98 წლიდან ზვიად ჩადუნელი მე -11 ბრიგადის “შავნაბადას ბატალიონის” მეთაური იყო. ამჯერად კი, როგორც ვთქვით, ეროვნული გვარდიის სარდლის თანაშემწის მოვალეობას ასრულებს და შეკითხვას, მაინც რა მოიტანა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უკანასკნელმა 10 წელმა, ასე უპასუხებს:

[ზვიად ჩადუნელის ხმა] “ შედარება არ არის. 10 წლის წლინ ჩვენ არ შეგვეძლო გვეთქვა, რომ გვყავდა ეროვნული არმია, ჯარი. დღეს გაცილებით მობილურები, გაცილებით ძლიერები ვართ და უკეთ შეგვიძლია დასახული ამოცანის შესრულება. მაგალითისთვის შეიძლება იმის მოყვანა, რომ ქართული ოცეული, რომელიც კოსოვოში მუსულმანებით დასახლებულ სოფელს იცავს, საუკუთესო ოცეულთა შორის ითვლება. ჩვენი ბიჭები საუკეთესოები არიან.”

ზვიადის თქმით, საქართველოს სამხედრო შენაერთები კარგად წარმოაჩენენ თავს ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სწავლებაშიც. მაგრამ ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ საქართველოს არმიის მშენებლობა დასრულებულია და იქ არსებული პრობლემებიც დაძლეულია. ჯარი, არმია მხოლოდ ისეთი შეიძლება იყოს, როგორიც სახელმწიფოა. სუსტ სახელმწიფოს ძლიერი და დისციპლინირებული არმია ვერ ეყოლება. საქართველოსაც, წლების წინანდელთან შედარებით,უკეთესი, მაგრამ, მაინც ისეთი ჯარი ჰყავს, როგორიც ჯერ კიდევ სუსტ და დაულაგებელ სახელმწიფოს შეიძლება ჰყავდეს. უცხოური დახმარების წყალობით, არმიის სამხედრო აღჭურვილობით მომარაგებაში წინსვლა თვალსაჩინოა, მაგრამ სახელმწიფოს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კვლავ უმწვავეს პრობლემებად რჩევა: კვების, ჰიგიენის, ჯარისკაცთა სათანადო მომზადებისა და დისციპლინის პრობლემები. ამიტომაც ვერ ეღება ბოლო დეზერტირობის პრობლემას. ამიტომაც არის, რომ უამრავი ახალგაზრდა ჯარში სამსახურისგან თავის დაღწევას ცდილობს.

სამხედრო სამსახურში ყოფნა რთულია პროფესიონალი სამხედროებისთვისაც. მათი ხელფასი 100 ლარის ფარგლებში მერყეობს. ამდენად, როგორც ზვიად ჩადუნელი ამბობს, ის, რაც ამ ადამიანებს შეიარაღებულ ძალებში აკავებს, უდიდესი პატრიოტიზმი და მომავლის იმედია - იმედი იმის, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალებისადმი დახმარება კიდევ უფრო გაიზრდება და, ადრე თუ გვიან, ჩვენს ქვეყანასაც ეყოლება პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული, ძლიერი სამხედრო შენაერთები. ასეთ იმედს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურება აძლიერებს.

[ზვიად ჩადუნელის ხმა] “თქვენ იცით, რომ, როცა ქართველთა მეფემ, დავით მეოთხემ, ჯარში ხელფასების დარიგება დაიწყო, ამით ფეოდალური ჯარი დაქირავებულ ჯარად აქცია. ამერიკელების ჩამოსვლაც, ალბათ, გვიბიძგებს იმისკენ, რომ ჯარის გარკვეული კონტინგენტი გვყავდეს დაქირავებული - შესაბამისი ხელფასებით, შესაბამისი აღჭურვილობით და იყოს პროფესიონალური.”

ზვიად ჩადუნელი სწორედ ასეთ არმიაზე ოცნებობს და სამხედრო პირებისათვის ჩვეული შემართებით იტოევბს იმედს, რომ ძლიერი არმია, 5 თუ არა, 10 წელიწადში მაინც გვეყოლება.

[ზვიად ჩადუნელის ხმა] “დღევანდელი მონაცემებით, ამ დროისათვის მცირე, მაგრამ პროფესიონალური არმია უნდა გვყავდეს. ჯარში ახალგაზრდა ოფიცრები მსახურობენ. მხედრული სულისკვეთება და პატრიოტიზმი, რაც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ, არ დაგვიკარგავს. ასე რომ, 5 -10 წელიწადში მობილური და ძლიერი არმია უნდა გვყავდეს.”

დავით პაიჭაძე:
ხუთი-ათი წელი, რაც ზვიად ჩადუნელმა ახსენა, გაუმართლებლად დიდი ვადაა ჩვენი სტუდენტობის იმ ნაწილისათვის, რომელსაც ეჩქარება პოზიტიურ ცვლილებათა დანახვა უმაღლეს სასწავლებლებში. საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებულ მსმენელს უთუოდ ახსოვს, რომ სიახლე სტუდენტთა ცხოვრებაში გაჩნდა შარშან, ადრე გაზაფხულზე, როცა თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა თვითმმართველობის არჩევნები ჩაატარა. ამ არჩევნებს მოჰყვა გამოცოცხლება არა მარტო უნივერსიტეტში, არამედ თბილისის – აგრეთვე, საქართველოს სხვა ქალაქების - უმაღლეს სასწავლებლებში. აღმოჩნდა, რომ სტუდენტებში ინტერესთა მრავალი ჯგუფია და მათი უმეტესობა თვითორგანიზაციის მისაღებ ფორმებს ეძებს. თბილისის უნივერსიტეტში არაერთი საინტერესო პროცესი განვითარდა. შარშან არჩეულმა სტუდენტურმა თვითმმართველობამ და უნივერსიტეტის სტუდენტთა და ასპირანტთა კავშირმა წელს ერთობლივი არჩევნების ჩატარება გადაწყვიტეს, რის შედეგადაც უნდა გაუქმებულიყო როგორც თვითმმართველობა, ისე სტუდკავშირი და შექმნილიყო სტუდენტთა საბჭოები ფაკულტეტებზე. მათი გაერთიანება შექმნიდა უნივერსიტეტის სტუდენტთა ერთიან საბჭოს, რომელშიც სულ 69 წევრი შევიდოდა. კავშირებით კილოში იმიტომ ვლაპარაკობთ, რომ არჩევნები, მართალია, ჩატარდა, მაგრამ საბჭოების დაკომპლექტება ვერ მოხერხდა. საარჩევნო კომისიამ თავი ვერ გაართვა არჩევნების ორგანიზებას. არჩევნების დღეს, 30 აპრილს, თბილისის უნივერსიტეტში აბნევდნენ და იპარავდნენ ბიულეტენებს, მოიპარეს ბეჭედი, ერჩოდნენ საარჩევნო ყუთებს, ამ ყუთების დიდი ნაწილი იყო დაულუქავი, ბიულეტენების ნაწილი კი – უბეჭდო. ამიტომაც არჩევნებისა და მისი შედეგების მართლზომიერება ეჭვქვეშ დააყენეს თავად არჩევნების ორგანიზატორებმაც. ისინი აპირებენ ხელახლა ჩაატარონ საარჩევნო პროცედურები და უარყოფენ გავრცელებულ ბრალდებებს არჩევნების გაყალბების შესახებ. მართლაც, გაუგებარია, ვის სასარგებლოდ უნდა გაყალბებულიყო არჩევნები, როცა ჩატარებულად ის შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ 7 ფაკულტეტზე და ამ ფაკულტეტებზეც შედეგები შეიძლება გაუქმდეს, რათა არჩევნები თავიდან გაიმართოს მთელი უნივერსიტეტის მასშტაბით. არჩევნების ხელახლა ჩატარებას თვითმმართევლობა და სტუდკავშირი მაისის ბოლომდე აპირებენ. აღიარება, რომ არჩევნებს მრავალი დარღვევა ახლდა და ამის გამო ის ბათილად უნდა ჩაითვალოს, ჩვენი აზრით, ღირსებას ჰმატებს ორგანიზატორ სტუდენტებს. მე დავინტერესდი, რა მიზნებს ისახავდა სტუდენტთა საბჭოს ჩამოყალიბება, რომელიც, აქამდე არსებული სტუდენტური ორგანიზაციებისაგან განსხვავებით, უფრო წარმომადგენლობითი უნდა ყოფილიყო. ბიოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურის პირველკურსელი ლაშა ჩხარტიშვილი ასე მიპასუხებს [ჩხარტიშვილის ხმა]: “ჩვენ ვაპირებთ, ეს ორგანიზაცია ორიენტირებული იყოს სტუდენტებზე და არა ადმინისტრაციაზე, ანუ, პირველ რიგში, იცავდეს კონკრეტული სტუდენტის უფლებებს. გარდა ამისა, სასწავლო პროცესშიც უნდა მოხდეს გარკვეული ცვლილებები. სტუდენტების წარმომადგენლობა უნდა გაიზარდოს როგორც საფაკულტეტო, ისე უნივერსიტეტის მთავარ სამეცნიერო საბჭოში. უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის შექმნილი ორგანიზაციაა და გადაწყვეტილებათა მიღებისას იქ სტუდენტთა აზრს უნდა ითვალისწინებდნენ.”

ყველას კარგად ახსოვს სტუდენტთა ჩატარებული გამოკითხვა და რეზონანსი, რაც ამ ქმედებას მოჰყვა. ბევრმა ეს სტუდენტებს არაკონსტრუქციულ საქციელად ჩაუთვალა. მაგრამ სტუდენტებს აქვთ რამდენიმე წინადადება, რომელსაც, ვფიქრობ, მათი რადიკალური ოპონენტებიც ვერ მიიჩნევენ დესტრუქციულად. იმავე ლაშა ჩხარტიშვილის თქმით [ჩხარტიშვილის ხმა]: “გათვლილი უნდა იყოს სტუდენტთა რიცხვი იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის სპეციალისტი სჭირდება ამა თუ იმ დარგს; რამდენად საჭიროა, სიტყვაზე, 70 ბიოლოგი ან 80 იურისტი მიმდინარე წელს? სასწავლო პროცესი ბაზრის მოთხოვნაზე უნდა იყოს ორიენტირებული. საამისოდ კვლევაც უნდა ჩატარდეს და კვლევის შედეგები ადმინისტრაციამ გაითვალისწინოს, რათა არ მოამზადოს სტუდენტები ჭარბი რაოდენობითა და წყალწყალა ცოდნით. ამას სჯობია, მომზადდეს იმდენი სპეციალისტი, რამდენსაც ბაზარი აითვისებს და, ამასთან, ეს სპეციალისტი იყოს ნამდვილი პროფესიონალი”.

სტუდენტების კიდევ ერთი, ბოლო დროს გაღვივებული, ინტერესია, იცოდნენ, რაში იხარჯება ფული, რომელიც უნივერსიტეტს არა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა. სტუდენტთა აზრით, უმჯობესი იქნებოდა, უნივერსიტეტის საჭიროებას – ლექტორთა ხელფასებს, აღჭირვილობისა და ლიტერატურის შეძენას, კეთილმოწყობას და ა.შ. – ხმარდებოდეს არასაბიუჯეტო, სპეციალური სახსრების უფრო მეტი ნაწილი, ვიდრე დღეს ხმარდება. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ ეს საკითხი არაერთხელ წამოჭრა ხელისუფლებაში, სადაც ან წაუყრუეს, ან მხარი არ დაუჭირეს. პრობლემის ისე გადაჭრა, როგორც ეს სტუდენტებს ეჩვენებათ სასიკეთოდ, უკავშირდება საკანონმდებლო ცვლილებებს. დავუშვათ, სტუდენტების ნაწილისა და ადმინისტრაციის სურვილები აქ ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ როცა საქმე ეხება არსებულ ვითარებაში სპეცსახსრების მონიტორინგს, პოზიციები უკვე განსხვავებულია. უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეოთხეკურსელი ბაჩანა ახალაია ჩემთან საუბრისას ამბობს [ახალაიას ხმა] : “დღევანდელი სისტემა არის დახურული წრე. ჩვეულებრივი სტუდენტი ვერასდროს ვერ გაიგებს, როგორ მოძრაობს მისი გადახდილი თანხა, სად მიდის, მარტივად რომ ვთქვა, ვის ჯიბეში ილექება ეს ფული. ამაზე ადმინისტრაციას და მთელ რიგ ლექტორებს აქვთ მკაფიო პასუხი: ეს არ არის სტუდენტის საქმე. მათი მთელი არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ სტუდენტმა არც კი უნდა იკითხოს ეს, ასეთია: ეს უნდა გადაწყვიტონ უფროსებმა, სტუდენტებმა უნდა ისწავლონ. თქვენი საქმეა: შედით ლექციებზე, მერე გამოდით და წადით სახლში. თქვენი გადახდილი თანხა სად მიდის, რას ხმარდება და თქვენ როგორ გხმარდებათ – ამაზე თქვენ ნუ ინერვიულებთ. მაგრამ სტუდენტების უმრავლესობა ასე არფიქრობს. სხვათა შორის, ადმინისტრაციას ჩვენ მოვთხოვეთ ინფორმაცია ბიუჯეტის შესახებ. უნივერსიტეტის ბიუჯეტი უაღრესად სერიოზული თანხაა. ჩვენ კი მოგვცეს ორი ფარატინა ფურცელი, თუ არ ვცდები, პრორექტორის ან სამმართველოს უფროსის ხელმოწერით და ბეჭდით, სადაც ძალიან ზოგადი ინფორმაციაა: ამდენია შემოსავალი, ამდენი კი – გასავალი. იქ არ არის ლაპარაკი, რა დროს როგორ შემოდის ეს შემოსავლები, სად, რა გზით იხარჯება, სად მიდის შემდგომ ეს თანხები”.

და მაინც, ეს ორი ფარატინა ქაღალდიც შეიძლება პატარა მიღწევად ჩაითვალოს. ჩვენი წინა სიუჟეტის სტუმარმა 5-10 წელი ახსენა. ეგებ ფინანსების სფეროში გამჭვირვალობის მიღწევასაც ეს ვადა სჭირდება? ისე, ფაქტია, რომ სტუდენტები ამდენ ხანს ნამდვილად არ აპირებენ მოცდას.

აქ დავასრულოთ ჩვენი გადაცემა. მომავალ შაბათს, რა თქმა უნდა, ისევ შევხვდებით.


XS
SM
MD
LG