Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამთავრობო ცვლილებების კავშირი პოლიტიკურ პროცესთან


გასული წლის ბოლოს პარლამენტმა თავიდან დაამტკიცა ახალი მთავრობის ძველი შემადგენლობა.

მაშინ თითქმის ყველა ფრაქცია პრესაში გამოსაქვეყნებლად ამზადებდა ცხრილს, რომელშიც ზუსტად იქნებოდა მითითებული, თუ რომელი პოლიტიკური ძალების მხარდაჭერით დამტკიცდა ასეთი უსუსური მთავრობა. კენჭისყრის შედეგების გამოქვეყნებით ფრაქციები მთავრობაზე პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობდნენ. მეორე მხრივ კი, ყველა ერთხმად ადასტურებდა, რომ ახალი მთავრობა დროებითია. რამდენად დროებითი აღმოჩნდება გასული წლის ბოლოს დამტკიცებული მთავრობა, არსებითად არის დამოკიდებული პოლიტიკურ პროცესზე.


ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც პარლამენტში შეთანხმება არსებობს, აღმასრულებელი ხელისუფლების არსებული სისტემის არაეფექტურობაა. თუმცა, როდესაც პრეზიდენტმა გასული წლის ბოლოს საკანონმდებლო ორგანოს გაერთიანებული სამინისტროების ახალი სტრუქტურა წარუდგინა, მხოლოდ 11 პარლამენტარის მხარდაჭერა მიიღო. პროექტი ჩავარდა. აღმოჩნდა, რომ პოლიტიკოსები არ ემხრობიან მთავრობის სტრუქტურის მექანიკურ გამარტივებას და მზად არიან, სამთავრობო რეფორმას მხარი დაუჭირონ მხოლოდ მინისტრთა კაბინეტის შექმნის შემთხვევაში.

სხვათა შორის, მაშინ, როდესაც პარლამენტარები ამტკიცებდნენ, რომ რეალური სამთავრობო ცვლილებები გაზაფხულისთვის ან, უკიდურეს შემთხვევაში, შემოდგომისთვის იგეგმება, კონტროლის პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ - რევაზ შავიშვილმა - 10 დეკემბერს "რეზონანსში" თამამი პროგნოზი გამოაქვეყნა: "მე გარწმუნებთ, რომ ეს მთავრობა დროებითი არ არის. იგი 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე იარსებებს და, მინისტრთა კაბინეტის შექმნის შემთხვევაშიც კი, დღევანდელი მთავრობის 80% უცვლელად შენარჩუნდება".

მაგრამ მთავრობის რეფორმირება რეალურია, რადგან მინისტრთა კაბინეტის შექმნა ხელსაყრელია პოლიტიკური ძალებისთვის. რაკი განახლებული მთავრობა უფრო ძნელად დაექვემდებარებოდა მინისტრთა კაბინეტად გარდაქმნას, სწორედ ამ მოტივით თქვა უარი პარლამენტმა სტრუქტურის შეცვლაზეც და მთავრობის განახლებაზეც. ოღონდ, ერთი პირობით.

2002 წლის ბიუჯეტის მიღების წინ პარლამენტმა დაავალა სახელმწიფო მინისტრს, რომ მას უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის მოეხსენებინა ბიუჯეტის შესრულების ოთხი თვის შედეგები. თუ მთავრობა ბიუჯეტს ვერ შეასრულებდა, სრული შემადგენლობით უნდა გადამდგარიყო. ამ პირობით პოლიტიკურმა ძალებმა აამოქმედეს მთავრობის პასუხისმგებლობის მექანიზმი, რომელსაც, საჭიროებისამებრ, ან გამოიყენებდნენ, ან მიივიწყებდნენ.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის შემდეგ პარლამენტში ძალთა გადანაწილება ჯერ არ დასრულებულა. ერთი მხრივ, გაურკვეველია ჟვანიასა და სააკაშვილის ურთიერთობა; მეორე მხრივ, ბუნდოვანია, ვინ არის "ახლების" სტრატეგიული მოკავშირე; მესამე მხრივ კი, პარლამენტში ახალი პოლიტიკური ცენტრი შეიქმნა ვაჟა ლორთქიფანიძის ირგვლივ. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის - ნინო ბურჯანაძის - მომხრე და მოწინააღმდეგე ძალებს შორის სადავო საკითხები ყოველთვის იმათ სასარგებლოდ წყდებოდა, ვისაც მხარს უჭერდნენ სწორედ პოლიტიკურად ნეიტრალური ფრაქციები “აფხაზეთი” და “ახალი აფხაზეთი”.

საფიქრებელია, რომ მთავრობასა და პოლიტიკურ ძალებს შორის სამომავლო ურთიერთობის სცენარს საფუძვლად დაედება პოლიტიკური ძალების მზადყოფნა მორიგი სახელისუფლო გადანაწილებისთვის. დღეს დიდი სიმჭიდროვეა ოპოზიციურ ფლანგზე. ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს, გაემიჯნოს ხელისუფლებას. იმავდროულად, პარტიები სანდო პარტნიორებს ეძებენ. ვიდრე პოლიტიკური სპექტრის დალაგების პროცესი მიმდინარეობს, მთავრობას არავინ შეეხება და სამთავრობო კრიზისიც მოსალოდნელი არ არის. მაგრამ როგორც კი რომელიმე პოლიტიკური ბანაკი, ბლოკი ან ფრონტი იგრძნობს საკმაო ძალას მთავრობის დასაკომპლექტებლად, მაშინვე დაიწყება ბრძოლა არა ოპოზიციონერობისათვის, არამედ - ხელისუფლებისთვის. იმავდროულად, იქნება მცდელობა, რომ გამოვლინდეს ან, სულაც, ხელოვნურად შეიქმნას სამთავრობო კრიზისი.

ვიდრე პრეზიდენტისთვის სამთავრობო კრიზისი და სახელისუფლო გადანაწილება მიუღებელია, იგი შეეცდება, ფრაგმენტული და ხშირი ცვლილებების ხარჯზე შეინარჩუნოს პოლიტიკურად ნეიტრალური მთავრობა. ცვლილებები კი იქნება ისეთი, როგორიც სახელმწიფო მინისტრს დაეხმარება, შეასრულოს სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები და გადაარჩინოს მთავრობა.

თუკი ახალი სახელისუფლო გადანაწილებისთვის პარლამენტი მზად არ იყო გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ საამისო მზადყოფნა არც დღეს არსებობს. ამიტომ, საფიქრებელია, რომ პარლამენტი ჯერჯერობით არ გაამწვავებს სამთავრობო კრიზისის თემას და, აქედან გამომდინარე, ნებსით თუ უნებლიეთ, მხარს დაუჭერს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ სამთავრობო ცვლილებას – ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროთა გაერთიანებას. სხვაგვარად თუ ვიტყვით, მიმდინარე ეტაპზე პარლამენტი, ერთი მხრივ, გააძლიერებს ავთანდილ ჯორბენაძეს და, მეორე მხრივ, სწორედ ჯორბენაძეს გამოკვეთს ცენტრალურ პასუხისმგებელ ფიგურად, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, გადააყოლებს კიდეც მთელ მთავრობას.
XS
SM
MD
LG