Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღევანდელ მიმოხილვაში შევეხებით ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებაში მომხდარ ცვლილებებს, საქართველოს შეიარაღებული


გიორგი კაკაბაძე, თბილისი დღევანდელ მიმოხილვაში შევეხებით ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებაში მომხდარ ცვლილებებს, საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის ამერიკის მიერ გაწეულ დახმარებასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს,

აგრეთვე, 25 აპრილის მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებს.

3 მაისის გაზეთი “რეზონანსი” წერს, რომ “წინა დღეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სენსაციური გადაწყვეტილება მიიღეს. აპრილის ბიუჯეტის ორი მილიონით გარღვევის გამო თანამდებობები დატოვეს ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და საგადასახადო შემოსავლების მინისტრმა ლევან ძნელაძემ.
სახელმწიფო კანცელარიასთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, ორი მინისტრის მოხსნის საკითხი, დიდი ხანია, დღის წესრიგში იდგა”.

გაზეთის თქმით, “ნოღაიდელის ბედი მოქალაქეთა კავშირსა და პრეზიდენტს შორის არსებულმა დაპირისპირებამ განსაზღვრა, ხოლო ლევან ძნელაძეს საჯაიას გუნდის წევრად მიიჩნევდნენ.

საერთოდ, პრეზიდენტი და ახალი სახელმწიფო მინისტრი მთავრობის გადახალისების გაგრძელებას აპირებენ. როგორც ამბობენ, მოსახსნელთა სიაში კიდევ რამდენიმე მინისტრია. უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს, ასევე, გადაწყვეტილება საგადასახადო შემოსავლების და ფინანსთა სამინისტროს შეერთების შესახებ”.

შემდეგ “რეზონანსი” შენიშნავს: “ათი წლის განმავლობაში ეს სამინისტროები იმდენჯერ შეაერთეს და გაყვეს, რომ ამის აღწერას მაღალხარისხიანი დიპლომის მქონე ისტორიკოსის ჩარევის გარეშე ვერ შევძლებთ. მირიან გოგიაშვილს დღეს, კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად, ყველაზე კორუმპირებულ სამინისტროებს ჩააბარებენ. ვნახოთ, რამდენ ხანს შერჩება კორუფციასთან მებრძოლის სახე. ფაქტია, რომ მისი წასვლით მნიშვნელოვნად დასუსტდება ანტიკორუფციული ბიურო”.

3 მაისის “დილის გაზეთის” თქმით, “ამერიკელ ინსტრუქტორთა პირველი ჯგუფის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ ვაშინგტონმა ოფიციალური თბილისისაგან დაჟინებით მოითხოვა (და მიიღო კიდეც) გარანტია საქართველოს სპეცდანიშნულების ქვედანაყოფთა არგამოყენებაზე აფხაზ სეპარატისტთა წინააღმდეგ”.

გაზეთის აზრით, ეს არ ნიშნავს, თითქოს შეერთებული შტატები გვიკრძალავს, ზოგადად, აფხაზეთის კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაწყვეტას, მაგრამ მოითხოვს, რომ მისი სახელი არ დაუკავშირდეს ახალ ომს აფხაზეთში.

შემდეგ გაზეთი წერს: “მეორე მხრივ, ამერიკის ხელისუფლება (მათ შორის, სამხედრო სარდლობა) გულისხმობს, რომ თუ საქართველოს მოუწევს თავდაცვა ნებისმიერი აგრესიისგან, რა თქმა უნდა, მას სრული უფლება ექნება, ქვედანაყოფები გამოიყვანოს, ხოლო პენტაგონი ამას არა თუ მიესალმება, არამედ აქტიურად დაუჭერს მხარს თავდაცვით ღონისძიებებს”.

წერილში ხაზგასმულია ამერიკული სამხედრო დახმარების მნიშვნელობა ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფების ჩამოყალიბების საქმეში.

”დილის გაზეთი” აღნიშნავს, რომ “ამ თვალსაზრისით, “აღჭურვისა და წვრთნის” პროგრამა, მართლაც, ძალზე მნიშვნელოვანია. საკმარისია ითქვას, რომ პენტაგონმა საქართველოს შეიარაღებულ ძალთა ბრძოლისუნარიანობის გაზრდისთვის გამოჰყო 60 მილიონი დოლარი, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი.”

გაზეთის ცნობით, “ამ ეტაპზე მიმდინარეობს საცხოვრებელი ადგილების, კომუნიკაციების და სხვა ინფრასტრუქტურის შემოწმება. როგორც ჩანს, “მწვანე ბერეტები” მაისის შუა რიცხვებში ჩამოვლენ. ამჟამად ისინი სწავლობენ საქართველოს თავისებურებებს, ისტორიას და ქართულ ენასაც კი, რაც ჩვეულებრივი პრაქტიკაა ამერიკელთათვის.”

გარდა ამისა,“დილის გაზეთი” წერს, რომ “ამერიკის სამხედრო უწყება სხვა ტრადიციასაც იცავს. იგი მოითხოვს, თანამშრომლობა კოოპერაციული იყოს, ანუ საქართველომ აუცილებლად გაიღოს სახსრები ამავე პროგრამის განხორციელებისას. ამით ხდება პასუხისმგებლობის გადანაწილება. ფინანსთა სამინისტრომ მიიღო დავალება, გამოჰყოს 5 მილიონი ლარი ამავე პროგრამის ფარგლებში. მაგრამ ამერიკელთა წილი, როგორც აღინიშნა, გაცილებით მეტია. ისინი არა მხოლოდ წვრთნით ეხმარებიან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, არამედ იარაღითაც. დღემდე სამხედრო კატარღებსა და ვერტმფრენებს გვჩუქნიდნენ. შეიარაღების გადმოცემა (თუნდაც, მსუბუქი იარაღისა) 10-ბალიან შკალაზე – 2-3 ბალის ტოლფასი თანამშრომლობაა, ჯერჯერობით.
გაიზრდება თუ არა თანამშრომლობის ხარისხი, მომავალი გვიჩვენებს.”

2 მაისის გაზეთ “ჯორჯიან ტაიმსის” თქმით, “თბილისში მომხდარმა მიწისძვრამ კიდევ უფრო დიდი პრობლემები გაუჩინა ისედაც დაბეჩავებულ დედაქალაქს. ნახევრად დანგრეული და დაბზარული შენობები დასანგრევია და მის ადგილზე ახალი მშენებლობის დაწყებაა აუცილებელი. ჯიბეცარიელი თბილისის მერია იძულებული გახდა, ხელი გაიშვიროს და უსახლკაროდ დარჩენილი თბილისელები როგორმე საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილოს”.

“თავიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი მილიონობით თანხის ჩარიცხვას აპირებდა მიწისძვრით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად შექმნილ ფონდში, თუმცა ბოლო დღეებამდე ამ ფონდში მხოლოდ 1300 დოლარი იყო ჩარიცხული. მოგვიანებით ფონდმა ნელ-ნელა შესუქება დაიწყო, მაგრამ რეალურ ზარალთან შედარებით ეს მატება მაინც ზღვაში წვეთია. ასორმოცი მილიონი ამერიკული დოლარი – იმ თანხას შეადგენს, რომელიც მიწისძვრის შემდეგ სპეციალურმა კომისიამ დაიანგარიშა.”

გაზეთის ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაზიანდა 2500 შენობა, რომელთაგან 200-ზე მეტი მთლიანად დასანგრევია. უსახლკაროდ დარჩა ასობით ოჯახი.

“ჯორჯიან ტაიმსი” აღნიშნავს, რომ “სხვადასხვა ქვეყნიდან დახმარების ნაკადი ნელ-ნელა იწყება, თუმცა ასორმოცი მილიონი დოლარის შეგროვება მაინც არარეალურად აღიქმება”.

გაზეთის თქმით, “თბილისის მერიის წინაშე ამჟამად ახალი პრობლემა გაჩნდა. თავის დროზე მშენებარე კორპუსებში შესახლებული დევნილები შიშობენ, რომ მიწისძვრისგან დაზარალებული ადამიანების დასაბინავებლად ცარიელი ოთახების ძებნით გახელებული მერიის ხელმძღვანელობა დღე-დღეზე მიადგება მათ და ბინის დაცლას მოსთხოვს. წნეხის ქვეშ მყოფი მერიის პირველადი ამოცანა ახლა მიწისძვრისგან დაზარალებული ადამიანების დაბინავებაა. ამიტომ წლების მანძილზე არსებული დევნილთა პრობლემა მერიისთვის მეორეხარისხოვანი ხდება”.

თუმცა, მერიის პრესცენტრის ხელმძღვანელმა სოფო ნარჩემაშვილმა “ჯორჯიან ტაიმსს” განუცხადა, რომ “დევნილებთან მერიას ჯერჯერობით არანაირი პრობლემა არ შექმნია”. მისი თქმით, “მერია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მიწისძვრით დაზარალებულებთან ერთად დევნილთა პრობლემებსაც მიხედოს”.

4 მაისის “დილის გაზეთი” გვთავაზობს ინტერვიუს თბილისის მერთან - ვანო ზოდელავასთან. კითხვაზე – 3 მაისს შტაბის შემაჯამებელი შეხვედრა გქონდათ. რის გაკეთება შეძელით ამ მცირე დროში? – ვანო ზოდელავამ უპასუხა:

“ძალიან ბევრი შეიძლება ვერ შევძელით, მაგრამ რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, გავაკეთეთ. იქიდან დავიწყებ, რაზეც კამათი წარმოიშვა. თანხა გვაქვს მილიონ სამასი ათასი. ეს მილიონიც დღეს დაჯდა ანგარიშზე. ფაქტობრივად, ფული არა გვაქვს. რაც გვაქვს, იმის განაწილებაც ჯერ არ დაწყებულა. ჩვენ მოვიწვიეთ საპატიო მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მრჩეველთა საბჭო, ჟურნალისტები, ყველა პროცესი გამჭვირვალე იქნება. ის, რასაც სახელმწიფო კანცელარია გვეუბნება, რომ აღდგენითი სამუშაოები დავიწყოთ, არასწორია. რაც დასანგრევია, უნდა დაინგრეს. ვინ ააშენებს სახლებს, ეს თავად ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. დღევანდელი მონაცემებით, უკვე 250 ოჯახი დავაკმაყოფილეთ, დროებითი თავშესაფარი მივეცით. არჩევის საშუალება ჩვენ არა გვაქვს. როცა სახლები აშენდება, ისინი თვითონ გადაწყვეტენ, სად დარჩნენ.

ვანო ზოდელავამ “დილის გაზეთს” აგრეთვე განუცხადა, რომ, პოლიტიკოსების და ბიზნესმენების მიერ გაკეთებული განცხადებების მუხედავად, ქალაქის ბიუჯეტში ჯერჯერობით არც ერთი თეთრი არ ჩარიცხულა. მისი თქმით, თბილისის მერიას ჩინეთის საელჩომ 50 ათასი დოლარი გადასცა, ასევე, გარკვეული თანხები გადარიცხა რკინიგზის დეპარტამენტმა და ფოთის ნავსადგურმა. ეს არის ძირითადი შენატანები.
XS
SM
MD
LG