Accessibility links

logo-print

სპეციალური სააღდგომო პროგრამა


სოზარ სუბელიანი, თბილისი [გალობა: ანსამბლი “ალილო”] “ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთგრუნველი, და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი”.

ქრისტიანობის ძალა სწორედ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეა და ის ახალი სიცოცხლე, რომელიც მან სიკვდილის ტყვეობაში მოქცეულ ადამიანს მიანიჭა. ამიტომ გალობს ეკლესია ყოველწლიურად ერთსა და იმავე საგალობელს, რომლის შინაარსის მიღება და დაჯერება ადამიანური გონებისთვის თითქოს შეუძლებელია, მაგრამ ქრისტიანობა სწორედ ამ სიტყვების ჭეშმარიტებაზეა დამყარებული: უკვდავი მოკვდა, რათა თავისი სიკვდილით სიკვდილი დაეთრგუნა და სიკვდილის სამეფოში სიცოცხლე შეეტანა. ნეტარი კირილე, იერუსალიმის მთავარეპისკოპოსი, თავის ერთ-ერთ სააღდგომო საკითხავში ასე აღწერს ამ სურათს: “…მარტოი შთახდა ჯოჯოხეთსა და მრავალთა თანა ამოვიდა. განჰკრთა სიკვდილი, რაჟამს იხილა ახალი ვინმე და უცხოი შთამავალი ჯოჯოხეთსა, და საკვრელითა მით თვისითა ვერ დააყენა. რაისათვის, ჰოი მეკარენო ჯოჯოხეთისანო, ესე იხილეთ და შესძრწუნდით? ვინ არს ეგე, რომელმან შეგიპყრნა თქუენ უჩვეულომან შიშმან? შეძრწუნდა სიკვდილი და სივლტოლასა შიში იგი ამხილებდა… იხსენებოდეს ყოველნი მართალნი, რომელნი შთაენთქა სიკუდილსა და მაშინ თითოეულად წმიდანი იგი იტყოდეს: “სადა არს ძლევაი შენი, სიკვდილო? სადა არს საწერტელი შენი, ჯოჯოხეთო?” რამეთუ მიხსნნა ჩუენ ძლევისმყოფელმან.”

[გალობა: ანსამბლი “ალილო”] “ქრისტე აღსდგა… ჭეშმარიტად…”

ქრისტეს აღდგომით კაცობრიობას ეუწყა, რომ ადამიანი ამ წუთისოფელში უსასოოდ არ არის დარჩენილი; რომ არსებობს იმედი და ეს იმედი არის ქრისტე; რომ არის აღდგომა, რომლის თანაზიარიც ხდება ყველა ადამიანი. “სიკვდილის სიცოცხლეზე გამარჯვებას სათავე იესო ქრისტეს ჯვარცმით დაედო, – წერს სააღდგომო ეპისტოლეში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე. – თუ გვსურს, ამ გამარჯვების თანაზიარნი გავხდეთ, სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლოს უნდა ჩავწვდეთ და გავაცნობიეროთ, რომ აღდგომა ქრისტესი გულისხმობს თითოეული ჩვენგანის, ზოგადად, ყველა იმ ადამიანის აღდგომასაც, ვინც იცავს ქრისტეს მცნებებს და ვინც მისი მადლითაა აღვსილი, ანუ ვინც ცხოვრობს ქრისტეში.”

მაგრამ აღდგომა სწორედ თავისი საყოველთაოობით გამორჩეული დღესასწაულია. ყოველ აღდგომას ეკლესიაში იკითხება იოანე ოქროპირის ქადაგება, როგორც მოწოდება საყოველთაო სიხარულისკენ. “რომელმან იმარხა და რომელმან ვერ იმარხა, ყოველნივე ერთბამად განსცხრებოდნენ, – წერს კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი, – რამეთუ დღეს ტაბლა სავსე არს, იშუებდინ ყოველნი. ზუარაკი ჭამებული მზა არს, ნურავინ წარვალს მშიერი. ნურავინ ჰგოდებნ ცოდვათათვის, რამეთუ შემნდობელი ჩვენი აღმობრწყინდა საფლავით. წარმოსტყვევნა ჯოჯოხეთი, ჩახდა რა მას შინა... აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი, აღსდგა ქრისტე და იხარებდინ ანგელოზნი. აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქეობს.”

[გალობა: ანსამბლი “ალილო”] “ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთგრუნველი, და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი”.

“ჯვარცმა და აღდგომა არის ქრისტიანული თეოლოგიის გულისგული”, – ამბობს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი, რომელიც აღდგომის დღესასწაულს აღმოსავლური კალენდრით აღნიშნავს, იმ კალენდრით, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყენებს: [მალხაზ სონღულაშვილის ხმა] “ჯვარცმით ბოლო მოეღო ბოროტების ხელმწიფებას ადამიანზე. ბოროტება, როგორც ასეთი, რჩება წუთისოფელში, მაგრამ მისი ძალა წართმეულია იესო ქრისტეს მიერ, ცოდვის შენდობის ძალა მონიჭებულია ჯვარცმის გამო, ხოლო აღდგომა არის დადასტურება ამ ძალისა, რომელიც სიცოცხლის ნიშანია. მაცხოვარი მკვდრეთით აღდგა და ეს არის წინასწარ უწყება, შეგონება, დარიგება, გაფრთხილება, რომ ადამიანი ამ წუთისოფლად უსასოოდ არ არის დარჩენილი. ადამიანი, კიდეც რომ მოკვდეს ამ წუთისოფლად, იწყებს ახალ ცხოვრებას; ადამიანი კვდება იმისათვის, რომ დაიწყოს სიცოცხლე მას შემდეგ, რაც აირჩევს თავისი ცხოვრების გზად მაცხოვარ იესო ქრისტეს. ეს არის აღდგომის ძალა.”

1982 წლის სააღდგომო ეპისტოლეში კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ლაპარაკობს ეკლესიის ერთიანობაზე და იმ მისიაზე, რომელიც ეკლესიას აკისრია ერის გამთლიანების საქმეში. უწმინდესი პატრიარქი იმოწმებს მეორე საუკუნის წმინდა მამის ირინეოს ლიონელის სიტყვებს: “ეკლესიამ, თუმცა კი იგი განფენილია ქვეყნის კიდიდან კიდემდე, მიიღო მოციქულთაგან და მათი მოწაფეებისგან რწმენა. ამ რწმენას და ქადაგებას ეკლესია მტკიცედ ინახავს, როგორც ერთ ჭერქვეშ მცხოვრები ოჯახი და სწამს, როგორც ერთი სულისა და გულის მქონეს… თუმცა ერები მსოფლიოში სხვადასხვაა, მათი გადმოცემის ძალა ერთი და იგივეა. არც ეკლესიებს, დაფუძნებულთ გერმანულ ქვეყნებში, არც ივერიის ეკლესიებს, არც კელტებს, არც აღმოსავლეთში, არც ეგვიპტეში, არც ლიბიაში… განსხვავებულად არ სწამთ; როგორც მზე, ქმნილება ღვთისა, ქვეყანაზე ერთი და იგივეა, ასევე ქადაგება ჭეშმარიტებისა ყველგან ანათებს და განანათლებს ყოველთა კაცთა, რომელთაც სურთ შეცნობა ჭეშმარიტებისა.”

ქრისტეს აღდგომა არის სიმბოლო და საფუძველი ყველა ადამიანის ერთიანობისა, ხოლო აღდგომის გამაერთიანებელი ძალა მაშინვე გამოჩნდა, როცა, ამ 2000 წლის წინ, ანგელოსმა იესოს აღდგომის შესახებ პირველად ახარა მარიამ მაგდალინელს. ეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის თქმით, აღდგომის ერთ-ერთი თავისებურება სწორედ მისი გამაერთიანებელი ძალაა, რის შესახებაც თავის სააღდგომო ქადაგებაში იოანე ოქროპირი ლაპარაკობს: [მალხაზ სონღულაშვილის ხმა] “თავისებურება აღდგომისა კიდევ ის არის, რომ როდესაც მაცხოვარი მკვდრეთით აღდგა, ის ხალხი, რომელიც მანამდე დაწიოკებული იყო, მიმოფანტული იყო, ვინ სად იყო დამალული, არავინ იცოდა, ისევ ერთად მოვიდნენ. ეს ერთი იოანე გახლდათ იესოს ყველაზე დიდი მქადაგებელი, ეს სამი – პეტრე, იაკობი და იოანე უფრო მეტად მოვიდნენ იესოსთან, 12 მოვიდა, 70 მოვიდა, 500 მოვიდა, მეტნი მოვიდნენ, რადგან ყველა ეზიარა აღდგომის მოწმობას, ყველამ ნახა მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი…”

“ეკლესიის ვალია ერის გაერთიანება”, – წერდა იმავე 1982 წლის სააღდგომო ეპისტოლეში ილია მეორე, რომლის მიმართვის ობიექტიც მთელი ერი იყო: “განსაკუთრებული სიყვარულითა და მხურვალე გრძნობით მოგმართავთ თქვენ, ძმებო, მცხოვრებნო სამშობლოს გარეთ, მოგმართავთ თქვენ, მუსულმანებო და ქრისტიანებო, ჩვენ სისხლითა და ხორცით ერთნი ვართ, მიუხედავად ჩვენი რელიგიური შეხედულებებისა… ნუ დაივიწყებთ, ვინ ხართ, სადაურნი ხართ, გახსოვდეთ ღვთისგან დალოცვილი ქართული ენა და საუკუნეთა მანძილზე ნაკურთხი ქართული ტრადიციები; გახსოვდეთ, ჩვენი სიძულვილისა და სულიერი გაყოფის დაძლევა შეიძლება მხოლოდ სიყვარულით, რომლითაც ასე უხვად დაგვაჯილდოვა უზენაესმა.”

უწმინდესი პატრიარქი წლევანდელ სააღდგომო ეპისტოლეშიც ლაპარაკობს ამავე ღირებულებებზე და ეკლესიის მისიაზე, შეინარჩუნოს საუკუნეობით დამკვიდრებული ტრადიცია: “დღეს ჩვენი ხალხის რელიგიური გამოღვიძებისა და ეროვნული ღირებულებების აღორძინების საინტერესო და, ამავე დროს, რთული პროცესი მიმდინარეობს. შეიძლება კი წარმოდგენა საქართველოსი და ქართველი ხალხისა ჩვენი სარწმუნოებისა და ჩვენი ურთიერთობების, ჩვენი ტრადიციებისა და ოჯახური ყოფის გარეშე?!.. ის ცხრა სათნოება, რომელთა შესახებაც ბრძანებს მოციქული პავლე, იყო მთავარი ორიენტირი ჩვენი დიდებული წინაპრებისთვის და ჩვენი და ჩვენი შვილების ცხოვრების საფუძვლადაც უნდა იქცეს...”

მალხაზ სონღულაშვილის თქმით, სწორედ ქართული ტრადიციებისადმი პატივისცემისა და ერთიანობისკენ სწრაფვის გამო ხდება, რომ საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია აღდგომას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად, ამოსავლური სტილით დღესასწაულობს:

[მალხაზ სონღულაშვილის ხმა] “რატომ აღნიშნავს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია აღდგომას აღმოსავლური კალენდრით და არა დასავლური კალენდრით, როგორც აღნიშნავს დასავლეთის ყველა ეკლესია და, მათ შორის, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიებიც მთელ მსოფლიოში? საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია მიიჩნევს, რომ ჩვენ ვართ განუყრელი ნაწილი ქართული კულტურისა და ქართულ კულტურაში გადამწყვეტ როლს ასრულებდა და ასრულებს მართლმადიდებლობა, როგორც მოვლენა. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენ არა ვართ გამოკერძოებული ნაწილი ქართველობისა, ჩვენც ისეთივე ქართველები ვართ, როგორც ყველა და, ამიტომ, როცა ქართველობის უმეტესი ნაწილი აღნიშნავს ადგომის დღესასწაულს, ჩვენც გვინდა, რომ მათთან ერთად აღვნიშნოთ, თუმცაღა, კარგად გვესმის დასავლური კალენდრის უპირატესობა აღმოსავლურთან შედარებით, როდესაც აღდგომის დღესასწაულზეა ლაპარაკი.”

“იხარებდინ დღეს ეკლესიაი და ნაშობნი თვისნი!” – წერს იოანე ოქროპირი სააღდგომო ქადაგებაში და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქიც სიხარულის სიტყვებით ამთავრებს თავის ეპისტოლეს: “ყველას გილოცავთ სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების დიად ზეიმს და გახარებთ მარადიული სიხარულის მომანიჭებელ სიტყვებს:
ქრისტე აღსდგა!”
XS
SM
MD
LG