Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პრეზიდენტი ისევ შირაკია


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა საფრანგეთის პრეზიდენტი ისევ ჟაკ შირაკია. ასეთი უპირატესობით გამარჯვება საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის ისტორიას არ ახსოვს. მან ხმების 82 პროცენტზე მეტი მოაგროვა.

მისმა მეტოქემ, ექსტრემისტმა ლე პენმა, რომელმაც შოკში ჩააგდო საფრანგეთი იმით, რომ მოახერხა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასვლა, პირველ რაუნდთან შედარებით ოდნავ უფრო მეტი ხმა – 18 პროცენტი მოაგროვა.

შირაკი საარჩევნო უბნების დახურვიდან 20 წუთის შემდეგ გამოვიდა გამარჯვებულის სიტყვით. მან პირობა დადო, რომ გაამართლებს საარჩევნო კამპანიის დაპირებებს –შეამციროს დამნაშავეობა, შეკვეცოს გადასახადები და გააძლიეროს სახელმწიფოს ავტორიტეტი.

მაგრამ შირაკის გამარჯვება აბსოლუტური არ არის. ბევრმა ამომრჩეველმა თქვა, რომ მისცა ხმა შირაკს მხოლოდ იმიტომ, რომ საფრანგეთი ულტრა-მემარჯვენეთა ბასტიონად არ გადაიქცეს.

სოციალიტების ლიდერებმა, რომლებიც დაირაზმნენ შირაკის დროშის ქვეშ, რათა ლე პენი არ გასულიყო, არჩევნების დამთავრებითანავე განაცხადეს, რომ შირაკის მიმართ მათი მხარდაჭერა ამით დამთავრდა.

“მემარჯვენეებს არ უნდა ეგონოთ, რომ ქვეყანა მათ უჭერს მხარს. შირაკი მისი პლატფორმის გამო არ აურჩევიათ, არამედ ერთი უბრალო მიზეზით: დემოკრატია უნდა გაგრძელდეს,” თქვა სოციალისტური პარტიის პირველმა მდივანმა ფრანსუა ოლანდმა.

შემდეგი დაპირისპირება ივნისის საპარლამენტო არჩევნებშია მოსალოდნელი. თუ შირაკის ფრთა მიიღებს უმრავლესობას, მას მიეცემა ფართო უფლებამოსილება საკუთარი ხაზი.გაატაროს. თუ სოციალისტები მიიღებენ უმრავლესობას, შირაკი კვლავ აღმოჩნდება განზე. როცა პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური ოპონენტები არიან, პრეზიდენტი განაგებს სამხედრო და საგარეო პოლიტიკას, პრემიერ-მინისტრი კი მთავრობას უძღვება.

საპარლამენტო არჩევნებში სოციალისტებს ახალი ლიდერი ეყოლებათ, ვინაიდან მათი საპრეზიდენტო კანდიდანტი ლიონელ ჟოსპენი გადადგა მას შემდეგ, რაც ლე პენმა პირველ ტურში გაუსწრო მას.

ლე პენმა, რომელიც შირაკის შემდეგ გამოვიდა, თქვა, რომ ის ტოტალიტარული მეთოდების მსხვერპლია, რომ მედია უპატიოსნოდ აშუქებდა მის კამპანიას და რომ სკოლის მოწაფეები გამოიყვანეს მის წინააღმდეგ დემონსტრაციებში.

პირველ რაუნდში ლე პენს 4 მილიონ 800 ათასმა ამომოჩეველმა მიცა ხმა, მაშინ როცა უკიდურესი მემარჯვენე ფრთის მეორე კანდიდატმა 667 ათასი ხმა მიიღო. ჯამში ექსტრემიტებს 5,5 მილიონმა დაუჭირა მხარი. მეორე რაუნდში ლე პენტს 5,8 მილიონმა უყარა კენჭი. ეს დამატებითი ხმები უმთავრესად მოვიდა ხმელთაშუაზღვის რეგიონიდან, სადაც მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევს იმიგრანტების დიდი რიცხვი.

მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, როცა მემარცხენეთა და მემარჯვენეთა გზები გაიყრება, ლე პენი მიზნად ისახავს თავისი პარტია – ეროვნული ფრონტი – მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად გადააქციოს.

“მე მაქვს მოთმინება და დიდი ხნის ცდა არ დაჭირდება ამ პათოლგიური კოალიციის დაშლასო”, თქვა მან.
XS
SM
MD
LG