Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი მოქალაქეთა კავშირს კვლავ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად მიიჩნევს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი მოქალაქეთა კავშირის რეგისტრაციის შეჩერების ირგვლივ შექმნილი სკანდალი, სავარაუდოდ, 7 მაისს დასრულდება, მოქალაქეთა კავშირის საპასუხო სარჩელის შეტანით უზენაეს სასამართლოში.

ყოფილი მმართველი პარტიის რეფორმატორული ფრთის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ უზენაესი სასამართლო გააუქმებს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოქალაქეთა კავშირის რეგისტრაციის შეჩერების შესახებ.

ჯერჯერობით მოქალაქეთა კავშირის ე.წ. რეფორმატორთა ჯგუფის წარმომადგენლებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლიანობისა სჯერათ და არ ეეჭვებათ, რომ 7 მაისს იგი გააუქმებს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოქალაქეთა კავშირისთვის რეგისტრაციის შეჩერების შესახებ. იმ შემთხვევაში კი, თუ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, მათი აზრით, საერთაშორისო სკანდალი გარანტირებული იქნება. მოქალაქეთა კავშირის პოლიტიკური მდივნის, პარლამენტარ ვასილ მაღლაფერიძის შენიშვნით, საქართველო იმ უნიკალურ ქვეყნად იქცევა, სადაც იმ პარტიას შეუჩერებენ რეგისტრაციას, რომლის წევრიც თავად პრეზიდენტია.
თავად პრეზიდენტი და მოქალაქეთა კავშირის რიგითი წევრი ედუარდ შევარდნაძე მისი ინიციატივით შექმნილ პარტიაში პრობლემების მოგვარებას შესაძლებლად მიიჩნევს. 6 მაისის რადიოინტერვიუში მან განაცხადა:
[ ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ ჩემი აზრით, გადაუწყვეტი პრობლემები არ არსებობს. თუ სერიოზულად შევხედავთ ამ პარტიის, ამ მოძრაობის ინტერესებს, არ არის გადაუწყვეტი პრობლემები, თუ პრიორიტეტი იქნება ქვეყნის ინტერესები და არა პირადი ამბიციები ან სუბიექტური სიმპათია-ანტიპათია. გაუმართლებელია იმაზე საუბარი, რომ მე ამა და ამ მოღვაწესთან ერთად ვერ ვიმუშავებ და ა.შ. პოლიტიკაში ასეთი რამ დაუშვებელია.”

მისივე აზრით, ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს, ეს პარტიის გახლეჩაა. ამავე დროს, შევარდნაძის აზრით, ეს პარტიის სიძლიერეს ვერ დააკნინებს.
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “აუცილებელია, მოქალაქეთა კავშირმა თავი შეინარჩუნოს, როგორც ერთიანმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ და კვლავ გამოხატოს საზოგადოების მრავალი ფენის ინტერესები. თუ ეს ასე მოხდა, მოქალაქეთა კავშირს რჩება შანსი, ღირსეული ადგილი შეინარჩუნოს საქართველოს პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ისე, თუ რომელიმე ჯგუფი გავა და წავა პარტიიდან, კალთებს, ალბათ, არავის დააგლეჯენ, მაგრამ პარტია, მე მაინც მგონია, დარჩება, როგორც ერთ-ერთი სერიოზული ძალა.”

ძნელი მისახვედრი არ გახლავთ, ვისი კალთების დაგლეჯას არ აპირებს პრეზიდენტი. ბოლო დროს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ზურაბ ჟვანიას არაერთხელ განუცხადებია, რომ, თუ მოქალაქეთა კავშირი არ გათავისუფლდება იმ წევრებისგან, ვინც რეფორმებს ეწინააღმდეგება – პირველ რიგში, ამ კატეგორიის ადამიანებში იგი ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულ ლევან მამალაძეს გულისხმობს – იგი და მისი თანამოაზრეები პარტიას დატოვებენ. სხვა საკითხია, რომ ასეთ შემთხვევაში ჟვანიას გუნდად წოდებულნი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ნამდვილად გამოეთიშებიან. დარჩენილ დროში ისინი სხვა პარტიების სიებსაც ვერ შეეკედლებიან.
არცთუ დიდი ხნის წინათ ჯერ კიდევ სიცოცხლისუნარიანი იყო მოსაზრება ჟვანიასა და სააკაშვილის შესაძლო თანამშრომლობის შესახებ. თუმცა ეს ორი პოლიტიკოსი იმდენად გულგრილ დამოკიდებულებას ავლენს ერთმანეთის მიმართ, რომ საეჭვოა, მათი გაერთიანება უახლოეს ხანში მოხდეს. თანაც, ნაციონალური ფრონტი თავის საარჩევნო სიას 8 მაისს დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილ ყრილობაზე გაახმაურებს.
XS
SM
MD
LG