Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში რუსეთის ყოფილი ელჩის მოსაზრებები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის პოლიტიკოსთა ნაწილი ვერაფრით ეგუება პოზიციების დათმობას საქართველოში, ფაქტობრივად კი, სამხრეთი კავკასიის მთელ რეგიონში.

ამ პოლიტიკოსებს შორისაა რუსეთის ყოფილი ელჩი საქართველოში, ფელიქს სტანევსკი, რომელიც ამჟამად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების გამგედ მუშაობს. აღნიშნულ თემაზე იგი ჟურნალ “კონტინენტში” გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს.

ფელიქს სტანევსკის თქმით, კურსი, რომელსაც საქართველო მისდევს, არ გულისხმობს მხოლოდ პოლიტიკურ და სამხედრო დისტანცირებას რუსეთისაგან. მისი აზრით, საქართველო გამომწვევად იქცევა, რაც აშკარა ზიანს აყენებს რუსეთის ინტერესებს რეგიონში. ავტორი ამბობს, რომ, “ქართული ნაციონალიზმის თვალსაზრისით, რომელსაც ამჟამად საქართველოს უმაღლესი ხელმძღვანელობა განასახიერებს, ქვეყნის დამოუკიდებლობა - ესაა მხოლოდ რუსეთისგან და არა თურქეთისგან, ამერიკისგან, ევროკავშირისგან დამოუკიდებლობა. ნატოსა და დასავლეთის სხვა სტრუქტურებთან დაახლოების საფასურს წარმოადგენს რუსეთისათვის ზიანის მიყენება – საფასურის სხვაგვარად გადახდას ნაციონალისტები უბრალოდ ვერ ხედავენ. ამის შესახებ საუბრისას, რასაკვირველია, აუცილებელია განვასხვავოთ ქართული პოლიტიკური ელიტა და საქართველოს მოსახლეობა, რომლის უმრავლესობა სიმპათიით არის განწყობილი რუსეთის მიმართ”.

შემდეგ ავტორი წერს: “აშშ, რასაკვირველია, დაინტერესებულია, რომ რესპუბლიკის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ხელისუფლებაში დარჩეს. ამ მხრივ, ამერიკელი სამხედრო მრჩევლების გამოჩენა საქართველოში შეიძლება განვიხილოთ, როგორც ედუარდ შევარდნაძის მხარდაჭერა პრეზიდენტის პოსტის შესანარჩუნებლად. ამიტომ ოფიციალურმა თბილისმა, ფაქტობრივად, ინდულგენცია მიიღო როგორც გასული წლის ოქტომბერში კოდორის ხეობაში მომხდარ მოვლენებზე, ისე შევარდნაძის თბილ სიტყვებზე ჩეჩენ ბოევიკთა მეთაურის რუსლან გელაევის მისამართით, რომელმაც თავშესაფარი პოვა საქართველოს ტერიტორიაზე. ასეთი გამონათქვამების შესაძლებლობა, მოსალოდნელი “ანტიტერორისტული ოპერაციის” ფონზე, მრავლისმეტყველია. აშშ სხვას არავის მისცემდა უფლებას, ესოდენ ღიად დაეჭირა მხარი ტერორისტებისათვის.
ყოველივე ეს საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობას ადასტურებს.
აუცილებელია უბრალო ამბის გაცნობიერება” - ამბობს ფელიქს სტანევსკი და განაგრძობს:

“სამწუხაროდ, არის სიტუაციები, როცა საჭიროა არჩევანის გაკეთება არა კარგსა და ცუდს შორის, არამედ ცუდსა და ძალიან ცუდს შორის. პირველი ვარიანტი რუსეთმა ხელიდან გაუშვა, რადგან წლების განმავლობაში მისი მოქმედება რეგიონში არ ხასიათდებოდა ერთიანი პოლიტიკური ხაზით. ამჟამად, თუ გვსურს თავიდან ავიცილოთ მოვლენათა არასასურველი განვითარება, ის მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ აღარ დავეხმაროთ საქართველოს რუსეთისათვის ზიანის მიყენებაში. უპირველესად, საჭიროა შევუწყვიტით საქართველოს ელექტროენერგიის მიწოდება დაბალ ფასებში, როგორც ეს ახლა ხდება”.

ავტორის აზრით, რუსეთის ხელმძღვანელობას თავისუფლად შეუძლია ამგვარი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სიფრთხილეს იჩენს, რადგან არ სურს, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად დასცილდეს რუსეთს.
ფელიქს სტანევსკი არც აქ მალავს თავის გაღიზიანებას და აცხადებს, რომ ”შევარდნაძის რეჟიმი არ აპირებს რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებას, ამიტომ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობები მსოფლიოში მიღებული ნორმალური ფასებით უნდა წარმოებდეს.”

ავტორი რუსეთის დიპლომატიის მისამართითაც გამოთქვამს უკმაყოფილებას. მაგალითად, მისი აზრით, რუსეთი უნდა შეეწინააღმდეგოს მის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა ქართულ სტრუქტურას, რომელიც საქართველოს ინტერესებს ლობირებს.

ფელიქს სტანევსკის ნეგატიური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ აფხაზეთის პრობლემაზე მსჯელობის დროსაც ვლინდება. იგი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის პრობლემის მოგვარება არავითარ შედეგს არ გამოიღებს მანამ, სანამ მოლაპარაკების მთავარი საგანი აფხაზეთის სტატუსი იქნება. ავტორის თქმით, ”აფხაზეთს, ფაქტობრივად, სთავაზობენ, მიუერთდეს ნახევრად დანგრეულ ქვეყანას, რომლის ხელმძღვანელობას არ ძალუძს ნორმალური ურთიერთობების დამყარება იმ რეგიონებთანაც კი, რომლებიც ჯერ კიდევ მის შემადგენლობაში არიან”.

ფელიქს სტანევსკი, არსებითად, სეპარატისტების მხარდამჭერად გვევლინება, როცა უაზრობად მიიჩნევს აფხაზების მიერ საქართველოს პროტექტორატის აღიარებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსოფლიო საზოგადოება მნიშვნელოვან ზეწოლას მოახდენს სოხუმზე.
XS
SM
MD
LG