Accessibility links

logo-print

რა ასპარეზს სთავაზობს პრეზიდენტი ანტიკორუფციული საბჭოს ახალგაზრდა მდივანს და რას ელის მისგან


ფინანსთა და შემოსავლების სამინისტროების გაერთიანების შემდეგ ახალი გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელობა ანტიკორუფციული საბჭოს მდივანს მირიან გოგიაშვილს მოუწევს. ორშაბათს პრეზიდენტმა საჯაროდ დაადასტურა,

რომ მინისტრად დასამტკიცებლად პარლამენტს სწორედ გოგიაშვილის კანდიდატურას წარუდგენს. ასე რომ, ანტიკორუფციული საბჭოს მდივანს პრეზიდენტი ურთულეს და, ამავდროულად, სარისკო ასპარეზზე უშვებს. ამ ასპარეზზე მოღვაწეობას არც ერთი წინამორბედი მინისტრისთვის წარმატება არ მოუტანია.

ფინანსთა მინისტრის პოსტი საქართველოს მთავრობაში ყველაზე სარისკო პოსტია. ეს თანამდებობა, როგორც წესი, ყოველი მინისტრისთვის ის ზენიტი იყო, რომელსაც უცილობელი დაღმასვლა უნდა მოჰყოლოდა. ასე იყო იაკობიძის, ჭკუასელის, ონოფრიშვილის შემთხვევაში. შეუსრულებელ ბიუჯეტებზე პასუხისმგებელი ამ პირებისთვის სერიოზული პოსტები აღარავის შეუთავაზებია. წარმატებული ფინანსთა არც ერთი მინისტრი არ ყოფილა, თუმცა უკანასკნელ მათგანს ეყო გამბედაობა ეთქვა, რომ, სწორედაც, წარმატებული მინისტრი იყო და, რომ არა უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება, კიდევ ბევრი რამის გაკეთებას შეძლებდა. ასე იყო თუ ისე, მინისტრის პოსტთან განშორებისას ნოღაიდელმაც თქვა: “ბედნიერი ვარ, რადგან, როგორც მინისტრმა, რაღაცის გაკეთება შევძელი. ეს თანამდებობა ჩემს კარიერაში, ალბათ, უმაღლესი მწვერვალი იყოო.”
ასეთ მწვერვალს პრეზიდენტი ახლა უკვე მირიან გოგიაშვილს სთავაზობს, ანტიკორუფციული საბჭოს ახალგაზრდა მდივანს, რომელსაც აქამდე წარმატებულ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ.

“მირიან გოგიაშვილმა გაიარა კარგი სკოლა “მსოფლიო ბანკსა” და იაპონიაში მუშაობისას. კარგად იცნობს დასავლეთის ეკონომიკურ სისტემას. მან გამოიჩინა თავი კორუფციასთან ბრძოლაში, ახალ პოსტზე კი მოუწევს ომის გამოცხადება საფინანსო, საგადასახადო და საბაჟო სისტემებში არსებული კორუფციის წინააღმდეგ,” – განაცხადა პრეზიდენტმა 6 მაისის ტრადიციულ რადიოინტერვიუში და დაადასტურა, რომ ანტიკორუფციული საბჭოს მდივანს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველაზე სარისკო თანამდებობისთვის იმეტებს.

გამოითქმის მოსაზრება, რომ პრეზიდენტი გოგიაშვილს მომავალ შეუსრულებელ ბიუჯეტებს სწირავს. მაგრამ ანტიკორუფციული საბჭოს მდივანი პრეზიდენტის შეთავაზებაზე უარის თქმას არ აპირებს. სათანადო პროცედურის გავლის შემდეგ მას იმ სისტემის ჩაბარება მოუწევს, რომელშიც აქამდე გატარებულ არც ერთ ექსპერიმენტს არ გაუმართლებია. სხვათა შორის, თავად გოგიაშვილის გულშემატკივრებსაც უჭირთ პროგნოზირება, რამდენად შეძლებს მომავალი მინისტრი საფინანსო, საგადასახადო და საბაჟო სისტემებში მოქმედ კორუმპირებულებთან გამკლავებას, რადგან ერთია ბრძოლა ანტიკორუფციული საბჭოდან, მეორე კი - მინისტრის თანამდებობიდან.

მე შეგახსენებთ, რომ ამ ცოტა ხნის წინ მირიან გოგიაშვილი აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაციის ერთ-ერთ ინიციატორად გვევლინებოდა:

[მირიან გოგიაშვილის ხმა] “ეს არის რეალობა. ახალი ბიუჯეტი უნდა დაიგეგმოს შემცირებული სტრუქტურებით, ისე, რომ ყველას მიეცეს თავისი სარგო, როგორც ამას “შრომის კოდექსი” გვავალებს. სამინისტროების რაოდენობა შემცირდება, ფუნქციების დუბლირება კი არ მოხდება და გვეყოლება ყველაფერზე ერთიანი პასუხისმგებელი.

საინტერესოა, არის თუ არა შემოსავლებისა და ფინანსთა სამინისტროების გაერთიანება ამ გეგმის ნაწილი; არის თუ არა მოსალოდნელი სხვა ცვლილებებიც და გვეყოლება თუ არა ოდესმე მთავრობაში ყველაფერზე ერთიანი პასუხისმგებელი. მირიან გოგიაშვილს კი, არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს ბიუჯეტზე პასუხისმგებლობა ელის.
XS
SM
MD
LG