Accessibility links

logo-print

“ დემოკრატიული ფრონტის” წინასაარჩევნო მანევრი, ანუ რას ნიშნავს თბილისელებთან ხელშეკრულების გაფორმების ინიციატივა


“ნაციონალური მოძრაობა - დემოკარტიული ფრონტი” უჩვეულო წინასაარჩევნო ინიციატივით გამოდის. ამ ინიციატივის არსი თბილისელებთან კონტრაქტის გაფორმებაში მდგომარეობს, შემდეგი პირობით:

თუ ბლოკი “დემოკრატიული ფრონტი” თბილისის საკრებულოში უმრავლესობას მოიპოვებს და 1 წლის ვადაში ადგილობრივი არჩევნებისთვის შემუშავებულ პროგრამას ვერ შეასრულებს, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკური ლიდერები პოლიტიკიდან წავლენ. ასე ითქვა “დემოკრატიული ფრონტის” ყრილობაზე.

ადგილობრივი არჩევნების წინა პოლიტიკური მარათონი, ტრადიციულად, მრავალფეროვანი დაპირებების დემონსტრირებით მიმდინარეობს. მაგრამ ამჯერად ყურადღებას მხოლოდ ერთი მოძრაობის, ერთი პოლიტიკური ბლოკის საარჩევნო კამპანიაზე შევაჩერებთ, კერძოდ,” ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიულ ფრონტში” შემუშავებულ ხელშეკრულებაზე, რომლის ასლებიც თბილისელებს კარდაკარ უნდა დაურიგონ და ამით ხელშეკრულებას ერთ-ერთი მხარის მისია დააკისრონ.

“დემოკრატიული ფრონტის” მხრიდან თბილისსა და თბილისელებთან გასაფორმებელი კონტრაქტის არსი, ფრონტის ლიდერების განმარტებით, დაახლოებით, ისეთია, როგორსაც დიდგორის ომში დავით აღმაშენებლის მიერ გამოყენებული ტაქტიკა წარმოადგენდა.

[კობა დავითაშვილის ხმა] “ მაინც ჩახერგა ხეობა, რათა უკან დახევისა და ბრძოლის შეწყვეტის აზრი არ გამკრთალიყო. ჩვენც ამ ჩვენი პირობით უკან დასახევ გზას ვიხერგავთ. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე.”


7 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებილ ხალხმრავალ საზოგადოებას კობა დავითაშვილმა აუწყა, რომ “დემოკრატიული ფრონტი” უკანდასახევ გზას იჭრის და თბილისელებთან გასაფორმებელი კონტრაქტით იღებს ვალდებულებას: დედაქალაქის საკრებულოში უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში ყველაფერი გააკეთოს თბილისელების ნდობის გასამართლებლად, ამომრჩეველთა იმედების გაცრუების შემთხვევაში კი აღარ იფიქროს მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. კონტრაქტი ერთწლიანია. მასში ჩადებული დაპირებები კი ასეთია: წელიწადში სამჯერ ყველა თბილისელს ჰქონდეს უფასო სასწრაფო სამედიცინო მომსახურების საშუალება; სასკოლო სახელმძღვანელოების საფასურის ნახევარი დაიფაროს თბილისის ბიუჯეტიდან; შეკეთდეს საცხოვრებელი სახლების სახურავები; თბილისი გადაიქცეს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და წახალისების ზონად; დედაქალაქის წყლით მომარაგებისთვის აშენდეს 20 ახალი რეზერვუარი; კატეგორიული უარი ითქვას გაზის საფასურის გაზრდაზე; თბილისის იერსახის შენარჩუნებისა და თბილისელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მკაცრად გაკონტროლდეს ქალაქის მშენებლობა; ახალი შენობები აშენდეს 8-9 ბალიან მიწისძვრაზე გათვლით; ბიუროკრატიული აპარატისა და კორუფციის შეზღუდვის ხარჯზე, დედაქალაქის ბიუჯეტი გაიზარდოს 175 მილიონიდან 200 მილიონ ლარამდე და ასე შემდეგ.

ზუსტად ერთ წლის ვადაში ყველაფერი ამის მიღწევა “დემოკრატიული ფრონტის” პროგრამა მინიმუმია, პროგრამა მაქსიმუმს კი შევარდნაძის სისტემის დემონტაჟი წარმოადგენს. ყრილობის დიდი ნაწილი სწორედ პროგრამა მაქსიმუმზე საუბარს დაეთმო, დაახლოებით, ასეთი მიმართულებით:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ ვინ უშლის ხელს ჩვენს გათავისუფლებას? 2 ადამიანი: ედუარდ შევარდნაძე და ასლან აბაშიძე. კიდევ რა უნდა დამაბრალოს, კაი, შეგიძლიათ მე დამაბრალოთ, რომ ვარ ანტირელიგიური, სქესობრივი უმცირესობის წარმომადგენელი, ყველაფერი, თუნდაც სატანა, სატანის განსახიერება. ბაბუაჩემმა რა დააშავა?”

“დემოკრატიული ფრონტის” ყრილობაზე საარჩევნო სიის პრეზენტაცია არ მომხდარა.
XS
SM
MD
LG