Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური მკვლელობა ჰოლანდიაში


ანდრო ეული, პრაღა გავლენიანი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის, პიმ ფორტოინის მკვლელობამ ჰოლანდიაში კრიზისი გამოიწვია. მკვლელობა მოხდა ორშაბათს საღამოს, 9 დღით ადრე საპარლამენტო არჩევნებამდე,

რომელშიც დაღუპული პოლიტიკოსის ანტიიმიგრანტულ ”სიის” პარტიას, წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

ამსტრედამის მახლობლად მდებარე ქალაქ ჰილვერსუმის რადიოცენტრიდან გამოსულ ფორტოინს მკვლელმა ახლო მანძილიდან 6 ტყვია ესროლა თავსა და მკერდის არეში. პოლიციამ ამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი თეთრკანიანი მამაკაცი დააკავა, თუმცა მოტივი ამ საზარელი მკვლელობისა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა ვიმ კოკმა ღრმა სინანული გამოთქვა ამ მკვლელობის გამო [ვიმ კოკის ხმა]: ”გაოგნებული ვარ. ეს არის უდიდესი ტრაგედია იმ ადამიანებისთვის, ვინც მას იცნობდა. უაღრესად ტრაგიკულია ეს ჩვენი ქვეყნისთვის; ჩვენში დამკვიდრებული კანონის უზენაესობისთვისაც.”

პიმ ფორტოინის მკვლელობას გამოეხმაურნენ სხვა სახელმწიფოთა ლიდერებიც. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა გი ფერჰოფშტადტმა განაცხადა, ვერ წარმოვიდგენდი, თუ 21-ე საუკუნეში, ევროკავშირში, ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყოო.

ეს დასავლეთ ევროპაში თვალსაჩინო პოლიტიკოსის მკვლელობის პირველი შემთხვევაა 1986 წლის შემდეგ, როცა შეიარაღებულმა პირმა სტოკჰოლმში, შვეციის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ოლოფ პალმე მოკლა. ჰოლანდიის ქუჩებში საპროტესტო დემონსტრაციები იმართება. ორშაბათს ღამით ფორტოინის მომხრეები მისი სახლის წინ შეიკრბინენ ქალაქ როტერდამში. ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა: ”ჩვენ არ შევწყვეტთ ძალისხმევას. ორჯერ უფრო ძლიერნი ვართ, ვიდრე აქამდე ვიყავით და პიმი ტყუილად არ მოუკლავთ.”

თუმცა ზოგიერთი იმიგრანტი სულ სხვაგვარად აღიქვამს ამ ტრაგედიას. 19 წლის მოჰამად აბდულამ, რომელიც ჰოლანდიაშია დაბადებული, რეიტერის სააგენტოს უთხრა, რომ ფორტოინის მკვლელობა არ გაჰკვირვებია. ფორტოინი მან ფრანგ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს ჟან-მარი ლე პენს შეადარა.

თავად ფორტოინი ემიჯნებოდა ლე პენსა და სხვა ევროპელ უკიდურეს მემარჯვენე ლიდერებს და აცხადებდა, რომ არ მოითხოვს იმიგრანტების დაბრუნებას თავიანთ სამშობლოში, და რომ სურს, უბრალოდ შეწყდეს ჰოლანდიაში ემიგრანტების ჩასვლა. ”ჰოლანდია უცხოელებით გაივსოო” – ხშირად იმეორებდა პიმ ფორტოინი.

ფორტოინის მკვლელობა დაგმეს არა მხოლოდ ულტრამემარჯვენე პარტიებმა, არამედ ევროპის ყველა წამყვანმა პოლიტიკურმა ძალამ, განურჩევლად იდეოლოგიური მრწამსისა.
XS
SM
MD
LG