Accessibility links

წარმოადგენს თუ არა საფრთხეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბალტიის ზღვაში ჩაძირული ქიმიური იარაღი?


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ 57 წელი გავიდა, მაგრამ მან,

სხვა ომებისგან განსხვავებით, არა მარტო კაცობრიობის მეხსიერებაში დატოვა კვალი.

ომის დამთავრების შემდეგ გერმანიის ათასობით ტონა ქიმიური იარაღი ჩაძირეს ბალტიის ზღვაში. დღეს ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ზღვის ფსკერზე არსებული იარაღი საშიშროებას არ წარმოადგენს. სხვების აზრით კი არავინ უწყის, რა ეკოლოგიურ კატასტროფას გვიმზადებს ზღვაში ჩაძირული ქიმიური იარაღი. მით უმეტეს, რომ ჩაძირვის ზოგიერთი ადგილის შესახებ სანდო ინფორმაცია არ არსებობს.

აპრილის შუა რიცხვებში ლიტვის პარლამენტმა ჩაატარა სემინარი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბალტიის ზღვაში ჩაშვებულ გერმანიის ქიმიურ იარაღთან დაკავშირებულ პრობლემას მიეძღვნა. ის, რასაც საბჭოთა კავშირი დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა, დღეს შეიძლება ლიტვის ეკოლოგიას დაემუქროს. ამ იარაღის დიდი ნაწილი სწორედ ლიტვისა და ლატვიის ნაპირებთან ჩაძირეს.

ლიტვის პარლამენტმა გადაწყვიტა, შექმნას საგანგებო მუშა-ჯგუფი, რომელიც ამ პრობლემისთვის თავის გასართმევად საერთაშორისო დახმარების მოპოვებას შეეცდება.

1945 წელს მოკავშირეებს ხელში ჩაუვარდათ ნაცისტების ქიმიური იარაღის უზარმაზარი არსენალი (დაახლოებით 300 ათასი ტონა), რომელიც შეიცავდა მდოგვის გაზითა და სხვა მომწამლავი ნივთიერებებით დატენილ ნაღმებს, ყუმბარებს, საავიაციო ბომბებსა და საარტილერიო ჭურვებს. ბრიტანეთმა და საბჭოთა კავშირმა ამ არსენალის თავიდან მოსაშორებლად ერთ-ერთ სანაგვედ ბალტიის ზღვა გამოიყენეს.

რუსეთის კალინინგრადის ოლქის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომლის ვადიმ პაკას თქმით, ბალტიის ზღვაში დაახლოებით 35 ათასი ტონა ქიმიური იარაღი ჩაძირეს სამ ადგილას: ლიტვის, ლატვიის, შვეციის და, აგრეთვე, დანიისა და გერმანიის სიახლოვეს. იმ დროს ეკოლოგიაზე თითქმის არავინ ფიქრობდა და ბევრი თვლიდა, რომ ქიმიური იარაღისთვის ზღვის ფსკერზე უფრო უსაფრთხო ადგილი არ მოიძებნება.

დღეს ეს პრობლემა შეშფოთებას იწვევს. მაგრამ როგორც ვადიმ პაკა ამბობს, მეცნიერებმა არ იციან, ქმნის თუ არა ჩაძირული არსენალი საფრთხეს და, თუ პასუხი ამ კითხვაზე დადებითია, რაში გამოიხატება ეს საშიშროება.

ამასთან პაკა აღნიშნავს, რომ აქამდე სერიოზული ეკოლოგიური ცვლილებები ბალტიის ზღვაში შემჩნეული არ ყოფილა. მაგრამ ჩაძირვის ადგილების მახლობლად ბიოლოგიური პირობების მცირეოდენ ცვლილებას მაინც აქვს ადგილი. მაგალითად, ბორნჰოლმის კუნძულის რაიონში განვითარდა ბაქტერია, რომელიც უძლებს მდოგვის გაზს. საინტერესოა, რომ იმავე წყლებში გაჩნდა ბაქტერია, რომელიც მდოგვის გაზს შლის. ამ შემთხვევაში, არის იმედი, რომ მდოგვის გაზის მარაგი, რომელსაც ამ არემარეში ჩაძირული იარაღი შეიცავს, ბუნებრივად განადგურდება.

არის უარყოფითი მოვლენებიც. იარაღის ჩაძირვის სხვა ადგილებში, მაგალითად, მჟავისა და ფოსფორის დონის ზრდა შეიმჩნევა.

ვადიმ პაკას თქმით, სიტუაციას ართულებს ლიტვისა და ლატვიის ნაპირებთან ჩაძირვის შესახებ ინფორმაციის უქონლობა. ამ ზონაში საბჭოთა ჯარისკაცებმა იარაღი ზღვის დიდ ტერიტორიაზე გაფანტეს. უცნობმა დინებებმა ბომბები და ნაღმები სხვადასხვა მიმართულებით წაიღეს და დღეს შეუძლებელია თითოეული მათგანის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა.

ბრიტანელებმა სხვა ხერხს მიმართეს. იარაღით სავსე გემები მთლიანად ჩაძირეს. და თუმცა იარაღი გემებში კარგად არის დალუქული, შემთხვევითმა დარტყმამ შეიძლება საშინელი ზიანი გამოიწვიოს მომაკვდინებელი ქიმიკატების დიდი კონცენტრაციის გამო.

ვადიმ პაკა ამბობს, რომ მხოლოდ ჩაძირვის ადგილების დადგენისა და მათზე მუდმივი მეთვალყურეობის დაწესების შემდეგ გახდება შესაძლებელი იმის თქმა, რა საშიშროებას წარმოადგენს ჩაძირული იარაღი. კალინინგრადის ინსტიტუტმა ექვსი ექსპედიცია მოაწყო ჩაძირვის ადგილებიდან ინფორმაციის შესაგროვებლად, მაგრამ უფულობის გამო მუშაობა შეწყვიტა.

პრობლემას შვეციის თავდაცვითი კვლევების ინსტიტუტიც სწავლობს. ინსტიტუტის ერთ-ერთი ექსპერტის ჰანს რენვალის ვარაუდით, ჩაძირული იარაღი დიდ საშიშროებას არ წარმოადგენს. მისი თქმით, რეალურად, საშიშია, თუ იარაღი მეთევზეების ანკესს წამოეგება და მას ზედაპირზე ამოათრევენ. რენვალის თქმით, ჩაძირვის ადგილების უმრავლესობა კარგად არის ცნობილი და მეთევზეებს ურჩევენ, თავი აარიდონ მათ.

უფრო სერიოზული მდგომარეობაა ლიტვის ნაპირებთან. ლიტვის პარლამენტის წევრი და გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ჰენრიკას ჟუკაუსკასი ამბობს, რომ ჩაძირვის ადგილებში ზღვა ღრმა არ არის (მაგალითად ქალაქ სვენტოისთან) და ლიტველი მეთევზეები ხშირად მუშაობენ იქ. მართალია, აქამდე რაიმე ინციდენტი არ მომხდარა, ბადეში არაერთხელ აღმოუჩენიათ ბომბები და ნაღმები, რომელთაც მეთევზეები ისევ ზღვაში ყრიან.

“ლიტველ მეთევზეებს არა აქვთ არავითარი ინსტრუქცია, როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ შემთხვევაშიო”, ამბობს ჟუკაუსკასი. მისი თქმით, 1985 წელს დანიელ მეთევზეებს ხელში ჩაუვარდათ ქიმიური იარაღის 46 ერთეული, 2500 ტონაზე მეტი საერთო წონით. ჟუკაუსკასი ამბობს, რომ დანიელი და გერმანელი მეთევზეები მდოგვის გაზთან კონტაქტის შემდეგ ავად გახდნენ.

შეკითხვაზე, რის გაკეთებაა საჭირო, რომ ამგვარ შემთხვევებს არ ჰქონდეს ადგილი, მან თქვა, რომ გარედან დახმარების გარეშე ლიტვა ბევრს ვერაფერს მოიმოქმედებს. ჟუკაუსკასი იმედოვნებს, რომ მისი ქვეყანა, როგორც ნატოსა და ევროპის კავშირში გაწევრიანების კანდიდატი, შეძლებს საერთაშორისო საზოგადოებრიობისგან ასეთი დახმარების მიღებას.
XS
SM
MD
LG