Accessibility links

logo-print

საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას კორუფცია ანგრევს


საქართველოს სახელმწიფოს საგარეო ვალის ძირითად ნაწილს ენერგეტიკის სფეროში დაგროვილი დავალიანებები წარმოადგენს. ამ ვალების გასტუმრება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან დახმარების მიღების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა.

თუმცა საქართველოს ხელისუფლება, ვალების გასტუმრების ნაცვლად, კიდევ უფრო ზრდის ენერგეტიკის ვალებს და ამ სფეროს მიმართ კორუფციული დამოკიდებულებით ქვეყნის უსაფრთხოებასაც დიდ ზიანს აყენებს.

მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელობა, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის სფეროს რეაბილიტაციასა და აღორძინებაში ეხმარება, სხვა დონორ ორგანიზაციებთან ერთად, უკმაყოფილოა მოხმარებული ენერგიის საფასურის ამოღების დაბალი მაჩვენებლით. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა ვლადისლავ ვუჩეტიჩმა საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ნიუსს“ განუცხადა, რომ ენერგოსისტემაში შექმნილი ურთულესი მდგომარეობის გამოსწორება მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის აკრეფის გაუმჯობესებითაა შესაძლებელი. მისივე თქმით, თანხების ამოღების ამჟამად არსებული დონე ენერგოსისტემას სწრაფად და ყოველდღიურად ანგრევს. თუ 1997 წლისთვის ელექტროენერგიის საფასურის მობილიზება 70 პროცენტს უტოლდებოდა, დღეისათვის ის 10 პროცენტსაც ძლივს აღწევს. ვუჩეტიჩის აზრით, ამ პრობლემის მოუგვარებლობის მიზეზი ენერგოსისტემაში „ყველა დონეზე“ განვითარებული კორუფციაა.

ამაზე მეტყველებს 7 მაისს ჟურნალისტთა ანტიკორუფციული საგამოძიებო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული, ენერგეტიკაში არსებული კორუფციის ამსახველი, ერთი ფაქტი.

საქართველო-სომხეთს შორის 1999 წელს დადებული შეთანხმების მიხედვით, უნდა აშენებულიყო სატრანზიტო ელექტროგადამცემი ხაზი, რომლითაც სომხური ენერგიის თურქეთში იმპორტირება განხორციელდებოდა. ეს იყო ზოგადი შეთანხმება, თუმცა სომხურმა მხარემ აქტიურად დაიწყო სამშენებლო სამუშაოები და საქართველოს ტერიტორიაზე ქართული მხარის გასაკეთებელი საქმეც გააკეთა ისე, რომ არც მესაზღვრეები, არც მებაჟეები და არც ენერგეტიკოსები ამ პროცესს არ შეწინააღმდეგებიან. უფრო მეტიც, ენერგეტიკის მინისტრი პრეზიდენტს არწმუნებდა, ეს 1999 წელს დადებული ხელშეკრულებითაცაა გათვალისწინებულიო. შედეგად, სატრანზიტო ელექტროგადამცემი ხაზის ნაცვლად, ნინოწმინდისა და ახალქალაქის რაიონების სომხეთთან დამაკავშირებელი ხაზი მივიღეთ. სომხური მოსახლეობით დასახლებული ეს რაიონები საქართველოს ერთიანი ენერგოსისტემისაგან დამოუკიდებლად, ჩიხურად, მარაგდება, რაც მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. იმპორტირებული ენერგია არ იბეგრება, ანუ მისი კონტრაბანდა ხორციელდება, რითაც ზიანი ადგება ქვეყნის ბიუჯეტს. ენერგეტიკის მინისტრის დავით მირცხულავას გადაწყვეტილებით, კანონის საწინააღმდეგოდ, აღნიშნული ქსელი უსასყიდლოდ გადაეცა გაკოტრების პირას მყოფ კომპანიას, რომელიც პრივატიზებას ექვემდებარება. ჟურნალისტური გამოძიების წევრის დიმიტრი ტიკარაძის განცხადებით:

[ტიკარაძის ხმა] „შემოსული ელექტროენერგიის საფასურიდან 0,3 ცენტი წილის სახით მიდის ენერგეტიკის სამინისტროში. ასევე, არსებობს დიდი ეჭვი, რომ კონკრეტულად მინისტრის წილი არის 0,1 ცენტი. მოგეხსენებათ, ასეთ საკითხებზე დოკუმენტებს არ ტოვებენ და დოკუმენტებს არ აფორმებენ, ეს არის კონფიდენციალური წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია.“

საკმაოდ მოკრძალებული 0,1 პროცენტი, საერთო ჯამში, ყოველწლიური 100 – 150 ათასი დოლარის ტოლფასია. შესაბამისად, ძნელი ასახსნელი არ უნდა იყოს, თუ რატომ ვერ ელევიან ქართველი ბიუროკრატები 200 ლარიან თანამდებობებს.
XS
SM
MD
LG