Accessibility links

logo-print

მოქალაქეთა კავშირის ბედი კვლავ გაურკვეველია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი მოქალაქეთა კავშირის საორგანიზაციო კომიტეტის სარჩელი პარტიისთვის რეგისტრაციის შეჩერების გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ 7 მაისს საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

შესაბამისად, 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოქალაქეთა კავშირის მონაწილეობის შანსი სულ უფრო მცირდება.

რეალურად, ზურაბ ჟვანიას მხოლოდ რამდენიმე საათი რჩება პარტიის ბედის გასარკვევად. მოქალაქეთა კავშირის საორგანიზაციო კომიტეტის წევრთა განმარტებით, ისინი 8 მაისს დილიდან სარჩელს უზენაეს სასამართლოში შეიტანენ. წესით და რიგით, უზენაესმა სასამართლომ იმავე დღეს უნდა განიხილოს სარჩელი, თუმცა მას შემდეგ, რაც საოლქო სასამართლომ 7 მაისს უარი განაცხადა თავისივე გადაწყვეტილების გაუქმებაზე, ზურაბ ჟვანიას თანამოაზრეები არ გამორიცხავენ, რომ, რაღაც მიზეზების გამო, უზენაეს სასამართლოში სარჩელის განხილვა გაიწელოს. იმის გათვალისწინებით, რომ 8 მაისს იწურება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სიების წარდგენის ვადა, იმის შანსი, რომ რეფორმატორები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს ჩამოშორდებიან, სავსებით რეალურია.
თუმცა, თუ 7 მაისს რამდენიმე ქართულ გაზეთში გამოქვეყნებულ საქართველოს მოქალაქეთა კავშირის საკოორდინაციო საბჭოს განცხადებას დავუჯერებთ, მოქალაქეთა კავშირი მაინც აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ზურაბ ჟვანიას ოპონენტთა განმარტებით, ვინაიდან საოლქო სასამართლომ შეაჩერა საორგანიზაციო კომიტეტის უფლებამოსილება – შეგახსენებთ, ამ კომიტეტს მოქალაქეთა კავშირის 15 მაისისთვის დაგეგმილი ყრილობა უნდა მოემზადებინა - მოქალაქეთ კავშირის მთავარ საბჭოს დაუბრუნდა კანონიერი უფლებამოსილება, პარტიის სახელით მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და წარადგინოს საარჩევნო სიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
მოკლედ, ყველაფერი იქით მიდის, რომ მოქალაქეთა კავშირის ორივე ფრთის წარმომადგენლებს დიდხანს მოუწევთ სასამართლოში საკუთარი უფლებების გარკვევა. საქმე ის გახლავთ, რომ იმავე მთავარი საბჭოს გაუქმების გადაწყვეტილება მოქალაქეთ კავშირის ყრილობამ მიიღო. ანუ, თუ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მთავარი საბჭო წარადგენს საარჩევნო სიებს, სარჩელს ამ ორგანოს არალეგიტიმურობის თაობაზე უკვე ზურაბ ჟვანიას ფრთა შეიტანს.
ანუ დიდია იმის შესაძლებლობა, რომ 27 მაისს, როცა თბილისის საოლქო სასამართლო შეუდგება სარჩელის განხილვას, მოქალაქეთა კავშირის ორივე ფრთა - რეფორმატორებიცა და პრეზიდენტის კურსის ერთგულნიც – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მიღმა აღმოჩნდეს. თუ იმის გარკვევასაც წამოიწყებენ, მოქალაქეთა კავშირის ყოფილი წევრების მიერ პარტიის დატოვება რამდენად სწორად იყო, ფორმალური თვალსაზრისით, გაფორმებული – ანუ, დავუშვათ, იმავე მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ სიტყვიერი განცხადება გააკეთა პარტიის დატოვების შესახებ თუ ამას, წესით და რიგით როგორც უნდა მომხდარიყო, წერილობითი განცხადებაც დაურთო– საარჩევნებოდ “საერთო ვაკხანალია” დაიწყება, რადგან შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ფორმალურად ჯერ კიდევ მოქალაქეთა კავშირის წევრები სულ სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების სიებით იყრიან კენჭს.
XS
SM
MD
LG