Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“თბილწყალკანალის” პრობლემების თაობაზე


ტარიფის გაზრდამ “თბილწყალკანალის” სისტემას აღსაფრთოვანებელი შედეგები ვერ აჩვენა. როგორც მოსალოდნელი იყო,

წყლის საფასურს ურჩი გადამხდელები არც გაძვირებამდე იხდიდნენ და არც ახლა იხდიან. წინასწარი მონაცემებით, პატიოსანი გადამხდელის სტატუსს მოსახლეობის 42, ხოლო საბიუჯეტო ორგანიზაციათა მხოლოდ 20 პროცენტი ინარჩუნებს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ გადასახადების ამოღების გაუმჯობესება, აღრიცხვიანობის მოწესრიგების გარეშე, აბსოლუტურად წარმოუდგენელია.

პირველ რიგში, სწორედ აღრიცხვიანობის მოწესრიგებას ისახავს მიზნად მსოფლიო ბანკის მიერ “თბილწყალკანალისთვის” გამოყოფილი 25 მილიონი დოლარი, რომელიც, შეთანხმებისამებრ, გამოცდილმა უცხოელმა ოპერატორმა უნდა განკარგოს. მეტად სანატრელი ოპერატორის მაძიებელი ტენდერი ჯერ კიდევ 2001 წლის იანვარში გამოცხადდა, მაგრამ ჯერჯერობით მისი ვინაობა საბოლოოდ დადგენილი მაინც არ არის. “თბილწყალკანალის” განვითარების ბიუროს ხელმძღვანელის ზურაბ ღონღაძის ინფორმაციით, ამჟამად დასრულებულია ტენდერის წინასაკვალიფიკაციო შერჩევის პროცესი, რომელმაც წყალმომარაგება-კანალიზაციის სექტორში მომუშავე 5 კომპანია გამოკვეთა (აქედან: ერთი - გერმანული, ერთი – ბრიტანული, ასევე ერთი – იტალიური და ორიც - ფრანგული). ღონღაძის თქმით, სავარაუდოდ, აგვისტოში გახდება ცნობილი, თუ რომელი მათგანი აიღებს “თბილწყალკანალს” 10-წლიანი იჯარით. აქვე მოგახსენებთ, რომ სატენდერო კომისიის სიმპათიები მიმართული იქნება იმ კომპანიისკენ, რომელიც, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, ქართულ მხარეს მისაღები ტარიფის შენარჩუნებასაც დაჰპირდება.

მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 25 მილიონი დოლარი აღრიცხვიანობის მოწესრიგების გარდა, სისტემის კომპიუტერიზაციასა და ქსელის კოსმეტიკურ რეაბილიტაციასაც მოხმარდება, მაგრამ, სპეციალისტთა თქმით, არამც და არამც არ ეყოფა სერიოზულ რემონტს. “თბილწყალკანალის” დირექტორის იუზა ცარციძის თქმით, ქსელის რეაბილიტაციასა და ევროპულ სტანდარტებთან მის მიახლოებას 500 მილიონი დოლარი მაინც ესაჭიროება. მოგეხსენებათ, ეს იმ მასშტაბის თანხაა, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი წყალმომარაგება-კანალიზაციის სფეროს გამოსაჯანმრთელებლად კიდევ კარგახანს ვერ მოაგროვებს და ამაზე ვერც კი იოცნებებს.

რაც შეეხება გადასახადების მობილიზებას, “თბილწყალკანალის” მესვეურთა ცნობით, ყველაზე უკეთეს გადამხდელებად, ეგრეთ წოდებული, სამეურნეო ობიექტები (რესტორნები, კაფე-ბარები, სასტუმროები და ასე შემდეგ) მიიჩნევა. მათი რიცხვი - 6814-ს, ხოლო თანხის ამოღების მაჩვენებელი 100 პროცენტს უტოლდება. აქვე მოგახსენებთ, რომ ყველაზე ცუდ გადამხდელთა ნუსხაში 1500 საბიუჯეტო ორგანიზაციაა დასახელებული, რომელთა მიერაც, როგორც წესი, მოხმარებული წყლის საფასურის მხოლოდ 20 პროცენტი იფარება. რაც შეეხება 350 ათასი ოჯახისგან შემდგარ აბონენტთა ჩამონათვალს, გადასახადის ამოღების მაჩვენებელი ამ შემთხვევაში 42 პროცენტს არ აღემატება. საინტერესოა, რომ, “თბილწყალკანალის” მიერ ჩატარებული სპეცექსპერიმენტის მიხედვით, საშუალო (3-სულიანი) ოჯახი დღე-ღამეში, დაახლოებით, 960 ლიტრ წყალს მოიხმარს. სამწუხაროდ, წყლის გადასახადი თბილისში, თითქოს, სავალდებულო გადასახადის რანგში არ გადის. დედაქალაქში მცხოვრებთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მას ხსენებული მომსახურებისთვის ერთი თეთრიც კი არ გადაუხდია. და ამიტომ ბევრმა არც ის იცის, რომ წყლის 60-თეთრიანი ტარიფი (ერთ სულ მოსახლეზე) 2002 წლის1 აპრილიდან გაორმაგდა.

მაშინ, როცა ურჩი გადამხდელი მოსახლეობის დასჯა (სოციალურ და ანტისანიტარულ აფეთქებათა შიშით) ვერ ხერხდება, “თბილწყალკანალი” საბიუჯეტო ორგანიზაციების უწყლოდ დატოვებას თამამად ახერხებს. მაგალითად, ამჟამად, ჯანდაცვის სისტემის არაერთ ობიექტთან ერთად, დასჯილთა შორისაა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თუმცა უწყლოდ დატოვებულთა სია, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, თითქმის ყოველდღიურად იცვლება. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მაღალჩინოსანთა ზარები და თხოვნა-მოთხოვნა კარგად ჭრის. ჰოდა, ეს არც “თბილწყალკანალს” აკლია.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG