Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს კონფერენცია ბავშვთა შესახებ


პროგრამას ერთ გლობალურ პრობლემაზე საუბრით გავაგრძელებთ. ნიუ-იორკში დაიწყო გაეროს სამდღიანი კონფერენცია ბავშვთა შესახებ, რომლის მსვლელობაში მრავალ საკითხს განიხილავენ:

მათ შორის არის მსოფლიოში მცხოვრები 2 მილიარდზე მეტი ბავშვის განათლებისა და ჯანდაცვის მხრივ შექმნილი მდგომარეობა. ხოლო ყურადღების ცენტრში ყველაზე მწვავე პრობლემა - ბავშვების მიმართ ძალადობა დგას.

კონფერენციის დაწყებამდე გავრცელებული ინფორმაციით, 5-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებიდან 250 მილიონს სამუშაო ძალად იყენებენ, მათ უმეტესობას აზიისა და აფრიკის ქვეყნებში. ამის შესახებ საანგარიშო მოხსენებაში იუწყება შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც იმასაც გვამცნობს, რომ ბავშვების მცირე ნაწილი იძულებულია ჩაებას ბავშვთა შრომის უმძიმეს ფორმაში - სქესობრივ მომსახურებაში. და თუ დღეს ლაპარაკია "მცირე ნაწილზე", ექსპერტები შიშობენ, რომ სქესობრივი ექსპლუატაციის მასშტაბი სულ უფრო გაიზრდება. განსაკუთრებით ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში.

როგორც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში ვკითხულობთ, დღეისთვის ტრეფიკინგით დაზარალებული ბავშვების რიცხვი 1,2 მილიონს აღწევს; მათგან 200 ათასი ბავშვი პოსტკომუნისტური ქვეყნების მკვიდრია.

ტრეფიკინგის მსხვერპლთა შორის პოსტკომუნისტური ქვეყნების მკვიდრთა მატების ტენდენცია 1990 წელს კომუნიზმის დამხობის თანხმლებმა სოციალურ-ეკონომიკურმა კატაკლიზმებმა განაპირობა. როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის, უნისეფის თანამშრომელმა, რობერტ კოენმა ჩვენს კორესპონდენტთან, რობერტ მაკმეჰონთან საუბარში აღნიშნა, არავინ მოელოდა, რომ პოსტკომუნისტური პერიოდი ასეთი ხანგრძლივი და მძიმე გამოდგებოდა.

[რობერტ კოენის ხმა] "სიღატაკე წარმოუდგენელ მასშტაბამდე გაიზარდა. ბავშვთა სიღატაკის მაჩვენებელი რეგიონში 18 პროცენტს შეადგენს და კიდევ უფრო მაღალია ზოგ ქვეყანაში, განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. ამას თან ახლავს პრობლემების მთელი რიგი, რომელთაგან მხოლოდ ერთ-ერთია ტრეფიკინგი და სქესობრივი ექსპლუატაცია."

ასე რომ, გაეროს კონფერენციაზე, სავარაუდოდ, მწვავე კრიტიკა გაიჟღერებს: დელეგატებმა უნდა იმსჯელონ შედეგებზე, რომლებიც ბავშვთა მსოფლიო სამიტზე დასახული გეგმების განხორციელებას მოჰყვა. სამიტი კი 1990 წელს ჩატარდა - სწორედ იმ წელს, როცა კომუნიზმის დამხობას სოციალურ-ეკონომიკური კატაკლიზმები და მათთან ერთად, ბავშვების მდგომარების მკვეთრი გაუარესება მოჰყვა.

თუმცა, განვლილ 12 წელიწადს, საბედნიეროდ, არც წარმატებების გარეშე ჩაუვლია. მაგალითად, მოხერხდა მსოფლიოში ახალშობილთა სიკვდილიანობის, აგრეთვე ზოგიერთი დაავადების, მათ შორის პოლიომელიტის გავცრელების შეზღუდვა.
XS
SM
MD
LG