Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში დროებითი მთავრობა შეიქმნა


ანდრო ეული, პრაღა საფრანგეთში შეიქმნა ახალი, 21-წევრიანი დროებითი მთავრობა, რომელიც, პირველად განვლილი ხუთი წლის მანძილზე, მემარჯვენე-ცენტრისტული იქნება.

ახალმა პრემიერ-მინისტრმა ჟან-პიერ რაფარენმა თავდაცვის მინისტრად ქალი, მიშელ ალიო-მარი დანიშნა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საფრანგეთის ისტორიაში.

რაფარენის გუნდი 9 და 16 ივნისისათვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩება ხელისუფლების სათავეში. თუ ეროვნულ ასამბლეაში მემარცხენეები ადგილების უმრავლესობას მოიპოვებენ, მაშინ პრეზიდენტი ჟაკ შირაკი იძულებული გახდება ჟან-პიერ რაფარენი შეცვალოს მემარცხენე პრემიერ-მინისტრით, რომელიც მთავრობის კაბინეტს თვითონვე განაახლებს.

პრეზიდენტ შირაკს რაფარენმა სამშაბათს წარუდგინა თავისი ახალი, დროებითი მთავრობის შემადგენლობა. შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნულია პარიზის შემოგარენში მდებარე ქალაქ ნეიის მერი ნიკოლა სარკოზი. თავდაცვის მინისტრად დანიშნული ქალი, 55 წლის მიშელ ალიო-მარი, 1999 წლიდან ჟაკ შირაკის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეა. 1993-95 წლებში მიშელ ალიო-მარი სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. იგი პარლამენტის დეპუტატი და ქალაქ სენ-ჟან-დე-ლუზის მერია.

საგარეო საქმეთა მინისტრად პრეზიდენტ შირაკის ადმინისტრაციის უფროსი დომინიკ დე ველპენია დანიშნული. ჟაკ შირაკის პარტიის წევრი, იურისტი დომინიკ პერბენი - იუსტიციის სამინისტროს უხელმძღვანელებს. ფილოსოფოსი ლუკ ფერი ჟან-პიერ რაფარენმა განათლების მინისტრად დანიშნა.

მომავალი თვის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე პარტიებს რევანშის იმედი აქვთ მას შემდეგ, რაც ულტრამემარჯვენე "ნაციონალური ფრონტის" კანდიდატმა ჟან-მარი ლე პენმა სოციალისტი პრემიერ-მინისტრი ლიონელ ჟოსპენი დაამარცხა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ჟაკ შირაკმა, მართალია, ხმების 82,2 პროცენტი მოაგროვა, ეს, უმეტესწილად, ლე პენის წინააღმდეგ მიცემული ხმები იყო და არა შირაკისთვის ნდობის გამოცხადების ნიშანი. თავად ჟაკ შირაკს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, არ განაახლოს ხელისუფლების სათავეში ე.წ. "თანააარსებობა", ანუ ძალაუფლების არცთუ სასიამოვნო განაწილება სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსის მქონე პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის.
XS
SM
MD
LG