Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარონმა შეწყვიტა ვიზიტი ვაშიგტონში, ისრაელში ტერორისტული აქტის გამო


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შეერთებული შტატები კლავ აგზავნის ახლო აღმოსავლეთში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორს ჯორჯ ტენეტს, რომლის ამოცანაა,

დაეხმაროს პალესტინელებს ისეთი ქმედითუნარიანი უშიშროების ძალების შექმნაში, რომელიც ტერორიზმის აღკვეთას შეძლებს.

ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს არიელ შარონს სამშაბათს, მათი ერთსაათიანი შეხვედრის მსვლელობაში ამცნო.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბუშმა განმარტა, რომ ტენეტის ამოცანაა პალესტინელთა უშიშროების ძალების გაერთიანება ერთ სამსახურში, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლების წინაშე. ბუშმა აღნიშნა, რომ ამჟამად იქ არსებობს პალესტინელთა რამდენიმე უშიშროების სამსახური, რომლებიც ხშირად არ მოქმედებენ შეწყობილად.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას აშკარა გახდა, რომ ბუშმა და შარონმა ვერ გადალახეს უთანხმოება რეგიონში მშვიდობის დამყარების საკითხში. ბუშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს უჭერს პალესტინელთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, შარონი კი ისრაელის უსაფრთხოებაზე და პალესტინელთა ლიდერის იასირ არაფატის ხელისუფლების კორუმპირებულობაზე ლაპარაკობდა.

"მე მგონია, ნაადრევია პალესტინელთა სახელმწიფოზე ლაპარაკი. ახლა საჭიროა ხელისუფლების რეფორმირებაზე კონცენტრირებაო", თქვა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ბუში დაეთანხმა მას, რომ პალესტინელთა ხელისუფლებას რეფორმირება მართებს და რომ უსაფრთხოება მნიშვნელოვანი საკითხია როგორც ისრაელისთვის, ისე პალესტინელებისთვის. მან თქვა აგრეთვე, რომ სურს დაეხმაროს პალესტინელებს პოლიტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

[ბუშის ხმა] "ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია უშიშროების გაერთიანებული ძალების არსებობა. მაგრამ ამავე დროს, უნდა ვიზრუნოთ სხვა უწყებების შექმნაზეც. მაგალითად, უნდა შეიქმნას კონსტიტუცია, რომლის საფუძველზე ჩამოყალიბდება სახელმწიფო, რომელიც პალესტინელებსა და ისრაელს უსაფრთხოებას მოუტანს და იმედს ჩაუნერგავს."

თავის მხრივ, შარონმა თქვა, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაციამ მკვდარი წერტილიდან დაძრა სამშვიდობო პროცესი, ვინაიდან ეს იყო დარტყმა პალესტინელთა ტერიტორიებიდან მოქმედ ტერორიზმზე.

შარონი და ბუში ჯერაც ვერ მორიგებულან სამშვიდობო მოლაპარაკებებში არაფატის მონაწილეობის საკითხში. შარონი თვლის, რომ არაფატი თვითმკვლელ ტერორისტებს აქეზებს. ბუშის ადმინისტრაციის აზრით კი არც შეერთებული შტატებისა და არც ისრაელის საქმე არ არის, ვის მიიჩნევენ პალესტინელები თავიანთ ლიდერად.

შარონმა ვაშინგტონში ჩაიტანა იმის დამამტკიცებელი დოკუმენტები, რომ არაფატი მხარს უჭერს ტერორიზმს,
და, ფაქტობრივად, თვითონაც მონაწილეობს ტერორისტულ საქმიანობაში.

ისრაელის მოქმედება მან შეადარა შეერთებული შტატების ოპერაციას "ალ ყაიდის" წინააღმდეგ ავღანეთში. [არიელ შარონის ხმა] "ეს არის თავდაცვის აქტები ერთი და იგივე ბოროტი და ბნელი ძალებისგან, რომლებიც ცივილიზაციის განადგურებას ლამობენ."

სანამ ბუში და შარონი ვაშინგტონში საუბრობდნენ, თვითმკვლელმა ტერორისტმა აფეთქება მოაწყო ისრაელის ქალაქ რიშონ ლე ციონში, თელ-ავივის სამხრეთით. დაიღუპა, სულ ცოტა, 15 ადამიანი და რამდენიმე ათეული დაიჭრა. შარონმა სასწრაფოდ შეწყვიტა ვიზიტი და სამშობლოში დაბრუნდა.
XS
SM
MD
LG