Accessibility links

logo-print

ანტიკორუფციული საბჭო და კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკა


ანტიკორუფციული საბჭოს მდივანი მირიან გოგიაშვილი, შესაძლოა, ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელი გახდეს.

ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასეთია უშიშროების საბჭოს რეკომენდაცია. რატომ შეირჩა ამ პოსტისთვის მაინცდამაინც მირიან გოგიაშვილი და რატომ გამოცხადდა ეს გადაწყვეტილება წინასწარ, საპარლამენტო კონსულტაციების გარეშე? გასული დღეების მანძილზე ორი ვერსია გაჩნდა და ორივე ანტიკორუფციული საბჭოს საქმიანობას დაუკავშირდა.

მირიან გოგიაშვილის გვარის წინასწარი დაკავშირება ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების გაერთიანებულ სამინისტროსთან შემთხვევით ვერ მოხდებოდა. სამინისტროების გაერთიანებისა და ახალი მინისტრის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. შესაბამისად, გოგიაშვილის კანდიდატურამ ან უნდა გააადვილოს, ან უნდა გააძნელოს ამ გადაწყვეტილებების მიღება.

ერთი მხრივ, მირიან გოგიაშვილის საზოგადოებრივი იმიჯი კორუფციასთან ბრძოლას უკავშირდება, რაც დადებითი გამოცდილებაა მომავალი ფინანსთა მინისტრისთვის. მეორე მხრივ, ანტიკორუფციული საბჭოს მდივნის საქმიანობა ერთმნიშვნელოვნად არ ფასდება. საზოგადოების ერთი ნაწილისთვის გოგიაშვილი მხოლოდ პრეზიდენტის დავალებების შემსრულებელია, მეორე ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ საბჭოს ახალგაზრდა მდივანმა პრეზიდენტს სერიოზული უხერხულობა შეუქმნა ბადრი ხატიძის მოხსნის რეკომენდაციით.

საქართველოში, ალბათ, არავის სჯერა, რომ ანტიკორუფციული საბჭო რეალურ წინააღმდეგობას გაუწევს "კორუფციის პარტიას". თუმცა ერთი წლის წინ, ვიდრე საბჭოს შემადგენლობა გამოცხადდებოდა, პოლიტიკურ წრეებში აანალიზებდნენ, მებრძოლი სულისკვეთების რამდენ ადამიანს მიიწვევდნენ საბჭოში. თუ თორმეტი წევრიდან ცხრა სწორედ ასეთი აღმოჩნდებოდა, ესე იგი, პრეზიდენტი, მართლაც, სერიოზულად იყო განწყობილი. თუ თორმეტთაგან მხოლოდ ექვსი აღმოჩნდებოდა უკომპრომისო, ეს ნიშნავდა, რომ საბჭო მორიგ ფანდად იყო ჩაფიქრებული.

საბჭოს შემადგენლობამ, მებრძოლი სულისკვეთების თვალსაზრისით, არ გაამართლა. მაგრამ საბჭოს საქმიანობის მთავარი პრობლემა უფრო მეტად ინსტიტუციური აღმოჩნდა, ვიდრე პიროვნული. საქმე ისაა, რომ ანტიკორუფციული "შვიდკაცაც" და "თორმეტკაცაც" პოლიტიკურად მეტ-ნაკლებად ნეიტრალური იყო. შესაბამისად, კორუფციასთან მებრძოლი ეს ჯგუფები, პრეზიდენტის ჩანაფიქრის თანახმად, პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე დარჩნენ. მოგვიანებით დადასტურდა, რომ მათი საქმიანობის მიმართ გულგრილი იყო საზოგადოებაც. ასე რომ, კორუფციასთან ბრძოლა გადაიქცა მხოლოდ პრეზიდენტისა და მის ირგვლივ შემოკრებილი შვიდი თუ თორმეტი ადამიანის პრობლემად. თავის მხრივ, პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად, ორი ძირითადი ასპარეზი აქვთ: ისევ და ისევ კორუფციასთან ბრძოლა და აფხაზეთის პრობლემის მოგვარება. აფხაზეთი წმინდა სახელმწიფოებრივი პრობლემაა, რომელსაც ერთი პარტია ან პარტიათა ჯგუფი ვერ მოაგვარებს; ამდენად, საასპარეზოდ რჩება კორუფციასთან ბრძოლის თემა. სწორედ ანტიკორუფციული ლოზუნგებით მოიგო 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ედუარდ შევარდნაძემ; ამავე ლოზუნგით გახდა პოპულარული ნაციონალური მოძრაობაც; კორუფციასთან ბრძოლა იყო ჟვანიას ცნობილი ღია წერილის მთავარი მოწოდებაც პრეზიდენტის მიმართ; ნებისმიერ საარჩევნო დაპირებაში: მრეწველობის განვითარება იქნება, სოციალური უსამართლობის აღდგენა, ქვეყნის აღორძინება თუ სხვა, - თითოეული პოლიტიკური ძალა სწორედ კორუფციასთან ბრძოლას გულისხმობს. ამ ვითარებაში საკუთარ მომავალზე დაფიქრებული ნებისმიერი პარტიისთვის თუ პოლიტიკური ჯგუფისთვის არახელსაყრელი აღმოჩნდა კორუფციასთან ბრძოლის ასპარეზის დათმობა თორმეტწევრიანი აპოლიტიკური საბჭოსთვის. საბჭოც, თავის მხრივ, მხარდაჭერის გარეშე დარჩა და ორიენტირებული აღმოჩნდა პრეზიდენტზე.

როდესაც თბილისში პალერმოს ლეგენდარული მერი ლეო-ლუკა ორლანდო ჩამოვიდა და სიცილიურ მაფიასთან ბრძოლის გამოცდილება გაგვიზიარა, ცხადი შეიქნა ჩვენი მთავარი პრობლემა: საქართველოში ანტიკორუფციული პროგრამის განხორციელება დაიწყო საზოგადოებრივი საყრდენების მოუმზადებლად. ამ პირობებში კი, ერთადერთი, რაც საბჭოს შეეძლო, ფრაგმენტული გადაწყვეტილებების მიღება იყო და ასეც მოხდა. საბჭოს მიერ მიღებულ ყველა სერიოზულ გადაწყვეტილებას მოჰყვა ეჭვი პოლიტიკურ შეკვეთაზე. ესეც ბუნებრივი იყო, რადგან შეტევა ერთიანი ფრონტით არ მიმდინარეობდა, და, შესაბამისად, ამა თუ იმ მიმართულებით განხორციელებული კანტი-კუნტი დარტყმა ზედმიწევნით ხელსაყრელი აღმოჩნდა რომელიღაც კონკრეტული გავლენიანი ჯგუფისა თუ პიროვნებისთვის.

ამიტომაც დღეს ბუნდოვანია, ვინ არის მირიან გოგიაშვილი: კორუფციასთან პრინციპული მებრძოლი თუ პრეზიდენტის ნების დამყოლი ახალგაზრდა კაცი. როდესაც უშიშროების საბჭომ მის გვარს დაუკავშირა ქვეყნის საბიუჯეტო მომავალი, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდა სწორედ მირიან გოგიაშვილის ორმაგი იმიჯი: მავანისთვის იგი კორუფციასთან მებრძოლია, მავანისთვის კი - პრეზიდენტის ნების დამყოლი. ედუარდ შევარდნაძე პარლამენტს მორიგ საკადრო გამოცანას სთავაზობს. ბევრს არც ის გაუკვირდება, მომავალში გოგიაშვილი თავად რომ იქცეს გამოცანად შევარდნაძისთვის.
XS
SM
MD
LG