Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიწისძვრამ ქართულ კულტურასაც შეუქმნა საფრთხე


25 აპრილს მომხდარმა მიწისძვრამ ზარალი მიაყენა არამარტო თბილისის საცხოვრებელ სახლებს. სპეციალისტების ცნობით,

საფრთხე შეექმნა დედაქალაქის მნიშვნელოვან კულტურულ ძეგლებსაც. ჯერჯერობით დადგენილი არ არის ზუსტი თანხა ზარალის ასანაზღაურებლად.

აღდგომის დღესასწაულზე დედაქალაქის ტაძრებში სალოცავად მისული მრევლი არა მარტო ქადაგებას ისმენდა, ლოცულობდა და სანთლებს ანთებდა, არამედ ტაძრის კედლებზე მიწისძვრის შედეგად გაჩენილ ბზარებსაც ათვალიერებდა. საბედნიეროდ, თბილისის დიდმა ტაძრებმა სტიქიას გაუძლეს, ამიტომ მრავალრიცხოვანი მრევლის თავმოყრა თუნდაც სიონის ტაძარში ძეგლს რაიმე საშიშროებას არ უქმნიდა. მაგრამ რამდენიმე ეკლესია მაინც დაზარალდა. საქართველოს საპატრიარქომ სწორედ აღდგომის წინ მიმართა ძეგლთა დაცვის დეპარტამენტს, რათა მდგომარეობის შესასწავლად დაუყოვნებლივ გამოიყოს სპეციალური კომისია. ამ მიმართვით საპატრიარქომ, ფაქტობრივად, მლოცველებიც გააფრთხილა, რადგან მიწისძვრით დაზიანებული თუნდაც ისეთი ეკლესიები, როგორიცაა: დიდუბის ღვთისმშობლის შობის ეკლესია, მაცხოვრის ეკლესია დარეჯანის სასახლესთან, მამა დავითის ეკლესია მთაწმინდაზე - აღდგომის ღამეს ხალხით ივსება ხოლმე. დაზიანებული ტაძრის რესტავრაციასა და სარემონტო სამუშაოებზე კი არა მარტო ხელისუფლებამ, არამედ თავად მრევლმაც უნდა იზრუნოს. მათ შორის, იმ ადამიანებმა, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით და, როგორც წესი, საკუთარი თავის რეკლამირებით, აშენებენ ახალ ეკლესიებს, მაგრამ რატომღაც სრულიად გულგრილნი არიან იმის მიმართ, რაც უკვე აშენებულია და რაც სასწრაფო რესტავრაციას მოითხოვს. 25 აპრილს თბილისში მომხდარმა მიწისძვრამ უკვე მთლიანად შეიწირა ერთი საკულტო ნაგებობა - დაინგრა შავნაბადას წმინდა გიორგის ეკლესიის სამრეკლო. თუმცა სერიოზული საფრთხე ემუქრება არამარტო საკულტო ძეგლებს. მიწისძვრამ კიდევ უფრო საშიში გახადა სწავლის გაგრძელება თბილისის სამხატვრო აკადემიაში, რომელიც წელს თავისი 80 წლის იუბილეს ნახევრად დანგრეულ შენობაში აღნიშნავს. დაზარალდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრიც - გარდა იმისა, რომ შენობის ყველა სართულის კედლებზე ბზარები გაჩნდა, მიწისძვრის შემდეგ ჩამოცვივდა ორნამენტები, ჭერიდან დღემდე ცვივა ბათქაში. სერიოზულად დაზიანდა თბილისის კონსერვატორიის შენობა, განსაკუთრებით, კიბე, რომელიც მეოთხე სართულზე, შესაძლებელია, დღე-დღეზე ჩამოინგრეს. დაახლოებით, ასეთსავე მდგომარეობაშია თბილისის ცისფერი გალერეა, თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. სპეციალურმა კომისიამ უკვე დაიწყო შენობების გამოკვლევა, თუმცა, საეჭვოა, რომ დედაქალაქის კულტურული ძეგლების აღდგენა უახლოეს ხანში მოხერხდეს. ხელისუფლებამ ჯერ უსახლკაროდ დარჩენილ მოსახლეობას უნდა უშველოს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG