Accessibility links

logo-print

ენერგეტიკოსებმა სართაშორისო დონორებიც გააღიზიანეს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ენერგოსექტორში არსებულ ტრადიციულ პრობლემებს უახლოეს მომავალში, შესაძლოა, კიდევ ერთი სერიოზული საზრუნავი დაემატოს - დონორი ორგანიზაციები,

რომლებიც აქამდე მეტისმეტად ხელგაშლილები იყვნენ ამ სფეროს მიმართ, დახმარების შეწყვეტით იმუქრებიან.

საქართველოს ეკონომიკისათვის გაწეულ უცხოურ დახმარებას თუ დარგობრივ ჭრილში განვიხილავთ, ენერგოსექტორი ყველაზე განებივრებულ სფეროდ წარმოგვიდგება, მაგრამ, თუ ამ კაპიტალდაბანდებების ეფექტურობას მივიღებთ მხედველობაში, შეიძლება ითქვას, რომ ენერგეტიკა უცილობელი აუტსაიდერია და იმ ასეული მილიონობით დოლარის მარგი ქმედების კოეფიციენტი თანხობრივი გამოსახულების, აშკარად, არაადეკვატურია.

დონორების ეს უანგარო კეთილგანწყობა შეუძლებელია დიდხანს გაგრძელდეს, რაც დაადასტურეს კიდეც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძესთან გამართულ შეხვედრაზე. დონორები ხელისუფლებას ქვეყნის ენერგოსისტემაში ინვესტიციების შეწყვეტით დაემუქრნენ, თუ მთავრობა უახლოეს ერთ თვეში არ აღმოფხვრის სისტემაში კრიზისის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებს.

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) წარმომადგენელმა პიტერ ბრინკმანმა შეხვედრაზე, რომელსაც EBRD, USAID, IMF, IFC და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განაცხადა, რომ დონორები არ იზიარებენ ხელისუფლების წრეებში არსებულ ცალკეულ მოსაზრებას, თითქოს ენერგეტიკულ პრობლემებს ქვეყანაში გარედან ,,მტრული განწყობა" განაპირობებს.
მისი თქმით, ენერგეტიკული კრიზისი შიდა მიზეზებით არის გამოწვეული და ხელშემწყობ ფაქტორებს თვით სახელმწიფო სტრუქტურები ქმნიან, რომლებიც შეუთანხმებლად და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ამასთან, ბრინკმანმა აღნიშნა, რომ ენერგოსისტემაში დაძლეული არ არის კორუფციის მაღალი დონე.

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის წარმომადგენლის შეფასებით, საქართველოს ენერგეტიკული მდგომარეობა გაცილებით უარესია, ყველაზე განუვითარებელ ქვეყნებთან შედარებითაც კი, მაშინ, როდესაც, მსოფლიო მასშტაბით, დონორი ორგანიზაციების მხრიდან დახმარების და ინვესტიციების დონე ქვეყანაში ყველაზე მაღალია და ერთ სულ მოსახლეზე 50 ლარს უტოლდება.

დონორი ორგანიზაციების, მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) მიერ გამოყოფილი კრედიტები 234 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
იმ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რომლებიც
დონორი ორგანიზაციების მიერ ქონების მართვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებულ პროგრამაშია ჩამოთვლილი, მსოფლიო ბანკი ივნისში დასვამს საკითხს ენერგობაზრის მხარდამჭერი პროექტის დაფინანსების თაობაზე, ანუ უარს იტყვის პროექტის სასარგებლოდ 27 მილიონი აშშ დოლარისა და 25 მილიონი გერმანული მარკის გაცემაზე.
აღნიშნულ დოკუმენტში დონორი ორგანიზაციები ითხოვენ დაუყოვნებლივ გაიზარდოს მოხმარებული ელექტროენერგიის ამოღების მაჩვენებელი, რაც დღეისათვის 10 პროცენტით განისაზღვრება; საბიუჯეტო და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილმა ორგანიზაციებმა გადაიხადონ საბითუმო ბაზრისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური და მოეხსნას ყადაღა საბითუმო ბაზრის ანგარიშებს.

როგორც ხედავთ, ენერგეტიკოსებმა უკვე დონორებიც გააღიზიანეს. მდგომარეობის გამოსასწორებლად ხელისუფლებას მხოლოდ ერთი თვე აქვს რეზერვში, თუმცა ძნელი დასაჯერებელია, კორუფციით და უმოქმედობით ცნობილმა ქართული ენერგეტიკის მამებმა ამ მოკლე დროში მოახერხონ ის, რასაც წლების განმავლობაში წარმატებით ანგრევდნენ.
XS
SM
MD
LG