Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემუქრება თუ არა საფრთხე ბაქო-თბილისი-ჯეიხანის სტრატეგიულ პროექტს?


8 მაისს დასრულდა ნატოს "მშვიდობისათვის პარტნიორობის" კონსორციუმის ხელშეწყობით ორგანიზებული ბაქოს საერთაშორისო კონფერენცია,

რომელიც სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების პრობლემებს ეძღვნებოდა. ექსპერტთაა აზრით, რეგიონის სტაბილურობის ერთ-ერთ მყარ გარანტიას საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობა და ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენის მშენებლობა წარმოადგენს. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ტერორიზმის საფრთხისგან დაცული არც "საუკუნის პროექტი" გახლავთ.

ექსპერტთა შეფასებით, კასპიის ზღვასა და მის მიმდებარე რეგიონში არსებული ნავთობის მოცულობა მსოფლიოს მარაგის ერთ პროცენტს შეადგენს, მაგრამ ამით მისი პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა ოდნავადაც არ კლებულობს. პირიქით, როგორც აპრილის ბოლოს აშხაბადში გამართულმა კასპიისპირა ქვეყნების ხუთეულის შეხვედრამ ცხადყო, სტატუსის გაურკვევლობის შემთხვევაში ნავთობით მდიდარი კასპიის ზღვა, "შესაძლოა, ყველაზე სისხლისმღვრელ ცხელ წერტილად იქცეს."

აშხაბადის შეხვედრაზე თურქმენეთის პრეზიდენტ საფარმურად ნიაზოვის მიერ გამოთქმულმა ამ საშიშმა წინასწარმეტყველებამ და სამიტის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა - განსაკუთრებით კი რუსეთის სამხედრო ფლოტის საბრძოლო სწავლებამ კასპიის ზღვაში - აზერბაიჯანული პრესა და პოლიტიკური ელიტა მეტისმეტად ააფორიაქა. აზერბაიჯანში გამომავალი რუსულენოვანი დამოუკიდებელი გაზეთი "ზერკალო" წერს, რომ რუსეთი კასპიის ზღვაში ომისთვის ემზადება და აზერბაიჯანს მძიმე გამოცდის ჩაბარება მოუწევს. გაზეთის დასკვნით, რასაც ბაქოში ბევრი ექსპერტი იზიარებს, "რუსეთის მხრიდან ძალის დემონსტრირება ნიშნავს, რომ აზერბაიჯანი უახლოეს მომავალში უნდა ელოდეს სამხედრო პროვაკაციებს ირანის ან თურქმენეთის მხრიდან. მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში შეფერხდება დაწყებული მუშაობა კასპიის ნავთობის საბადოებზე, ხოლო რუსეთის ფლოტს კიდევ ერთი სამშვიდობო მისიის- მოკონფლიქტე მხარეების დაშორიშორების - შესრულება მოუწევს."

თუმცა საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დარწმუნებულია, რომ საუკუნის ნავთობსადენის პროექტის მშენებლობას რეალური საფრთხე არ ემუქრება და მის სასიკეთო შედეგს მალე იგრძნობენ საქართველო და აზერბაიჯანი.
[ზურაბ გუმბერიძის ხმა] "

აღსანიშნავია, რომ, გარდა კასპიისპირა ქვეყნებისა, კასპიის ნავთობის ტრანსპორტირების დასავლეთის მარშრუტზე თავდასხმებს ბაქოელი ანალიტიკოსები არც საქართველოში არსებული სეპარატისტული და კრიმინალური დაჯგუფებების მხრიდან გამორიცხავენ.
ამ თვალსაზრისით, აზერბაიჯანის მედიის ყურადღების ცენტრში უმალ მოექცა 5 მაისს ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ზესტაფონის მონაკვეთის დაზიანება, რის გამოც ათას კვადრატულ კოლომეტრზე ორი ტონა ნავთი გადმოიღვარა. ხსენებული რუსულენოვანი გაზეთი "ზერკალო" იზიარებს ვერსიას, რომ მილი, უბრალოდ, კრიმინალური მოქმედების შედეგად გამოვიდა მწობრიდან. თუმცა მეორე გაზეთი, "ექო," მიიჩნევს, რომ გაცილებით უფრო საშიშია ის საფრთხე, რასაც ბაქო_თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენს ჯავახეთში არსებული სეპარატიზმი და სომხური ნაციონალისტური ორგანიზაციების "ვიკრისა" და "ჯავაკხის" საქმიანობა უქადის. ბაქოს უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის კათედრის პროფესორის კამილ სალიამოვის თქმით, ნავთობსადენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიზანშეწონილი იქნებოდა სამხრეთ კავკასიაში სპეციალური სამშვიდობო კონტინგენტის შექმნა გაეროს მანდატით.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG