Accessibility links

logo-print

საქართველოში სამართალდამცავი სისტემა კვლავ რეფორმას საჭიროებს


საქართველოს სამართალდამცავი სისტემის სრული რეფორმა ჯერაც არ განხორციელებულა. მართალია, მის შემადგენელ ცალკეულ სფეროებში ცვლილებები კარგახანია მოხდა, მაგრამ ამას ხელშესახები შედეგი არ მოუტანია.

ახლა დღის წესრიგში დგას ძველი და რეფორმირებული სფეროების ერთობლივი რეფორმირების საკითხი, თუმცა ეს პროცესი, მიუხედავად უცხოური დახმარებისა, გაურკვეველი მიზეზებით ჭიანურდება.

ოთხ თვეზე მეტია, რაც შეიქმნა სამართალდამცავი და უშიშროების სისტემის რეფორმის შემმუშავებელი კომისია. ამ კომისიის აპარატისა და ტექნიკური ხარჯების დაფინანსება ამერიკის მთავრობამ და სხვა დონორმა ორგანიზაციებმა იკისრეს, თუმცა კომისიას დღემდე რაიმე წინადადებაც კი არ მოუმზადებია, კონცეფციასა ან საკანონმდებლო ცვლილებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამის შესახებ ჩვენს რადიო მსმენელს სოზარ სუბელიანი 30 აპრილს ესაუბრა. ამჯერად თქვენს ყურადღებას სხვა ასპექტებზე შევაჩერებ. კერძოდ, „თავისუფლების ინსტიტუტის“ დირექტორის ლევან რამიშვილის ინფორმაციით, მოსალოდნელია სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების პროცესში შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯეკ გლისონი სხვა პიროვნებით შეიცვალოს ან, სულაც, ამ პროექტის მიმართ ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერა შეწყდეს. რამიშვილის აზრით, ამის მიზეზი საქართველოს ხელისუფლებაა, რომელიც ცდილობს სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმა თავიდან აიცილოს.

[რამიშვილის ხმა] „პოლიცია - ეს არის ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელზეც ეს სახელმწიფო დგას. თუკი ამ პოლიციის მიმართულებითაც რაღაც რეფორმები დაიწყება, ყველანაირ ბერკეტს ხელისუფლება დაკარგავს და როდესაც უკვე სერიოზული, მნიშვნელოვანი არჩევნების დრო მოვა, როგორიცაა საპარლამენტო და შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნები, რეჟიმი უკვე განიარაღებული იქნება და მას არანაირი საშუალება არ ექნება, რომ რაღაცნაირად თავისი კანდიდატი გაიყვანოს.“

ლევან რამიშვილი მოითხოვს, კომისიის მუშაობის სტილი შეიცვალოს და მასში საზოგადოების წარმომადგენლებიც ჩაერთონ. მუშაობის სტილის შეცვლაში ის იგულსხმება, რომ სექტემბრამდე ჩამოყალიბდეს პოლიტიკური პრიორიტეტები, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს და კანონის ძალას მისცემს. რამიშვილი ფიქრობს, რომ შემდეგ ამ პრიორიტეტების ფარგლებში მუშაობა უფრო გაიოლდება და, თუ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე რეფორმა არ განხორციელდება, დრო ფუჭად მაინც არ დაიკარგება.

თუმცა დროს აქამდე არავინ ითვლიდა და რეფორმა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ხორციელდებოდა. მაგალითისათვის გამოდგება სასამართლო და სისხლის სამართლის რეფორმა, რომელიც მთავარ რეფორმატორად წოდებული მიხეილ სააკაშვილის ნამოღვაწარია. „თავისუფლების ინსტიტუტი“ აცხადებს, რომ მაშინ რუსეთში დაწუნებული პეტრუხინის სისხლის სამართლის კოდექსის მოდელი მოგვახვიეს თავს.

[რამიშვილის ხმა] „რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, აი, ეს კიდევ ერთხელ არის იმის დადასტურება, რომ თავს მოხვეული მოდელები ეფექტურად არ მოქმედებს და რომ მხოლოდ პიროვნებების შეცვლა, თუკი ამას ინსტიტუციონალური და პროცესუალური ცვლილებები არ მოჰყვება, შედეგს არ იძლევა.“

ამ სფეროში შექმნილი ვითარებიდანაც ნათლად ჩანს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ათწლიან პერიოდში განხორციელებული რეფორმები კვლავ რეფორმირებას საჭიროებს.
XS
SM
MD
LG