Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი კრიზისი პარლამენტში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი წინასაარჩევნო ციებ-ცხელებამ თავისი დაღი დაამჩნია პარლამენტის მუშაობას. წინა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განვითარებული მოვლენები 8 მაისს პარლამენტის სესიის ძირითად განსახილველ საკითხად იქცა.

ყოფილი საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ სავსებით რეალურია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების გაყალბება, ყოფილი უმრავლესობის ლიდერები კი საკუთარ თავს ხელისუფლებისგან დევნილ პოლიტიკურ ძალად მიიჩნევენ.

8 მაისს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობა, სადაც ცენტრალური საარჩევნო კომისიაც არის განთავსებული, პროტესტის გამოთქმის თავისებურ პოლიგონად იქცა. არანაკლები ვნებები დუღდა პარლამენტშიც, სადაც მთელი დღის მანძილზე იმის გარკვევით იყვნენ დაკავებულნი, თუ ვის უნდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბება და ვის რა წვლილი მიუძღვის, საზოგადოდ, დემოკრატიული ფასეულობების გაუფასურებაში. დაპირისპირებამ პარლამენტშიც და პარლამენტს გარეთაც ისეთ საშიშ ზღვარს მიაღწია, რომ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარეს ელენე თევდორაძეს ასეთი ფრაზა ათქმევინა:
[ ელენე თევდორაძის ხმა] “ მე არ ვიცი, რა მოხდა იქ ჩემს მისვლამდე, მაგრამ მე იქ დავინახე ფულის ტრიალი, იარაღის ჟღარუნი და მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არჩევნები სისხლისღვრით დამთავრდება. ეს არის საშინელება. ასეთი არჩევნები, ჯობს, საერთოდ არ ჩატარდეს.”
ალბათ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მაინც ჩატარდება და, თუ წინასაარჩევნო განწყობილებას გავითვალისწინებთ, ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევნები იქნება უკვე ჩატარებულ არჩევნებს შორის. ჯერ ერთი, ფაქტია, რომ ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა ძალოვანი სტრუქტურები მინიმალურ მონაწილეობას მიიღებენ არჩევნების პროცესში. ძნელი წარმოსადგენია, შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა, თავისი წინამორბედის მსგავსად, მოინდომოს არჩევნების პროცესში ჩარევა. ამის გარდა, ყოფილ მმართველ პარტიაში მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით, ყველაზე ნეიტრალურად განწყობილ, კანონმორჩილ ამომრჩეველს, რომელიც, შესაძლოა, ინერციით აძლევდა ხმას პრეზიდენტის პარტიას, ახლა სხვაგვარი არჩევანის გაკეთება მოუწევს. თუმცა, გულახდილად რომ ითქვას, 8 მაისს პარლამენტში პარლამენტარების მიერ ერთმანეთისთვის წაყენებული ბრალდებების მოსმენის შემდეგ, ალბათ, ძალიან ბევრ ამომრჩეველს საერთოდ გაუქრება არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. ბრალდებები ნაირგვარი იყო. პარლამენტარი გიორგი ბარამიძე პარტიათა ერთ, როგორც ჩანს, შეძლებულ ნაწილს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა მოქრთამვაში ადანაშაულებდა:
[გიორგი ბარამიძის ხმა] “ მე მოსახლეობას მინდა მივმართო. ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთნ დაკავშირებით არის ძალიან დიდი ფული გადახდილი. იყო დიდი იმედები.”[სტილი დაცულია]
სოციალისტთა პარტიის ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილი თავის საარჩევნო ბატალიებს იხსენებდა:
[ ვახტანგ რჩეულიშვილის ხმა[ “მართლაც, უხერხულია, როდესაც გამოდის პარლამენტის ყოფილი თვმჯდომარე, რომელიც ყველა არჩევნებს აყალბებდა, უშუალოდ ხელმძღვანელობდა, დევნას ხელმძღვანელობდა ტანკებით, ბრონეტრანსპარტიორებით, ხელკეტებით, ძაღლებით, უბედურებით, ჩაყრით...”

მასალის მომზადებისთვის პარლამენტს მუშაობა არ განუახლებია. პარლამენტის ფრაქციათა უმრავლესობის მოთხოვნით, პარლამენტში ელიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჯუმბერ ლომინაძეს, რომლის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს, ასევე, ფრაქციათა ჯგუფი, და გენერალურ პროკურორ ნუგზარ გაბრიჩიძეს, რომელმაც პარლამენტს უნდა მოახსენოს, როგორ მიმდინარეობს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნებისას ბიულეტენების დანომვრის ფაქტის გამო აღძრული საქმის გამოძიება.
XS
SM
MD
LG