Accessibility links

ზურაბ ჟვანიას გუნდი არჩევნებში “ქრისტიან-კონსერვატიული” პარტიის სახელით იღებს მონაწილეობას


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტიათა რეგისტრაცია დაასრულა. ამდენად, უკვე ცნობილია, რამდენი და რომელი პოლიტიკური ორგანიზაციები ცდიან ბედს ადგილობრივ არჩევნებში.

მათ შორისაა ნაკლებად ცნობილი “ქრისტიან-კონსერვატიული პარტიაც”, რომლის სახელითაც აქამდე “მოქალაქეთა კავშირის” სახელით მოქმედი ჟვანიას გუნდი ისარგებლებს.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე კიდევ სამიოდე კვირაზე მეტია დარჩენილი და საარჩევნო მარათონის ყველაზე ცხელი პერიოდიც, თითქოსდა, წინ არის, პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ მაღალია და ცხადია, არჩევნებისთვის როგორი და რა ფორმის ბრძოლები გველის.

8 მაისს ისევ ხალხმრავლობა იყო იმ შენობის წინ, რომელშიც ცენტრალური საარჩევნო კომისიაა განთავსებული. მთელი რიგი პოლიტიკური ორგანიზაციები კატეგორიულად მოითხოვდნენ საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას, რადგან მას უკანონოდ მიიჩნევენ. მიზეზი გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოაშკარავებული ზედმეტი ბიულეტენია. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ კი ამ მოთხოვნაში საარჩევნო კომისიებიდან მისი თანამოაზრეების გამოძევების მცდელობა დაინახა.

მართლაც, ზურაბ ჟვანია და მისი გუნდი იმ დაუნდობელი წინასაარჩევნო მეთოდების მსხვერპლის როლში აღმოჩნდნენ, რომელთაც ქართულ რეალობაში “მოქალაქეთა კავშირი” ამკვიდრებდა. მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანს. ფაქტია, რომ საარჩევნო პროცესის ბინძურ პროცესთან გაიგივებაში ლომის წილი ყოფილ მმართველ პარტიას მიუძღვის. დღეს უკვე ზურაბ ჟვანიას უწევს ჩივილი იმის გამო, რომ მას და მის თანამოაზრეებს დრაკონული წესებით ებრძვიან და ამაშიც “მოქალაქეთა კავშირის” წვლილი იკვეთება, რადგან დღეს ყველაზე მეტად დაპირისპირებულები სწორედ ამ პარტიის წიაღში აღმოცენებული პოლიტიკოსები თუ მოხელეები არიან.

[ზურაბ ჟვანიას ხმა] “გამოყენებულ იქნა დრაკონული პრაქტიკა პოლიტიკური მოღვაწეობის აკრძალვისა ერთ-ერთი ყევლაზე ძლიერი პოპულარული პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ.”

მართლაც, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩენილ გუნდს, რომელიც ზურაბ ჟვანიას გუნდის სახელით არის ცნობილი და რომელიც “მოქალაქეთა კავშირის” განუყოფელ ნაწილად და მის სახედ წარმოგვიდგებოდა, არჩევნებში მონაწილეობა ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი პარტიის სახელით უწევს.

[ზურაბ ჟვანიას ხმა] “რამოდენიმე პარტიამ შემოგვთავაზა ჩაესვა ჩვენი წარმომადგენლები თავის სიაში, მათ შორის არის ერთი პატარა, ნაკლებად ცნობილი პარტია. ვთვლი, რომ მადლიერებით უნდა მივიღოთ ეს გაჭირვების დროს გადმოგდებული მაშველი რგოლი.”


მას შემდეგ, რაც საოლქო სასამართლო გადაწყვეტილებით ჟვანიას გუნდს “მოქალაქეთა კავშირის” სახელით მოქმედება აეკრძალა, ეს უკანასკნელი არჩევნების წინ კინაღამ თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა. პატარა და ნაკლებად ცნობილი პარტია, რომელმაც ყოფილ მმართველებს დახმარების ხელი გაუწოდა, “ქრისტიან-კონსერვატიული” პარტიაა. ასე რომ, ჟვანიას გუნდი არჩევნებში მონაწილეობას იღებს და, თუ საჭირო გახდება, “მოქალაქეთა კავშირის” სახელით სარგებლობის აკრძალვას ევროპაში გაასაჩივრებს.
XS
SM
MD
LG