Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხშაბათს მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით პაკისტანში ათობით ისლამისტი ექსტრემისტი დააპატიმრეს


ანდრო ეული, პრაღა ამერიკელი და ფრანგი გამომძიებლები თავიანთ პაკისტანელ კოლეგებთან ერთად ცდილობენ გაარკვიონ, ხომ არ არის რაიმე კავშირი "ალ-ყაიდის" ტერორისტებსა და ოთხშაბათს მომხდარ აფეთქებას შორის,

რომლის შედეგად პაკისტანის ქალაქ კარაჩიში 14 ადამიანი, მათ შორის 11 ფრანგი ინჟინერი დაიღუპა.

როგორც პაკისტანის სადაზვერვო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა უთხრა კორესპონდენტებს, კარაჩიში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ექსტრემისტული დაჯგუფებების, მათ შორის "ჯაიშ-ე-მოჰამედის", "სიფა-ე-შაჰაბას" და "ლაშქარ-ე-თაიააბას", სულ ცოტა, 50 წევრია დაპატიმრებული. ეს ექსტრემისტული დაჯგუფებები იანვარში გამოაცხადა კანონგარეშედ პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა. "რეიდები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გრძელდება და ჩვენ მეტ დაპატიმრებებს მოველით" - განაცხადა პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თასნიმ მურანიმ.

მისივე თქმით, დაპატიმრებები უმეტესწილად ქვეყნის უდიდეს, ფუნჯაბის შტატში მოხდა. პაკისტანში მცხოვრებ ისლამისტ ექსტრემისტთა უმრავლესობას ახლო კავშირი აქვს ოსამა ბინ ლადენის ტერორისტულ ორგანიზაცია "ალ-ყაიდასთან". ეს ადამიანები სამაგიეროს გადახდით დაემუქრნენ ფერვეზ მუშარაფს მას შემდეგ, რაც პაკისტანის პრეზიდენტი ავღანელი თალიბების რეჟიმს გაემიჯნა, ანტიტერორისტულ კამპანიაში შეერთებულ შტატებს მიემხრო და პაკისტანში კანონგარეშედ გამოაცხადა ისლამისტთა ხუთი ექსტრემისტული დაჯგუფება.

ოთხშაბათს მომხდარი აფეთქების შედეგად, რომელიც, პაკისტანის პოლიციის ცნობით, დანაღმულ ავტომანქანაში მყოფმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, 11 ფრანგი ინჟინერი დაიღუპა, ხოლო ასევე ფრანგი 12 მუშა დაიჭრა. დაჭრილები, აგრეთვე, დაღუპულთა გვამები გერმანიის სამხედრო თვითმფრინავით საფრანგეთში ჩაიყვანეს.

ფრანგი ინჟინრები და მუშები წყალქვეშა ნავის მშენებლობაში ეხმარებოდნენ თავიანთ პაკისტანელ კოლეგებს. "აგოსტას" კლასის ორი წყალქვეშა ნავი პაკისტანმა 1994 წელს შეისყიდა საფრანგეთისგან. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა მიშელ ალიო-მარიმ, რომელიც პაკისტანშია ჩასული, განაცხადა, რომ ოთხშაბათს მომხარი ტრაგედიის მიუხედავად წყალქვეშა ნავის მშენებლობა გაგრძელდება.

მიშელ ალიო-მარიმ ქებით მოიხსენია ფერვეშ მუშარაფის "გაბედული არჩევანი", შეერთებულ შტატებს მიმხრობოდა 11 სექტემბრის შემდეგ დაწყებულ ომში ტერორიზმის წინააღმდეგ. "ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ტერორიზმს მის საბოლოო განადგურებამდე" - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მძაფრად დაგმო კარაჩიში მომხდარი ტერაქტი და განაცხადა, რომ ამ აფეთქებამ კიდევ ერთხელ შეახსენა მთელს მსოფლიოს ტერორიზმის წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლის აუცილებლობა.
XS
SM
MD
LG