Accessibility links

სამშობლოდან გაძევების ათი წლის თავზე ყარაბაღელები მზად არიან, თავიანთი მიწის დაბრუნებისთვის იბრძოლონ


ათი წლი წინ, 1992 წლის 9 მაისს, სომხეთის შეიარაღებულმა რაზმებმა დაიკავეს მთიანი ყარაბაღის ქალაქი შუშა – მხარის კულტურული ცენტრი, მთის ქალაქი, რომლის დაცემამ აზერბაიჯანს უდიდესი სულიერი დარტყმა მიაყენა.

შუშიდან და მთლიანად ყარაბაღიდან განდევნილი ასეულათასობით ადამიანი აზერბაიჯანშია ახლა მიმოფანტული. იმ დროს, როცა სომხეთი და აზერბაიჯანი მომავალ კვირაში პრაღაში მთიანი ყარაბაღის გარშემო მოლაპარაკების გაგრძელებას აპირებენ, შუშიდან ლტოლვილები აცხადებენ, რომ ლაპარაკით პრობლემის მოგვარება შეუძლებელია, და რომ ისინი მზად არიან თავიანთი სახლების დასაბრუნებლად იბრძოლონ.

რუსეთის ჯარის მხარდაჭერით მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის დაკავებიდან ათი წლის შემდეგ, აზერბაიჯანში ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ყველაზე მეტი ლტოლვილი ცხოვრობს. საკუთრივ ყარაბაღიდან სომხეთის არმიამ განდევნა 700 ათასი ადამიანი, ხოლო აზერბაიჯანელი ეროვნების 200 ათასი მოქალაქე აიძულეს, სომხეთი დაეტოვებინა, რაც მთლიანად ქვეყნის მოსახლეობის 10 პროცენტს შეადგენს. გაეროს ლტოლვილთა საქმეების უზენაესი კომისარიატის თანამშრომლის ვუგარ აბდუსალიმოვის თანახმად, ლტოლვილების დიდი ნაწილი ცხოვრობს მძიმე პირობებში კარვებში, ვაგონებში, მიწაში ამოთხრილ ორმოებში. მისივე ინფორმაციით, აზერბიჯანს დიდ ტვირთად აწევს უმუშევრობა, განსაკუთრებით ლტოლვილებს შორის. აბდუსალიმოვის განმარტებით, ყარაბაღელთა უმეტესობა სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები არიან. როგორც ლტოლვილებს, მათ ძირითადად ქალაქებში დასახლება მოუხდათ და მათი ცოდნისა და უნარის გამოყენება იქ ვერ ხერხდება. ამას კი ის მოჰყვება, განაგრძობს აბდუსალიმოვი, რომ ლტოლვილები აზერბაიჯანის ლტოლვილთა კომიტეტის ხარჯზე არსებობენ. არადა, ეს თანხა იმდენად მცირეა, რომ მას “პურის ფულს” უწოდებენ.

შუშიდან არის განდევნილი მერზიე ჰასანოვა, რომელიც ახლა თავის ოჯახთან ერთად ბაქოს მახლობლად, რკინიგზის თანამშრომელთა ყოფილ საცხოვრებელში ბინადრობს. აქ თითო ოჯახს ერთი ოთახი აქვს. ჰასანოვამ ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, რომ ათი წელიწადი იქ ცხოვრება საკმარისი სასჯელია, ახლა მას და მისიანებს შინ დაბრუნება სურთ. მას კარგად ახსოვს შუშაზე სომეხთა ჯარის შეტევა, ახსოვს ისიც, როგორ დაჭრეს მისი ვაჟი, რომელიც მას შემდეგ აღარავის უნახავს. გაჭაღარავებული მერზიე ჰასანოვა, რომელსაც მაღალი წნევა აწუხებს, მზად არის თვითონ ჩაიცვას ფორმა და თავისი სამშობლო გაათავისუფლოს. [ჰასანოვას ხმა]

შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი საბჭოთა პერიოდში დაიწყო, 1988 წელს, როცა აზერბაიჯანის შემადგენლობაში მყოფმა უმეტესად სომხებით დასახლებულმა ამ ოლქმა აზერბაიჯანისგან გამოყოფისა და სომხეთთან შეერთების კამპანია დაიწყო. 1990-ში ამ ორმა უკვე დამოუკიდებელმა ქვეყანამ ერთმანეთთან ოლქის გამო ომი გააჩაღა. რუსეთის არმიის ხელშეწყობითა და მდიდარი უცხოური დიასპორის მხარდაჭერით, სომხებმა მოახერხეს მთიანი ღარაბაღის აღება და იქიდან აზერბაიჯანული მოსახლეობის გაყრა. 94-ში მხარეებმა საზავო შეთანხმება გააფორმეს. დღემდე გრძელდება მათი მოლაპარაკება, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები შუამავლობენ, მაგრამ ამ მოლაპარაკებას ბოლო არ უჩანს.

12 მაისს, პრაღაში, დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტთა წარმომადგენლების შეხვედრა, თუმცა, ამ შეხვედრის მიზანი მხოლოდ ერთმანეთის გაცნობაა. მომავალ წელს ორივე ქვეყანაში არჩევნები გაიმართება, ისე, რომ პოლიტიკური მოგვარება ამ კონფლიქტისა არ მოხდება. ამ აზრისაა შუშელი ვუგარ რუსტამოვიც: [რუსტამოვის ხმა] “არა მჯერა ამ მოლაპარაკების შესახებ ზღაპრებისა, ჩვენი რწმენით, მხოლოდ ბრძოლით მოგვარდება ეს საქმე. უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ყარაბაღისთვის და იარაღით გავათავისუფლოთ ის.”

სხვა ლტოლვილები მის ნათქვამს კვერს უკრავენ, ათი წელიწადი გავიდა შუშის დაკარგვიდან, მათ მოლაპარაკება აღარ სურთ, მოცდა აღარ შეუძლიათ, მათ ბრძოლა სურთ.
XS
SM
MD
LG