Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის აქვს უკეთესი სასტარტო პოზიცია არჩევნების წინ


დავით პაიჭაძე, თბილისი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური პარტიების სიათა წარდგენით დაიწყო საარჩევნო კამპანიის მორიგი ეტაპი, როცა პოლიტიკურ ორგანიზაციებს წინა პერიოდისგან განსხვავებული ამოცანების გადაჭრა მოუწევთ.

ამ ფონზე მცირე უპირატესობას "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ფლობს.

საარჩევნო კამპანიებს ჩვენში ისტერია არასოდეს აკლდა. აქამდე მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდა შედარებით მშვიდ ვითარებაში. ადგილობრივ არჩევნებამდე სამი კვირით ადრე ყოფილ სახელისუფლო პარტიაში გამწვავებულმა პრობლემებმა და სხვა პარტიათა სურვილმა, თავიანთი გავლენა აესახათ საარჩევნო კომისიებში, ემოციური ფონი ძალიან დაძაბა.

ბევრისთვის მოულოდნელად, ასეთ ფონზე მშვიდად გამოიყურება მიხეილ სააკაშვილი და მისი “ნაციონალური მოძრაობა”. ოფიციოზურ საინფორმაციო საშუალებებში, აგრეთვე, თავისუფალი მედიის იმ სექტორში, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური, მათ შორის, სახელისუფლო ძალა აკონტროლებს, კარგა ხნის მანძილზე ირწმუნებოდნენ, რომ სააკაშვილი, უბრალოდ, გიჟია. მისი არანორმალურობის დასტურად მოჰქონდათ ყველაფერი – დაწყებული დუჟით, რომელიც თითქოსდა პირზე ადგება ლაპარაკის დროს, დამთავრებული სათქმელის შინაარსით, მაგალითად, დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსათვის დაბრუნების იდეით.

ადგილობრივი არჩევნების წინ კი, სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა ქცევის შემხედვარე, სააკაშვილის სიგიჟე არავის ახსოვს. მეტიც, ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა დაასწრო თავის კოლეგა-კონკურენტებს და პირველმა დაიწყო ლაპარაკი ამომრჩეველთან. ბოლო დღეებია, ვხედავთ, “მოქალაქეთა კავშირი” (ყველა ჰიპოსტასით), “ახალი მემარჯვენეები” თუ “აღორძინება,” ძირითადად, ერთმანეთთან ან საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობების გარკვევას უნდებიან. მოქალაქეთათვის, არჩევნების წინ ელექტორატს რომ ეტყვიან, მათ ჯერ არაფერი უთქვამთ. ცხადია, ეს ვითარება შეიცვლება, მაგრამ სააკაშვილი ჯერ ერთადერთია, ვინც პირით საზოგადოებისკენ არის მიქცეული და ახერხებს ეს საჯაროდ, ყველას დასანახად გააკეთოს. ამომრჩეველზე მუშაობენ “მრეწველებიც”, ოღონდ მათ კამპანიას დღემდე საზოგადოებრივი რეზონანსი აკლდა. კარგი გაგებით, პოპულისტმა, შალვა ნათელაშვილმა, ლეიბორისტული პარტიის საარჩევნო სიათა წარდგენისას ყველაზე დასამახსოვრებელი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ პარტიის წევრებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაახლოება, ქეიფი და ღრეობა აუკრძალა; ეს აკრძალვა მხოლოდ არაპირდაპირ შეიძლება გავიგოთ, როგორც მოწოდება ხალხის სამსახურში ჩადგომისაკენ.

მიხეილ სააკაშვილმა შიდაპარტიულ გარჩევებს თავი ადრევე, თან ხელის ერთი დაკვრით დააღწია, როცა უყოყმანოდ გაემიჯნა “მოქალაქეთა კავშირს”. ყოფილ თანაპარტიელებთან ურთიერთობის რკვევა, იმავე ლევან გაჩეჩილაძისა თუ დავით გამყრელიძისგან განხვავებით, სააკაშვილს არასოდეს აინტერესებდა. ის არის ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსი, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტი ორჯერ - და ორჯერვე ბოლომდე თავის სასარგებლოდ - გამოიყენა: 99-ში შევარდნაძის მხადაჭერით გაიმარჯვა, 2001-ში კი – მასთან დაპირისპირებით. დღეს სააკაშვილი შევარდნაძისკენ ნაკლებად იყურება. მისი საარჩევნო სტრატეგიაცა და ტაქტიკაც ეფუძნება ხალხთან უშუალო ურთიერთობას და ამ მაჩვენებლით იგი, ყოველ შემთხვევაში, არჩევნებამდე სამიოდ კვირით ადრე, კონკურენტებს აღემატება.
XS
SM
MD
LG