Accessibility links

logo-print

რისთვის გამოიყენებენ ამერიკელების მიერ გაწვრთნილ ქართველ ჯარისკაცებს


როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების პროგრამის ძირითადი მიზანი ტერორიზმთან საბრძოლველად ქართული საჯარისო ფორმირებების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებაა.

საქართველოში ამერიკულად გაწვრთნილ ჯარისკაცებზე დიდ იმედებს ამყარებენ და მათი მეშვეობით ლამის ყველა პრობლემის გადაწყვეტას გეგმავენ.

9 მაისს ამერიკელმა სამხედრო ექსპერტებმა ვაზიანის სამხედრო ბაზის ობიექტები მოინახულეს, რითაც დასრულდა „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამის მოსამზადებელი ეტაპი. ლოგისტიკის ჯგუფმა საქართველოს ის სამხედრო ობიექტები შეისწავლა, სადაც შეერთებული შტატებიდან ჩამოსული სამხედრო ინსტრუქტორები განლაგდებიან. „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამის მეთაურ ვიცე-პოლკოვნიკ რობერტ ვოლტემაიერის განცხადებით, შემოწმებული ქართული სამხედრო ობიექტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისი თქმით, ინსტრუქტორთა ძირითადი ჯგუფი საქართველოში მაისის ბოლოს ჩამოვა. პროგრამის პირველი ეტაპი თეორიულ მომზადებას დაეთმობა. მეორე და მესამე ტაქტიკური მომზადება იქნება, მეოთხე ეტაპზე კი შედეგები შეჯამდება.

მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ნათლად არაა გამოკვეთილი ის ამოცანები, რომელთა შესრულება ამერიკელების მიერ მომზადებულ ქართველ ჯარისკაცებს მოუწევთ. თუ თავდაპირველად ანტიტერორისტული ქვედანაყოფების მთავარ სამიზნედ პანკისის ხეობაში დაბანაკებული ტერორისტები სახელდებოდნენ, ახლა მათ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი პრობლემების გადაჭრის მექანიზმად განიხილავენ, თუმცა მცდელობა, ამერიკელი სამხედროების მიერ ქვედანაყოფების მომზადება აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაეკავშირებინათ, უშედეგოდ დამთავრდა და ამ ეტაპზე მაღალი რანგის ქართველი სამხედროები იმის მტკიცებასაც კი ერიდებიან, რომ ელიტარული ქვედანაყოფები პანკისში ტერორიზმთან საბრძოლველად იქნებიან გამოყენებულნი.

საინფორმაციო სააგენტო პრაიმ-ნიუსისათვის მიცემულ ინტერვიუში შეიარაღებული ძალების მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა ლევან ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ ამერიკულად გაწვრთნილი ჯარისკაცები იმ ამოცანას შეასრულებენ, რომელსაც მათ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა დაუსახავს. გადაწყვეტილია, რომ ამერიკელი ინსტრუქტორები საქართველოს ყველა ძალოვანი სტრუქტურის ჯარისკაცებს მოამზადებენ, რაც ამერიკული პროგრამის ფართო ამოცანებზე მეტყველებს.

8 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭანტურიამ განაცხადა, რომ ამერიკელთა მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფთა მომზადების პროგრამის გარკვეული ნაწილი დაეთმობა სპეციალური კონტინგენტის მომზადებას მილსადენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

გიორგი ჭანტურიას არაერთხელ დაუყენებია მშენებარე ენერგეტიკული დერეფნის მომავალი უსაფრთხოების საკითხი. ამ პრობლემის გადაწყვეტის აუცილებლობა რამდენიმე დღის წინ თვალსაჩინო გახდა, როდესაც ბაქო-სუფსის ნავთობსადენი დაზიანდა და ნავთობი დაიღვარა. ჯერჯერობით ზუსტად არაა დადგენილი რა გახდა ავარიის მიზეზი. თუმცა, ექსპერტების ვარაუდით, მომავალში ტერორისტების სამიზნე სწორედ ენერგეტიკული დერეფნები შეიძლება გახდეს, ეს იმიტომ რომ, ამ დერეფნებზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული დასავლეთის ქვეყნების ენერგეტიკული სტაბილურობა.

საქართველომ, თურქეთმა, აზერბაიჯანმა და უკრაინამ უკვე ჩაატარეს რამდენიმე ერთობლივი წვრთნა მილსადენების დაცვის მიზნით, მაგრამ 2005 წლისათვის დაგეგმილი ძირითადი მილსადენების ექსპლუატაციის დაწყების შემდეგ, უფრო მძლავრი უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება გახდება საჭირო. გიორგი ჭანტურია იმედოვნებს, რომ ამერიკელების მიერ გაწვრთნილი ქართველი ჯარისკაცები ამ სისტემის საფუძველს შექმნიან.
XS
SM
MD
LG