Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის შარშანდელი ეკონომიკური ვითარების ზოგიერთი ასპექტი


გიორი კაკაბაძე, თბილისი “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” ბიულეტენის 67-ე ნომერში გამოქვეყნებულია კავკასიური კლუბის წევრის ზურაბ ჩხაიძის სტატია,

სათაურით “2001 წლის განმავლობაში საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში და მეზობელ ქვეყნებში არსებული ვითარების მიმოხილვა”. სხვა საკითხებთან ერთად, ნაშრომში საუბარია აფხაზეთის შარშანდელი ეკონომიკური ვითარების ზოგიერთ ასპექტზე.

შარშან, პირველ ნოემბერს, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განიხილეს 2002 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც გარკვეული შესწორებებით, კერძოდ კი, თავდაცვის სამინისტროსა და ტელერადიოკომპანიის დაფინანსების გაზრდის შემდეგ, დამტკიცდა კიდეც. პროექტის თანახმად, საშემოსავლო ნაწილმა შეადგინა 259 მილიონზე მეტი რუბლი, ხარჯვითმა ნაწილმა კი - 270 მილიონზე მეტი. ავტორი, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ, სეპარატისტული აფხაზეთის ეროვნული ბანკის განცხადებით, 2002 წელს ვალუტის შემოღება დაგეგმილი არ არის.
შემდეგ სტატიაში ნათქვამია, რომ, მინისტრთა კაბინეტის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ქვანახშირის საბადო, რომელიც ტყვარჩელის რაიონში, მდინარე ჯიგიტის შესართავთან, მდებარეობს, შემდგომი დამუშავებისთვის თურქულ ფირმა “კარაელმას” გადაეცა. სპეციალისტების შეფასებით, საბადოს მარაგი 3,8 მილიონ ტონას შეადგენს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აფხაზეთი ერთ ტონა ქვანახშირზე 6 ამერიკულ დოლარს მიიღებს.
შარშან სექტემბერში აფხაზეთში შემცირდა ფასები პურზე. მაგალითად, უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან დამზადებული 600 გრამიანი პურის ფასი 4,5 რუბლი გახდა. ავტორის თქმით, ფასების ვარდნა პურზე გამოიწვია კრასნოდარის მხარეში ფქვილზე ფასების დაწევამ.
სტატიაში აღნიშნულია, რომ გალის რაიონში ციტრუსების დამზადებისა და რეალიზაციის კამპანიას აფხაზთა შეიარაღებული დაჯგუფებები აკონტროლებენ. მაგალითად, სოფელ ღუმურიშში 7 კაციანი ჯგუფი ქართველი მოსახლისგან, ბეგარის სახით, 200 კგ მანდარინს იღებდა და შესაბამის საბუთს აფორმებდა, რის შემდეგ ამ მოსახლეს მოსავლის რეალიზაციის უფლება ეძლეოდა.
სტატიაში ნათქვამია, რომ ქალაქ გალში მანდარინის სარეალიზაციოდ რუსეთის მოქალაქეები ჩადიან და შემდგომ სამშვიდობო ძალების დახმარებით შესყიდული ციტრუსები რუსეთში გააქვთ. საინტერესოა, რომ გალში ერთი კილოგრამი მანდარინი 6 რუბლი ღირს, სოჭში – 18 რუბლი, მოსკოვში კი – 54 რუბლი. გარდა ამისა, ავტორი წერს, რომ სეპარატისტები ერთ კილოგრამ თხილში მოსახლეობას უფრო ნაკლებს უხდიან, ვიდრე ის ზუგდიდის ბაზარზე ღირს. ჩასაბარებელი ფასი 1,4-1,6 ლარის ფარგლებშია. გალის რაიონის ადმინისტრაციამ თითოეულ ოჯახს ელექტროენერგიის გადახდის საფასურად 50 კილოგრამი თხილის გადახდა დაუწესა, კრიმინალური დაჯგუფებები კი ერთ ძირზე ნახევარ კილოგრამს ითხოვენ.
მიმდინარე წელს გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რუსლან ქიშმარიამ გალის თითოეულ სოფელს თვეში 40-60 ტონა თხილის ჩაბარება მოსთხოვა, რის სანაცვლოდაც უსაფრთხოების გარანტიებს შეჰპირდა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ზუგდიდში გადამუშავების შემდეგ თხილი, ძირითადად, თურქეთში გააქვთ, აფხაზებისთვის კი გასაღების ბაზარს რუსეთი წარმოადგენს.
“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” ბიულეტენში ნათქვამია, რომ, ეკონომიკაში არსებული სირთულეების მიუხედავად, აფხაზმა სეპარატისტებმა რუსეთის დახმარებით შეძლეს წარმოების შემდგომი განვითარებისა და ზრდისათვის ბაზის შექმნა, მათ შორის, სასოფლო სამეურნეო და ტურისტულ სფეროებში. ავტორი წერს, რომ თითქმის ყველა პროდუქტი, რომელიც აფხაზეთში იწარმოება, საექსპორტოდ რუსეთში გადის.
XS
SM
MD
LG