Accessibility links

logo-print

ელექტროკავშირს ხელოვნურად აკოტრებენ


ელექტროკავშირი უახლოეს ხანში, დავალიანების გამო, სოციალურად დაუცველი, დაახლოებით, 20 000 აბონენტის ქსელიდან ამორთვას აპირებს. ეს კონტინგენტი საქართველოს კანონმდებლობის,

ისევე როგორც კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ გამოცემული სპეციალური დადგენილებების, საფუძველზე, კანონიერად სარგებლობს შემცირებული ტარიფების უფლებით, როგორც ტელეფონის დადგმაზე, ასევე სააბონენტო გადასახადზე. მათ ამ უფლებას კი სახელმწიფო ისევე ადვილად არღვევს, როგორც სხვა დანარჩენს. სოციალურად დაუცველთა დავალიანებამ ელექტროკავშირის მიმართ, მიმდინარე წლის გასული 4 თვის მიხედვით, 420 000 ლარი შეადგინა.

სოციალურად დაუცველთა სამომხმარებლო ტარიფის შეღავათიანობა ადგილობრივი ბიუჯეტის საშუალებით უნდა დარეგულირდეს.თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ასე არ ხდება: გასული წლის მეორე ნახევარში ელექტროკავშირის მიერ ტელეფონის სააბონენტო ტარიფის გაზრდის, გაორმაგების შესაბამისად, ელექტროკავშირმა სოციალურად დაუცველთა ფენას ახალ წლამდე, ანუ შემდგომი წლის ბიუჯეტის კანონის დამტკიცებამდე, ახალი ტარიფის მომსახურება შეუჩერა და დროებით ძველ რეჟიმში დატოვა. 2002 წლის ბიუჯეტში შესაბამისი თანხები არ ჩაიდო, ანუ ელექტროკავშირის გასაკოტრებლად ხელოვნური მანევრი გაკეთდა. ასე ფიქრობს თბილისის საკრებულოს წევრი ჯონდი ბაღათურია, რომელიც ამ სიტუაციაში, ელექტრო-კავშირის მაგალითზე, სახელმწიფო საწარმოს გაკოტრების ნაცნობ სცენარს ხედავს.
[ჯონდი ბაღათურიას ხმა]“სტანდარტულად მიდის- ესე იგი დაიძაბება სიტუაცია, ატყდება ერთი ვაი-ვიში, რომ ფინანსურად როგორ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა ელექტროკავშირი იმიტომ, რომ ვიღაცამ რაღაცა არ გადაიხადა. თან ის აქტივები დარჩება და პრივატიზების შემდგომ ვიღაცა ამ აქტივებს ამოიღებს ძალიან ლამაზად, ისევე, როგორც მოხდა ეიესის შემთხვევაში. აქტივები არსებობდა, არავინ არ ზრუნავდა აქტივების ამოღებაზე და ეხლა ნახეთ რა დღეშია მოსახლეობა, როცა პრივატიზება მოხდა. როგორც წყალკანალის შემთხვევაში, ვიმეორებ, 51 მილიონი აქტივი აქვს, არავინ არ ამბობს, რომ აქტივი ამოვიღოთ –ამბობენ, რომ, მოდი, პრივატიზება გავაკეთოთ და მერე ამ აქტივს გაატანენ, როგორც უიმედო აქტივებს. ჩვენთან ხომ სახელმწიფოს აქტივები როცა არის, ყველაფერი უიმედო აქტივებია. როგორც კი კერძო მესაკუთრე გაუჩნდება, ყველაფერი საიმედო აქტივები ხდება მერე. ასეთი ვითარებაა შექმნილი”[სტილი დაცულია].
შექმნილ მდგომარეობაში დამნაშავედ ჯონდი ბაღათურია ორ სუბიექტს - თბილისის მერსა და ფინანსთა მინისტრს -მიიჩნევს. არსებობს ამ ინსტანციებში გაგზავნილი წერილები, რომლებითაც თანხას ითხოვენ, ელექტროკავშირის ხელმძღვანელობის სახელით. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, დაბალი ღობე მაინც მომხმარებელია და, შესაბამისად, ელექტროკავშირიც მომხმარებელს გათიშავს და არა მერსა და ფინანსთა მინისტრს. გარე სამყაროსთან ურთიერთობის ძირითადი საშუალების - ტელეფონის გათიშვის კანდიდატები არიან: მარტოხელა უმუშევარი მოხუცები, მარტოხელა და ბავშვობიდან ინვალიდები, მარჩენალდაკარგული ოჯახები და პირველი ჯგუფის ინვალიდები და სხვები - სულ ოცი ათასამდე აბონენტი, რომელთაც, შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად ესაჭიროებათ ტელეფონი. ამდენად, ელექტროკავშირის გაკოტრებისა და პრივატიზებისათვის მზადების ყველა დაშვებულ თუ აკრძალულ მეთოდს უდავოდ აქვს მორალური მხარეც, რასაც ნორმალურ სახელმწიფოში გაითვალისწინებდნენ კიდეც.
[ჯონდი ბაღათურიას ხმა]“კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ხელისუფლებას, რომ არსებობს და არ დაშლილა საპროტესტო აქციათა საორგანიზაციო ჯგუფი , რომელიც, არსებითად, თელასის ტარიფთან დაკავშირებით შეიქმნა, მაგრამ ეს ჯგუფი სათავეში ჩაუდგება ამ საპროტესტო აქციებს.”
XS
SM
MD
LG