Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუგოსლავია ტრეფიკინგის წინააღმდეგ კანონის მისაღებად ემზადება


იუგოსლავიას ხშირად მოიხსენიებენ ტრეფიკინგის პრობლემის კონტექსტში, ვინაიდან მსოფლიოში ტრეფიკინგის ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი ბალკანეთზე, ხოლო მარშრუტის ცენტრალური ნაწილი იუგოსლავიაზე გადის.

პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩის მმართველობის წლებში აყვავებული კორუფციის მეშვეობით ტრეფიკერებმა პოზიციების განმტკიცება შეძლეს: მათ, ფაქტობრივად, კონტროლი დაამყარეს ავტოტრასებსა და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, რომელთა გავლით ადვილად გადაჰყავთ მსხვერპლი - აღმოსავლეთევროპელი ქალები ჩაჰყავთ დასავლეთში, სადაც მათ მეძავობას აიძულებენ.

მაგრამ ტრეფიკერების საქმე, შესაძლოა, საგრძნობლად გართულდეს: იუგოსლავიაში მზადდება კანონი, რომელიც ადამიანებით ვაჭრობის აკრძალვას ითვალისწინებს.

იუგოსლავიის ხელმძღვანელობამ ახალი კანონის მზადება ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (ეუთო) მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე დაიწყო. როგორც იუგოსლავიაში ეუთოს მისიის პრეს-მდივანმა, სტელა ბონერმა ჩვენს თანამშრომელ ალექსანდრა პულოსთან საუბრის დროს აღნიშნა, კანონი, დამტკიცების შემთხვევაში, ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, თუმცა, ასევე ბონერის თქმით: [ბონერის ხმა] ”ჩვენ დასაწყისში ვდგავართ – საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის, იმის უზრუნველყოფის დასაწყისში, რომ ტრეფიკინგში მონაწილეობა დანაშაულად ჩაითვალოს და ტრეფიკერები მართლმსაჯულებას გადაეცნენ”.

ეუთოს ერთ-ერთი მთავარი მიზანია იუგოსლავიის მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედების კოორდინაცია, რათა მათ ერთად იმუშაონ სამი მთავარი მიმართულებით: ტრეფიკინგის პრევენციაზე, დამნაშავეების დასჯასა და მსხვერპლის დაცვაზე.

ლაპარაკია მეტად რთულ პრობლემაზე - სერბი ჟურნალისტი იელენა ბიელიკა თითქმის მთელი წელია, თვალს ადევნებს ტრეფიკინგის ბალკანურ მარშრუტს და იცის, რომ ქალების გაყიდვით კონტრაბანტისტები ფულს ადვილად და უსაფრთხოდ აკეთებენ. ბიელიკას თქმით: [ბიელიკას ხმა] ”ლაპარაკია, რასაკვირველია, ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფებზე. ეს არის რეგიონული, საერთაშორისო ბანდები. ხოლო ორგანიზებული დამნაშავეობის ეს ფორმა გაცილებით უფრო იაფი და უსაფრთხოა, ვიდრე ნარკოტიკების ან იარაღის კონტრაბანდა. საზღვარზე გადაგყავს ქალი, ასე რომ საქონლის კონფისკაციისა არ გეშინია”.

სერბიაში ტრეფიკინგის მოწინააღმდეგეთა ორგანზაციის წევრი, სანდრა ლუბენკოვეცი ქალების იძულებით პროსტიტუციას ”სიღატაკის ფემინიზაციად” მოიხსენიებს, რახან მისი მსხვერპლი სოციალური ვითარებით სასოწარკვეთილი, დასავლეთში მოხვედრაზე მეოცნებე ახალგაზრდა ქალები ხდებიან. ხოლო ბიელიკას თქმით, პრობლემას ისიც ართულებს, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლს ხშირად მსხვერპლად კი არა ნებაყოფლობით მეძავად მიიჩნევენ. როგორც ბიელიკამ ჩვენს თანამშრომელთან, ალექსანდრ პულოსთან საუბარში აღნიშნა: [ბიელიკას ხმა] ”საზოგადოებას გაცნობიერებული არა აქვს, რომ ლაპარაკია მსხვერპლზე და არა მეძავებზე... არადა, ამ ადამიანებს აიძულეს მეძავობა, მათთვის არ დაუტოვეებიათ მოქმედების თავისუფლება”.

ამიტომ, ბიელიკა და მისი თანამოაზრეები ტრეფიკინგის ამკრძალავი კანონის მიღებას, მართალია, მიესალმებიან, მაგრამ მას სქესობრივ მონობასთან ბრძოლის მხოლოდ ერთ-ერთ ზომად მიიჩნევენ. დანარჩენ ზომებს ტრეფიკერების მსხვერპლის მსხვერპლად და არა კრიმინალურ ელემენტად მიღება მიეკუთვნება.
XS
SM
MD
LG