Accessibility links

logo-print

ოფიციალური თბილისი აფხაზეთში სამშვიდობო მისიის გაფართოებას რეალურად მიიჩნევს


სხვადასხვა შიდა სახელმწიფოებრივი პრობლემის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლებამ წლის ბოლომდე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის 24 კილომეტრიან ზონაში განლაგებული რუსეთის

სამშვიდობო ძალების მანდატის შეცვლის საკითხი უნდა გაარკვიოს. ამ თემაზე, საქართველოს, რუსეთის ფედერაციის, დსთ-ს საკოორდინაციო შტაბისა და გაეროს წარმომადგენლების მონაწილეობით, 7-8 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე გაიმართა პირველი შეხვედრა, რომელზეც ქართველმა ექსპერტებმა განსახილველად კონფლიქტის ზონაში სამართლიანი მშვიდობის დამყარების ახლებური მოდელი წარმოადგინეს.

ამ დღეებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. 9 მაისს ლონდონში დაიწყო ქართულ-აფხაზური მხარეების დიალოგი, სადაც დღის წესრიგის მთავარ საკითხს აფხაზეთში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების განხილვა წარმოადგენს. ლონდონის შეხვედრისგან განსხვავებით, სულ სხვა რაკურსშია დანახული კონფლიქტის მოწესრიგების პროცესი 7-8 მაისს თბილისში გამართულ ოთხმხრივ საკონსულტაციო შეხვედრაზე, რომლის მუშაობაში, საქართველოს, რუსეთისა და გაეროს პასუხისმგებელი პირების გარდა, პირველად მონაწილეობდნენ დსთ-ს სამხედრო საკოორდინაციო შტაბის წევრები.

ექსპერტები დახურულ კარს მიღმა მეტად მნიშვნელოვან პრობლემას - ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დსთ-ს ეგიდით მოქმედი კოლექტიური სამშვიდობო ძალების მანდატის კარდინალურად შეცვლის საკითხს განიხილავდნენ. თუმცა ინფორმაცია ამ შეხვედრისა და ქართული მხარის მიერ მომზადებული წინადადებების შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტებისთვის მხოლოდ კონსულტაციების დამთავრების შემდეგ, 10 მაისს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე გაამჟღავნა.

როგორც ირკვევა, საქართველო კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში მონაწილე მხარეებს კოსოვოში აპრობირებული სამშვიდობო მოდელის მსგავს სქემას სთავაზობს
[კახა სიხარულიძის ხმა] "პირველ ყოვლისა, ეს გულისხმობს მართლა უსაფრთხო დაბრუნებას ლტოლვილებისა. გარდა ამისა, ჩვენ საუბარი დავიწყეთ ერთობლივ საერთაშორისო ადმინისტრაციაზე, რაც ძალიან კომპლექსური ფორმატია. ის გულისხმობს სასამართლოს ფუნქციონირებას, ის გულისხმობს პოლიციურ ზედამხედველობას. ძალიან დიდი ფორმატია".

საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის კახა სიხარულიძის განცხადებით, გალის რაიონში დროებითი ადმინისტრაციის ფორმირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო დაბრუნების პირობების შექმნის გარდა, საქართველოს ხელისუფლებას სამშვიდობო ძალებისთვის ვადის გაგრძელება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაჩნია შესაძლებლად, თუკი სოხუმის ხელისუფლების მძიმე შეიარაღებას მდინარე მოქვამდე გადააადგილებს.

ვინაიდან ხსენებული მდინარე ქალაქ ოჩამჩირიდან 10 კილომეტრით არის დაშორებული, ეს ნიშნავს, რომ უსაფრთხოების ზონაში, მთელი გალის რაიონის ტერიტორიის გარდა, ფაქტობრივად, ოჩამჩირის რაიონის ნახევარიც მოექცევა.


აღსანიშნავია, რომ მსგავსი სცენარით სამშვიდობო პროცესის ტრანსფორმაციის აუცილებლობაზე საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ ალაპარაკდა, მაგრამ მაშინ იდეა ჩავარდა ორი მიზეზის გამო: პირველ ყოვლისა, დსთ-ს წევრი არც ერთი სახელმწიფო არ აღმოჩნდა მზად გამოეგზავნა სამხედრო კონტინგენტი აფხაზეთში და, მეორე მხრივ, ეს გახლავთ სოხუმის ხელისუფლების უკომპრომისო პოლიტიკა, რომელსაც დღემდე არავითარი ცვლილება არ განუცდია.

მიუხედავად ამისა, საგარეო უწყებაში დარწმუნებულები არიან, რომ კონფლიქტის ზონაში მყოფი სამშვიდობო ძალების მოქმედების არეალი, პასუხისმგებლობა და ამასთან დაკვშირებული ყველა ცვლილება სწორედ წარმოდგენილი მოდელის მიხედვით განხორციელდება.
XS
SM
MD
LG