Accessibility links

logo-print

პარლამენტში თანამდებობების ახალი გადანაწილება დაიწყო


საქართველოს პარლამენტში შექმნილი რეალობა საპარლამენტო თანამდებობების ახალ გადანაწილებით გამოიხატება. ზურაბ ჟვანიას გუნდმა წამყვანი პოზიციები პარლამენტშიც დათმო.

კომიტეტების თავმჯდომარეთა უმრავლესობამ თანამდებობიდან გადაყენებას ნებაყოფლობით გადადგომა არჩია. გადადგომაზე უარი მხოლოდ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, ამდენად, თანამდებობის კენჭისყრის საფუძველზე დატოვებაც, სწორედ, მას მოუხდა.თანამდებობები უნდა დატოვონ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებმაც.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] “ჩვენს პარლამენტში ფუნქციონირებს 16 კომიტეტი, მე მივყვები ამ კომიტეტებს და ჩამოვთვლი, რომელი თავმჯდომარეები გადადგნენ დაკავებული თაბამდებობებიდან”.

პარლამენტის თავმჯდომარეს 15 კომიტეტის გადამდგარი თავმჯომარის ჩამოთვლა მოუხდა, რადგან მეთექვსმეტეს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, თავისი კოლეგებისთვის სოლიდარობა არ გამოუცხადებია, ისე როგორც ეს, მაგალითად, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ცქიტიშვილმა გააკეთა:

[ზურაბ ცქიტიშვილის ხმა] “ისე ლაღად გადადგნენ ჩემი კოლეგები, ეტყობა, თავი ქუდში აქვთ. მეც სოლიდარობას ვუცხადებ მათ და მეც გადავდგები.”

ზურაბ ცქიტიშვილისა და კომიტეტების სხვა გადამდგარი თავმჯდომარეებისგან განსხვავებით, გიორგი ბარამიძემ ბოლომდე იბრძოლა. გადაწყვეტილების მიღება მან პარლამენტს მიანდო და მოსალოდნელ შედეგზე პასუხისმგებლობაც მას დააკისრა.

“მე არ მრცხვენია ჩემს ქალაქში გავლა. მე ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ეს ჩემთვის არ არის უბრალო თანამდებობა. ჩემი ვალდებულებაა ვიყო ამ თანამდებობაზე და სწორედ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, მიიღებთ თუ არა სამარცხვინო გადაწყვეტილებას”. – გიორგი ბარამიძის ამ მიმართვამ არ გაჭრა და, შეიძლება ითქვას, რომ მისი, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის, ბედი თენგიზ გაზდელიანის ხმამ გადაწყვიტა. 118 ხმა მიღწეულ იქნა. შედეგად, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში თექვსმეტიევ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი გათავისუფლდა და მთელ ამ პროცესს ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ვანო მერაბიშვილმა ასეთი შეფასება მისცა:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] “ჩვენ გადავდექით, რადგან საქართველოში შეიქმნა ახალი უმრავლესობა. მივესალმებით პრეზიდენტის და ახალი უმრავლესობის ასეთ გაერთიანებას, რადგან ჩვენ უმრავლესობა აღარ ვართ. გილოცავთ.
[ნინო ბურჯანაძის ხმა] “ თქვენგან განსხვავებით, ბატონო ვანო, მე არ მაქვს ინფორმაცია ახალ უმრავლესობასთან დაკავშირებით.”

პარლამენტში ძალთა და თანამდებობათა გადანაწილება სწორედ ისე დაიწყო, როგორც იქ შექმნილ ვითარებაში შეიძლებოდა დაწყებულიყო. ნაკლებად მოსალოდნელია მას ახალი უმრავლესობის გაფორმებაც მოჰყევს, რადგან პარლამენტში მიმდინარე პროცესების გაკონტროლებას პრეზიდენტი გაუფორმებელი უმრავლესობის პირობებშიც ახერხებს.

კომიტეტების ახალ თავმჯდომარეებს მომავალ კვირაში დაამტკიცებენ. ფრაქციათა შორის აქტიური კონსულტაციები კი უკვე დაწყებულია. ძველ თანამდებობაზე დაბრუნება ელენე თევდორაძეს ელის. მისი ბედი, შესაძლოა, ზაზა სიორიძემაც გაიზიაროს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი კი, შესაძლოა, ირაკლი ბათიაშვილმა დაიკავოს. სახელდება სხვა სავარაუდო კანდიდატურებიც და ცნობილია, რომ თანამდებობები, უკლებლივ, ყველა ფრაქციას შორის უნდა გადანაწილდეს. ასე რომ, “ახალი მემარჯვენეების “ ინიციატივამ გაგრძელება პოვა. ფრაქციები თანამდებობებს იყოფენ.
XS
SM
MD
LG