Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟვანიას გუნდი ერთდროულად ოთხ სასარჩელო განცხადებას ამზადებს


მოქალაქეთა კავშირის ჟვანიას ფრთა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ოციოდე დღით ადრე ერთდროულად ოთხ სასარჩელო განცხადებას ამზადებს.

ამ განცხადებათაგან რიგით პირველი 11 მაისს გაიგზავნება გენერალურ პროკურატურაში. ამ საჩივარში ჟვანიას გუნდი, სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის შესაბამისად, მოქალაქეთა კავშირის მამალაძის ფრთას ყალბი ბეჭდისა და ბლანკის დამზადებასა და გამოყენებაში ადანაშაულებს.

მოქალაქეთა კავშირის, ეგრეთ წოდებული, ოფიციალური სია, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მამალაძის ფრთას წარმოადგენს, 10 მაისს ჟვანიას მომხრეთა ახლებურად განქიქების საგნად იქცა. ამ დოკუმენტის ასლი, რომელიც, თავის მხრივ, დედანთან სრულ შესაბამისობაშია, ჟვანიას გუნდიდან დათო ტყეშელაშვილმა წარუდგინა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და შეეცადა დაემტკიცებინა, რომ იგი ძალადაკარგული, ფარატინა ქაღალდია, ყალბი ბეჭდისა და ბლანკის გამო. ჟვანიას გუნდი ამჯერადაც პარტიის მეოთხე ყრილობის მასალებს ეყრდნობა და საილუსტრაციოდ მოჰყავს ოქმი ნომერი ერთი, რომლის მე-10 და მე-15 პუნქტების მიხედვით, პარტიულ დოკუმენტაციაზე ხელის მოწერის უფლება აქვს მხოლოდ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს. შესაბამისად, დოკუმენტის დასადასტურებელი საშუალებები უნდა ინახებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარესთან. .
[კახა ასლანიშვილის ხმა]“ ეს ასეც არის: ბეჭედი ინახება საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარესთან. ნებისმიერი სხვა ბეჭედი, რომელიც გამოყენებული იქნება პარტიის სახელით წარდგენილ დოკუმენტაციაზე, არის დამზადებული არსებული ბეჭდის გაყალბების მიზნით და იმ დოკუმენტის გამოყენების მიზნით, რომელიც ბეჭდის საშუალებით ყალბდება”.

მოქალაქეთა კავშირის შიდა კონფლიქტის შედეგად გაჩენილი სამართლებრივი ნონსენსების სიუხვეში, მხარეთა მიერ სადავო საკითხებზე საკანონმდებლო განმარტებათა, სულ ცოტა, ორგვაროვანი ინტერპრეტაციის ფაქტს, ცხადია, ვერც ამ შემთხვევაში გავექცევით: ჟვანიას მხარე ასკვნის, რომ, საორგანიზაციო კომიტეტის უფლებამოსილებათა შეჩერების მიუხედავად, ბეჭდის შენახვისა და მისი გამოყენების უფლებას თავად ჟვანია ფლობს,ანუ უფლებამოსელების შეჩერება უფლებამოსილების გაუქმებას არ ნიშნავს,და რაც, მათი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია, არამც და არამც არ ნიშნავს ძველის აღდგენას.
რაც შეეხება მეორე სასარჩელო განცხადებას, რომელიც მზადების პროცესშია და რომელიც, სავარაუდოდ, მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოში შევა, ეს არის სამოქალაქო სარჩელი გელა კვარაცხელიას მიმართ, პარტიის საქმიანი რეპუტაციის შელახვის ბრალდებით.
მზადდება სარჩელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ საუბნო საარჩევნო კომისიების დანიშვნის განკარგულების გაუქმების გამო, რითაც, ჟვანიას გუნდის ადვოკატის მტკიცებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარღვია საარჩევნო კოდექსი და გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, რადგან ეს მოქმედება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა გამოწვევასთან გათანაბრებული პროცედურაა.
დაბოლოს, მეოთხე და, თავისი კვალიფიკაციით, მთავარი სასარჩელო განცხადება, სტრასბურგის ევროპის სასამართლოში განსახილველადაა განსაზღვრული.
XS
SM
MD
LG