Accessibility links

logo-print

ამერიკის პრეზიდენტი თავის რუს კოლეგას მოსკოვში ვიზიტისას ჩეჩნეთზეც მოელაპარაკება


დაღესტნის ქალაქ კასპიისკში მომხდარ ტერორისიტულ აქტს, რომელსაც 41 ადამიანი, მათ შორის 17 ბავშვი შეეწირა, მოსკოვმა ჩვეული, შეუმოწმებელი ბრალდებით უპასუხა.

დამნაშავედ გამოცხადდნენ ტერორისტები, როგორც ჩეჩენ მეამბოხეებს უწოდებს ხოლმე კრემლი. ამის ფონზე ვაშინგტონი რუსეთის მთავრობას მოუწოდებს, ჩეჩნეთის თაობაზე პოლიტიკურ დიალოგს მიმართოს ზომიერ ჩეჩნებთან და როგორმე ყურადღება მიაქციოს ჩეჩნეთთან ომის მსვლელობაში რუსი სამხედრობის მიერ, როგორც დასავლეთში უწოდებენ, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთს სულ მალე ეწვევა. შეხვედრის დროს ის აპირებს, ვლადიმირ პუტინს ჩეჩნეთის თაობაზეც დაელაპარაკოს. არ არის გამორიცხული, რომ, პუტინის და ბუშის თბილი ურთიერთობიდან გამომდინარე, ამგვარ საუბარს შედეგი არ მოჰყვეს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, სტივენ პაიფერმა ვაშინგტონში, კონგრესის წარმომადგენელებთან შეხვედრისას, რწმენა გამოთქვა, რომ ბუში ოფიციალური ოქმით გათვალისწინებული საკითხებით არ შემოიფარგლება და პრეზიდენტები მხოლოდ ხელშეკრულებებს არ მოაწერენ ხელს. პაიფერი ფიქრობს, რომ პუტინთან მოლაპარაკებისას ბუში ჩეჩნეთისა და პრესის თავისუფლების თემებსაც შეეხება.

პაიფერმა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის შეერთებული შტატების კომისიაში, ჰელსინკის კომისიასაც რომ უწოდებენ, გამოთქვა თეთრი სახლის პოზიცია ჩეჩნეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. ჩეჩნეთის საკითხი პოლიტიკური გზით უნდა მოგვარდეს, რესპუბლიკას უნდა მიეცეს ფართო ავტონომია და უნდა გაირკვეს რუსეთის სამხედროების მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ჩადენილი დანაშაულების პასუხისმგებლობა – ასეთია ვაშინგტონის თვალსაზრისი.

ამასთან, ამერიკელები მოუწოდებენ მოსკოვს, ითანამშრომლოს ჩეჩნების ე.წ. “ზომიერ” ხელმძღვანელობასთან. ამ გამოსვლის დროს, პაიფერმა სახელმწიფო დეპარტამენტის მრავალჯერ გამოთქმული შეშფოთება გაიმეორა რუსეთის ჯარის მიერ ჩეჩნეთში ადამიანების წამების, გაუპატიურების, დახვრეტის გამო. პაიფერის თქმით, ვაშინგტონს სწამს, რომ სამხედრო გზით კონფლიქტი ვერ მოგვარდება და მოუწოდა კრემლს, დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკება პრეზიდენტ მასხადოვთან. მანვე უარყო რუსეთის მტკიცება, თითქოს ჩეჩნეთში სიტუაცია ნორმალური ხდებოდეს.

[პაიფერის ხმა] “ისინი ამბობენ, რომ ქმნიან სამართლებრივ უწყებებს, რომელიც ჩეჩნების ცხოვრებას ნორმალურ კალაპოტში დააბრუნებს. ჩვენი აზრით კი ეს ნიღბავს იმ რეალობას, რომელიც ბევრად უფრო რთულია.”

რაც შეეხება მასხადოვს, ტერორისტების მისეული საჯარო კრიტიკის მიუხედავად, შეერთებულ შტატებს მაინც ეჭვი ეპარება, რომ ზომიერმა ლიდერობას მთლიანად შეექციოს ზურგი ამგვარი ჯგუფებისთვის.

რუსეთისა და კავკასიის ექსპერტი ანატოლ ლივენი, კარნეგის ფონდის წამყვანი თანამშრომელი, ამბობს, რომ შეერთებული შტატების ინტერესებში არ შედის, რომ ჩეჩნეთი, თუკი ის დაუბრუნდება სრულ ქაოსს და განუკითხაობას, როგორც ეს პირველი ომის დასრულების შემდეგ მოხდა, ტერორისტების სამჭედლოდ გადაიქცეს, ავღანეთის მსგავსად.

[ლივენის ხმა] “ეს მხოლოდ ტერორისტებს და ექსტრემისტებს არ შეეხება, დიდი აფეთქება ხდება დამნაშავეობის და ყაჩაღობის, რუსების, კავკასიის სხვა ხალხების და დასავლელი სტუმრების წინააღმდეგ.”

ლივენი განაგრძობს, რომ რუსების ქმედება ძირს უთხრის მისსავე ინტერესებს კავკასიაში, ეს ქმედება ზრდის მოსკოვის მიმართ სიძულვილს, რომელიც გამოიწვევს კიდევ უფრო ფართო ტერორს. მისი თქმით, რუსეთი დაუფიქრებელ რეაქციას აკეთებს ხოლმე და ყველაფერს, რაც ხდება, ჩეჩენ ტერორისტებს აბრალებს. ლივენის აზრით, იმაში, რაც ჩეჩნეთში ხდება, ხშირად რუსეთის უშიშროების ძალებია დამნაშავე.
XS
SM
MD
LG