Accessibility links

logo-print

ჯაშუშობის ინციდენტი რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა დაღესტანში მომხდარ ტრაგედიას, გარკვეულწილად, ჩვენი შემდგომი სიუჟეტიც უკავშირდება. 2 აპრილს ბაქოში აზერბაიჯანის პოლიციამ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის 5 თანამშრომელი დააკავა.

ამ ეპიზოდმა შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების – ვლადიმირ პუტინისა და ჰეიდარ ალიევის – შეხვედრაზე, რომელიც ივნისშია დაგეგმილი.

ბაქოს მედიის ცნობით, პოლიციამ დაპატიმრებულ რუს მოქალაქეებს წაართვა ვიდეოფირები, რომელზეც ალიევის სახლი იყო გადაღებული. აზერბაიჯანის გაზეთ “იენი მუსავათის” 7 აპრილის ნომერში დაიწერა, რომ ალიევის რეზიდენციის გარშემო ხელისუფლებამ სახლების დანგრევა დაიწყო, როგორც ნათქვამი იყო, “უშიშროების მოსაზრებებით”. გაზეთში არ იყო ნახსენები, სად აპირებს მთავრობა დანგრეული სახლების მცხოვრებთა დაბინავებას ან მათთვის კოპენსაციების გადახდას. სამაგიეროდ, მოყვანილია ოფიციალური პირის სიტყვები, რომ რეზიდენციის ახლომახლო “სახიფათო პირები” ტრიალებდნენ.

დაპატიმრების შემდეგ ყველა ოფიციალურმა წყარომ, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ჩათვლით, სიჩუმე არჩია. თავდაპირველად რუსმა დიპლომატმა ვლადიმირ კუზნეცოვმა უარყო ჯაშუშების დაკავება, თქვა რა, რომ იდეას “პროვოკაციის სუნი ასდის.”

ახალი ამბების სააგენტო “თურანმა” სანდო წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთის უშიშროების აგენტები ბაქოში ჩეჩენ ემიგრანტებს ეძებდნენ.

8 აპრილს, საღამოს, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ეროვნული უშიშროების სამინისტრო ერთობლივი განცხადებით გამოვიდნენ სახელმწიფო ტელევიზიაში. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაქოს ნარიმანოვის სახელობის რაიონში პოლიციამ დააკავა რუსეთის ორი მოქალაქე რაშიდ იუსუპოვი და სერგეი ბუროვი. მანქანაში მათ აღმოაჩნდათ მეთვალყურეობის საგანგებო აპარატურა, რომელსაც პოლიციამ კონფისკაცია უყო. მოგვიანებით სასტუმრო “ევროპაში” კიდევ სამი რუსი დააკავეს.

რუსებმა თავდაპირველად განაცხადეს, რომ უშიშროების ერთ-ერთი კერძო სამსახურის, მოსკოვის “ალფა-ალტაირის” თანამშრომლები არიან, შემდეგ კი დაკითხვების მსვლელობაში აღიარეს, რომ არიან უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტები. როგორც ჩანს, ისინი ჩეჩენ მოქალაქეებს ეძებდნენ და ამის გამო თვალყურს ადევნებდნენ ზოგიერთ სახლს ბაქოში.

რუსეთის ოფიციალური მიმართვისა და კეთილმეზობლურ ურთიერთობათა შენარჩუნების სურვილის გათვალისწინებით, აზერბაიჯანმა ხუთივე დაკავებული გადასცა რუსეთის საელჩოს ბაქოში. აზერბაიჯანის კანონი და ორმხრივი ხელშეკრულებები უშვებს საქმეების რუსეთის გენერალური პროკურატურისთვის გადაცემას.

როგორც კი საქმე რუსეთის ხელში გადავიდა , მოსკოვის ელჩი ბაქოში ნიკოლაი რიაბოვი გამოვიდა აზერბაიჯანის ტელევიზიით და თქვა: “ჩვენ დიდ მადლობას ვუცხადებთ აზერბაიჯანის მთავრობასა და სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ეს გამაღიზიანებული და სამწუხარო ინციდენტი ცივილიზებული მეთოდებით და ორივე მხარის თანხმობით მოგვარდაო.”

მაგრამ ამ ინციდენტმა შეიძლება ჩრდილი მიაყენოს ორი ქვეყნის უშიშროების სამსახურების თანამშრომლობას. რიაბოვმა თავი შეიკავა ამ საკითხის განხილვისგან.

ალი ასაევი, რომელიც ბაქოში ჩეჩნეთის პრეზიდენტ ასლან მასხადოვის წარმომადგენელია, ვარაუდობს, რომ რუსები შეიძლება ცდილობდნენ ჩეჩნებზე ზედამხედველობის დაწესებას, მით უმეტეს, რომ მოსალოდნელია მოლაპარაკებები რუსებსა და ჩეჩნებს შორის. მაგრამ, ასაევის თქმით, სულაც არ არის საჭირო ჯაშუშობა, ვინაიდან ჩეჩნების საქმიანობა აზერბაიჯანში საიდუმლო არ არის.

ჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის თავმჯდომარემ მეირბექ ტარამოვმა კმაყოფილება გამოთქვა აზრბაიჯანის მოქმედებით. “ეს ნიშნავს, რომ აზერბაიჯანს გააზრებული აქვს, რომ პასუხს აგებს იმ ადამიანების უსაფრთხოებაზე, ვინც აზერბაიჯანში ჰპოვა თავშესაფარიო”, თქვა მან.
XS
SM
MD
LG