Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა მიმოხილვას დავიწყებთ საინტერნეტო გამოცემა ”იურეიჟა ვიუში” გამოქვეყნებული მასალით,

რომელშიც ჟურნალისტი კენ სტაიერი კომენტარს უკეთებს საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიერ 3 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას თანამდებობიდან ფინანსთა მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის გათავისუფლების შესახებ. კენ სტაიერი წერს:

”მრავალი მიმომხილველის აზრით, საქართველოს პრეზიდენტს, ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით თავისი კაბინეტის კონსოლიდაცია აქვს ჩაფიქრებული. შევარდნაძემ, როგორც ჩანს დაასკვნა, რომ ნოღაიდელი კვლავაც ერთგული რჩება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიასი, რომელიც სერიოზულ მეტოქეობას უწევს შევარდნაძეს. მაგრამ, ფინანსთა მინისტრის გადაყენებით ედუარდ შევარდნაძე ალბად საკუთარ კონტროლქვეშ მოაქცევს ბიუჯეტის განაწილებასა და ანტიკორუფციულ ძალისხმევას, რასაც ზურაბ ნოღაიდელი უჭერდა მხარს. ნოღაიდელი თითქმის ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ფინანსთა სამინისტროს და ამ ხნის მანძილზე არც მექრთამეობაში ყოფილა გარეული და არც მაღალი ჩინოსნებისგან პოლიტიკურად მოტივირებული დირექტივები შეუსრულებია. ფინანსთა მინისტრის თანმდებობაზე შევარდნაძემ ანტიკორუფციული საბჭოს მდივანი მირიან გოგიაშვილი წამოაყენა, ხოლო ამ უკანასკნელს, როგორც ჩანს, ამავე საბჭოს წევრი კახა უგულავა შეცვლის. როგორც თავისუფლების ინსტიტუტის თანამშრომელმა ლევან რამიშვილმა შენიშნა, ერთადერთი მიზანი მთავრობის კაბინეტში მოსალოდნელი ამ ცვლილებებისა ისაა, რომ შეასუსტოს საქართველოში ანტიკორუფციული ძალისხმევა”.

გაზეთები მრავალმხრივი კომენტარით გამოეხმაურნენ ტრაგედიას, რომელიც ხუთშაბათს მოხდა დაღესტნის ქალაქ კასპიისკში. ძლიერმა აფეთქებამ, როცა ხალხი გამარჯვების დღეს ზეიმობდა 41 ადამიანის, მათ შორის 17-ტი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. 150-დე დაჭრილი მახაჩყალისა და კასპიისკის საავადმყოფოებშია მოთავსებული. ბევრი მათგანის მდგომარეობა – კრიტიკულია.

როგორც გაზეთი ”ნიუ.იორკ ტაიმსი” აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, სავსებით ცხადია, რისი დემონსტრირება სურდათ ტერორისტებს, როცა რუსებისათვის სათაყვანებელ – გამარჯვების დღეს მოაწყეს აფეთქება ლენინის პროსპექტზე, კასპიისკში, სადაც სამხედრო აღლუმის მონაწილე ვეტერანები მიაბიჯებდნენ. გაზეთი წერს:

”პრეზიდენტი პუტინი შეეცადა პატრიოტულ ფერებში წარმოეჩინა ჩეჩნეთში მიმდინარე ომიც. მან ხომ არაერთგზის განაცხადა უკვე ამ ომში მოპოვებული გამარჯვებისა და ჩეჩნეთიდან ფედერალური ჯარის დაგეგმილი გაყვანის შესახებ, მაგრამ კონფლიქტი კავკასიის ამ რესპუბლიკაში - გრძელდება, ხოლო ტერორისტული აქტები, რომელთაგან ბევრი, როგორც ჩანს, სწორედ ამ კონფლიქტთანაა დაკავშირებული, არც თუ იშვიათი მოვლენაა ჩეჩნეთის მეზობელ რეგიონებში”.

”სიმშვიდე დაღესტანში, კარგა ხანია უკვე, მოჩვენებითია”-წერს გაზეთი ”ველტი” და სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

”დღევანდელი ისლამური სამყაროსთვის ერთობ უჩვეულო სანახაობის მოწმენი გახდებით დერბენტის მეჩეთში. მუსულმანი ალ-ისლამ ხაჯი მამედუ და იუდეველი პონგედა შაულოვი მეგობრულად ეხვევიან ერთმანეთს. ჩვენ ძველი მეგობრები ვართ-ამბობს 75-წლის მამედუ, დერბენტელ მუსულმანთა სათვისტომოს ლიდერი. ხოლო 72-წლის შაულოვი – ქალაქის ერთ-ერთი სინაგოგის რაბინია. შაულოვი და მამედუ, დაღესტანში მშვიდობიანი ცხოვრების იდილიურ სურათს ქმნიან. მართლაცდა, შედარებითი სიმშვიდეა ამ რესპუბლიკაში. 50 კვადრატული კილომეტრის ფართობზე 30-დე სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ორი მილიონ ორასი ათასი ადამიანი, 14 ეროვნების, 32 ეთნიკური და მრავალი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელი ცხოვრობს. თუმცა სიმშვიდე – მოჩვენებითია. დაღესტნის ხელისუფლებმა ახლახან გამოაცხადეს, რომ ბოლო მოუღეს რესპუბლიკაში ვახაბიზმს. ისლამის ეს ფუნდამენტალისტური მიმდინარეობა აკრძალული იყო დაღესტანში, რითაც მისი მიმდევრები, ფაქტობრივად იძულებული გახადეს იატაკქვეშეთში განეგრძოთ თავიანთი საქმიანობა, მაგრამ ისინი არსად არ წასულან. აქამდე, დაღესტნის საერო და რელიგიური ლიდერები ერთგულებას უცხადებდნენ მოსკოვს. ჩინონვნიკები და იმამები ქებით მოიხსენიებდნენ პუტინს. თუმცა უკანასკნელ დროს, ამგვარ მხარდაჭერას პირველი ბზარები გაუჩნდა. ”ჩვენ არ მოგვწონს რუსეთის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან მიმართებაში”-აცხადებს მახაჩყალის მეჩეთის იმამი ილიას ლიასოვი. ამ დღეებში, ჩეჩნეთის მოსაზღვრე ხასანვიურტში სამიათასკაციანი დემონსტრაცია მოეწყო ლოზუნგით: ”ხელები შორს პალესტინისგან”. მილიციელთა მიერ გზების ჩახერგვის გამო, მიმდებარე სოფლებიდან ხალხმა ვერ შესძლო ამ დემონსტრაციაში მონაწილეობის მიღება. და თუ ასე გაგრძელდა, დაღესტანს – დესტაბილიზაცია ემუქრება”.

უკეთებს რა კომენტარს დაღესტნის ქალაქ კასპიისკში 9 მაისს მომხდარ აფეთქებას გაზეთი ”ლიბერასიონი” წერს, რომ ეს, ყველაზე საზარელი ტერორისტული აქტი იყო რუსეთის ფედერაციაში განვლილი ორი წლის მანძილზე. გაზეთი წერს:

”თვითმხილველთა ცნობით, ლენინის პროსპექტი, სადაც აფეთქება მოხდა, როცა იქ სამხედრო აღლუმში მონაწილე ვეტერანები მიაბიჯებდნენ, 50 მეტრის სიგრძეზე სისხლით იყო დაფარული. ”ამ აფეთქებაში – ჩეჩენ ექსტრეტისტთა ხელი ურევიაო”-დროულად განაცხადა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ეს, დაღესტანში, მიმდინარე წელს მომხდარი უკვე მეოთხე ტერორისტული აქტია. მეზობელ ჩეჩნეთში მიმდინარე ბარბაროსობა თავის კვალს სტოვებს დაღესტანშიც, რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბსა და კორუმპირებულ რეგიონში, სადაც მაფიოზურ კლანებს შორის ბრძოლას არ უჩანს ბოლო.”

კასპიისკში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა ქალაქ მიუნხენში გამომავალი გაზეთი ”ზიუდოჩე ცაიტუნგიც”. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

”უაღრესად ცინიკურად იყო შერჩეული დრო აფეთქებისა კასპიისკში, ვინაიდან სწორედ მაშინ მოსკოვში, წითელ მოედანზე მისულ ომის ვეტერანთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტერორიზმის შესახებ ლაპარაკობდა. იმ დროს, როცა მთელი ქვეყანა ნაციზმზე გამარჯვებას ზეიმობდა, კასპიისკში მომხდარ აფეთქებას, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახების წევრთა სიცოცხლე ემსხვერპლა. გამარჯვების დღეს მომხდარ ამ ტრაგედიას ალბად გარკვეული სიმბოლური მნიშვნელობაცა აქვს – 9 მაისის სამხედრო აღლუმში მონაწილეობა აღარაა უკვე მხოლოდ და მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა პრეროგატივა. მრავლად არიან რუსეთში ჯარისკაცები, რომლებიც ავღანეთში, ჩეჩნეთსა და თავად დაღესტანშიც არც თუ დიდი ხნის წინათ მომხდარი ომებიდან დაბრუნდნენ შინ. კასპიისკში მომხდარი ტერაქტის ოფიციალური გამოძიება არც კი იყო დაწყებული, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩეჩენი მეამბოხეები დაადანაშაულა მომხდარში.”
XS
SM
MD
LG