Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელი ავტორის ახალი წიგნი წითელი არმიის ზოგიერთი ბნელი მხარის შესახებ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ახლა, როცა ევროპელები მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 57 წელს აღნიშნავენ, ბევრი კეთილი სიტყვა ითქმება, და დამასახურებულადაც, წითელი არმიის ჯარისკაცების გმირობაზე,

არმიისა, რომელმაც ნაცისტებისგან ნახევარი კონტინენტი გაათავისუფლა.

მაგრამ საბჭოელების მიერ ევროპის და, განსაკუთრებით, გერმანიის გათავისუფლებას აქვს მეორე, ბნელი მხარეც, რომელსაც იშვიათად თუ იხსენებენ. ლაპარაკია მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ უმოწყალო ძალადობისა და მასობრივ გაუპატიურებაზე, მოსახლეობისა, რომელიც, უმრავლეს შემთხვევაში, ტოლერანტულად იყო განწყობილი საბჭოთა არმიის მიმართ.

ბრიტანელი მწერალი და ისტორიკოსი ენტონი ბივორი მოგვითხრობს ამის შესახებ თავის ახალ წიგნში, სახელწოდებით "ბერლინი: დაცემა, 1945".

ჩვენი რადიოს კორესპონდენტთან ჯერემი ბრანსტენთან საუბარში ბივორმა დააზუსტა, რომ მისი 500-გვერდიანი წიგნის მხოლოდ მცირე ნაწილი ეხება საბჭოთა ჯარისკაცების მიერ მასობრივ გაუპატიურებებს. მაგრამ ეს ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობა საბჭოთა არქივებში მიკვლეულ მასალებს, მათ შორის, საიდუმლო სასმსახურის - "ენკავედეს" - აგენტების მიერ შედგენილ დეტალურ აღწერებს, შემზარავია.

აღწერს რა მის მიერ გამოყენებულ წყაროებს, ბივორი ახსენებს ნატალია გესეს, ომისდროინდელ საბჭოთა სამხედრო კორესპონდენტს, რომელიც 1945 წელს, გერმანიაში შესულ საბჭოთა ჯარისკაცებს "მოძალადეთა არმიას" უწოდებს.

ბივორის თქმით, საბჭოთა არქივები ადასტურებს გესეს სიტყვებს. მაგალითად, ერთ-ერთ ანგარიშში, რომელიც არმიის მეთაურებმა "ენკავედეს" მაშინდელ ხელმძღვანელს ლავრენტი ბერიას გაუგზავნეს და რომელიც შემდეგ სტალინს გადაეცა, ნათქვამია, რომ "ენკავედეს" მიერ დაკითხული გერმანელები ამბობენ, რომ აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა ჯარისკაცებმა, ფაქტობრივად, ყველა ქალი გააუპატიურეს.

ბივორი აღნიშნავს, რომ ეს დოკუმენტები უკვე დიდი ხანია ხელმისაწვდომია რუსი ისტორიკოსებისთვის, მაგრამ მასობრივი გაუპატიურების საკითხი მათ მონოგრაფიებსა თუ სამეცნიერო-პოპულარულ შრომებში დღემდე არ არის ასახული.

ბივორის აზრით, რუსი ისტორიკოსები ფაქტებს თვალს ვერ უსწორებენ. ბერლინის აღება სამართლიანად ითვლება გმირობისა და თავგანწირვის მწვერვალად და რუსი ისტორიკოსებისთვის აუტანელია აზრი, რომ ამას შეიძლება ჩრდილი მიადგეს.

რუსებისთვის ყველაზე თავზარდამცემი შეიძლება იყოს ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს პირველი უკრაინული ფრონტის - სადაც ერთი მილიონი ჯარისკაცი იბრძოდა - პოლიტიკური განყოფილების ანგარიში კომკავშირის ცენტრალური კომიტეტისთვის. ანგარიშში აღწერილია ვერმახტის მიერ გერმანიაში მონურ სამუშაოებზე გარეკილი რუსი, უკრაინელი და ბელორუსი ქალებისა და გოგონების გაუპატიურების შემთხვევები. ეს საბრალო ქალები ორი თუ სამი წლის მანძილზე ოცნებობდნენ განმათავისუფლებელი წითელი არმიის მოსვლაზე, შემდეგ კი თვითონ იქცნენ მოძალადე საბჭოთა ჯარისკაცების მსხვერპლად.

1945 წლის დამდეგს მარშალმა კონსტანტინ როკოსოვსკიმ, რომელიც აღმოსავლეთ პრუსიაში საბჭოთა ჯარებს მეთაურობდა, გამოსცა წერილობითი ბრძანება, რომელშიც საბჭოთა ჯარისკაცებს მოუწოდებდა, "მტრისადმი სიძულვილი ბრძოლის ველზე გამოევლინათ". მაგრამ ასეთ ბრძანებებს გავლენა არ ჰქონდა.

საინტერესოა, რომ სტალინს, რომელსაც თავისი ჯარისკაცების გულისამრევი საქციელის ამბავი კარგად მოეხსენებოდა, ეს დიდად არ ანაღვლებდა; მისთვის მთავარი სამხედრო მიზნების მიღწევა გახლდათ.

იუგოსლავიის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი მილოვან ჯილასი ისხსენებს სტალინის ნათქვამს, ჯარისკაცებს გართობის საშუალებაც უნდა მიეცესო.

დასავლეთის მიმართულებით საბჭოთა ჯარის წინსვლასთან ერთად, ვრცელდებოდა ხმები საბჭოთა ჯარისკაცების საქციელის შესახებ. 11 აპრილს მოსკოვმა გამოსცა ახალი ბრძანება. ენტონი ბივორის თქმით, [ბივერის ხმა] "ახალ განკარულებებსა და ინსტრუქციებში ნათქვამი იყო: ‘როგორც ამხანაგი სტალინი გვასწავლის, ჰიტლერები მოდიან და მიდიან, გერმანელი ხალხი კი მარადია და ჩვენ უნდა გავახსოვდეს, რომ ჩვენი მტერი ნაცისტები არიან და არა უდანაშაულო გერმანელი მოქალაქეები’. მაგრამ, ცხადია, ეს ზომა დაგვიანებული იყო, არასაკმარისი და დაგვიანებული, ვინაიდან 11 აპრილს მხოლოდ რამდენიმე დღე აკლდა მდინარე ოდერიდან ბერლინზე იერიშს. და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაინახა, რომ ოფიცრებსა და ჯარისკაცებს განკარგულების გაგონებაც კი არ სურდათ და ბევრი მათგანი მას მასხრადაც კი იგდებდა."

ოფიცრები, რომლებმაც ძალადობის აღკვეთა სცადეს, საკუთარმა ჯარისკაცებმა მასხრად აიგდეს და იყო შემთხვევები, როცა ესროლეს და მოკლეს კიდეც; ან ე.წ. "ბურჟუაზიულ ჰუმანიზმში" და მტრის შეცოდებაში დაადანაშაულეს, რაც მაშინ ლამის სამშობლოს ღალატის ტოლფასი იყო.

მაროდიორობისა და გაუპატიურების შემთხვევები ომის მიწურულს, ცხადია, მოკავშირეთა ჯარისკაცებს შორისაც ცნობილია, მაგრამ საბჭოთა მეომართა მიერ მასობრივ გაუპატიურებებს, რაც გამარჯვების დღის შემდეგაც გრძელდებოდა, მასშტაბით ვერაფერი შეედრებოდა.

აგვისტოში მარშალმა გიორგი ჟუკოვმა ძალადობის შეწყვეტის შესახებ ახალი ბრძანება გამოსცა. დასავლეთის სამხედრო წრეებისთვის ეს ბრძანება გამაოგნებელიაო, ამბობს ბივორი. ეს ე.წ. "ახალი ზომები" ნორმა იყო დასავლეთის ნებისმიერი არმიის ჯარისკაცებისთვის, იქნებოდნენ ისინი თავიანთ ყაზარმებში, სამშობლოში თუ საზღვარგარეთ.

ცხადია, ყველა საბჭოთა ჯარისკაცი არ იქცეოდა ისე ბარბაროსულად, როგორც ბივორის წიგნშია აღწერილი. და ისინი, ვინც ასე იქცეოდა, თვითონაც იყვნენ მოწმენი ნაცისტების ბარბაროსობისა მათი ახლობლების ან თანამემამულეების მიმართ. ასეთი რამ მოკავშირეთა ჯარიკაცებისთვის წარმოუდგენელი იყო.

მაგრამ, როგორც ბივორი აღნიშნავს, 57 წლის შემდეგ დადგა დრო, რომ საბჭოთა ვეტერანებმა და, მით უმეტეს, პოსტსაბჭოთა რუსეთის ისტორიკოსებმა აღიარონ მათი ისტორიის ეს ეპიზოდები, რომლებიც კარგად არის ცნობილი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, მაგრამ თვით რუსეთში ტაბუდ რჩება.

ბივორის თქმით, უმრავლესობა არ აღიარებს, რომ ეს ყველაფერი მართლაც ხდებოდა. მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც იკვეხნის კიდეც: გერმანელი ქალები ყველაფერზე მზად იყვნენ და ჩვენი დახმარებით იქ ორ მილიონზე მეტი ბავშვი გაჩნდაო.
XS
SM
MD
LG