Accessibility links

პოლიტიკური ფრონტი და მისი მებრძოლები


საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, რამდენიმე წელია, ორმხრივი წნეხის ქვეშ არის მოქცეული. პარლამენტიდან მას მუდმივად მოუწოდებენ გარდაქმნებისკენ, რეფორმებისკენ, არსებითი ცვლილებებისკენ;

სახელმწიფო კანცელარიიდან კი პრეზიდენტს მუდმივად მოუწოდებენ საპარლამენტო ძალებთან გამიჯვნისა და მათი დასუსტებისკენ.

პრეზიდენტი, როგორც წესი, თავის პოზიციას დუმილით გამოხატავს და ღია ბრძოლაში იშვიათად, მაგრამ ძლიერად ერთვება.


ჟურნალისტებმა კარგად იციან, გასული წლის შემოდგომაზე როგორ აფასებდნენ ქვეყნის პრეზიდენტის საქმიანობას როგორც პარლამენტში, ისე სახელმწიფო კანცელარიაში. პრივატულ საუბრებში ხშირად მოისმენდით, რომ შევარდნაძე დაბერდა, რომ მას მახსოვრობის პრობლემები აქვს, რომ მართვის უნარს ნელ-ნელა კარგავს და ასე შემდეგ... ეს ხდებოდა სწორედ იმ პერიოდში, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე პრეზიდენტს ჟვანიას ჩამოშორებისკენ მოუწოდებდა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია, თავის მხრივ, პრეზიდენტს თარგამაძისგან და კორუფციის პარტიისგან გამიჯვნას სთხოვდა. ედუარდ შევარდნაძე ორივე მხარეს უსმენდა და გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობდა. სწორედ ამის გამო გაჩნდა ორმხრივი ვერსია, რომ პრეზიდენტს "ძლიერი ნაბიჯების" გადადგმის ძალა და უნარი აღარ გააჩნია. თუმცა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ პრეზიდენტი უცებ გამოფხიზლდა, გააქტიურდა, რამდენიმე ძლიერი ნაბიჯი გადადგა და სახელისუფლო ასპარეზს ერთბაშად თარგამაძეც ჩამოაცილა და ჟვანიაც.

დღეს, როდესაც პოლიტიკოსებსა და მაღალი რანგის ჩინოვნიკებს შორის ვითარება კვლავ უკიდურესად დაიძაბა, პრეზიდენტი ისევ პასიურია. ამჯერად შევარდნაძეს ხშირად სტუმრობენ, ერთი მხრივ, ჯორბენაძე და, მეორე მხრივ, ჟვანია. ურთიერთბრალდებები, ალბათ, ძალიან ჰგავს იმას, რასაც პრეზიდენტი ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე ისმენდა. როგორც მაშინ, ახლაც ედუარდ შევარდნაძე ჩრდილში დგას და კიდევ ერთხელ იძლევა საბაბს ძველი სულისკვეთების ახალი ტალღის ასაგორებლად: "დაბერდა", "დაუძლურდა", "ვეღარ მართავს", "მძევალია" და ასე შემდეგ... მართლაც, პარლამენტში ახალი, არაოფიციალური, უმრავლესობა იქმნება, რომელიც პრეზიდენტს კი არ უკავშირდება, არამედ - სახელმწიფო მინისტრს. მეორე მხრივ, სასამართლო მოქალაქეთა კავშირს რეგისტრაციას დროებით უჩერებს და, თუმცა პრეზიდენტმა სარჩელის შესახებ იცის, მთავარ დამნაშავედ, ისევ და ისევ, სახელმწიფო მინისტრი ცხადდება. კონფლიქტის ორივე მხარე პატივისცემით ეკიდება პრეზიდენტის არჩევანს - ჩრდილში დგომას - და საჯაროდ მას არაფერში ადანაშაულებს.

დღევანდელი მდგომარეობით, ავთანდილ ჯორბენაძესა და მის პოლიტიკურ მხარდამჭერებს გაცილებით ძლიერი საყრდენი აქვთ, ვიდრე მათ ოპონენტებს. ბოლო დღეების განმავლობაში ჟვანიამ ყველა ორთაბრძოლა წააგო და თან პრეზიდენტთან ღია დაპირისპირებასაც ერიდება. რაზე საუბრობდნენ ან რაზე შეთანხმდნენ შევარდნაძე და ჟვანია ბოლო დღეებში გახშირებულ შეხვედრებზე, უცნობია. ფაქტი ისაა, რომ ამ შეხვედრებმა ჟვანია ვერ დაიცვა ბრძოლის ყველა უბანზე ზედიზედ მიღებული მარცხისგან.

სახელმწიფო კანცელარია ღია ბრძოლაში არასოდეს ერთვება და ვითარებას კულუარებიდან მართავს. პოლიტიკურ რინგზე კი სხვა ძალები დგანან. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ჩრდილში მდგომ შევარდნაძეს, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ჩრდილში გადაჰყვებიან, ერთი მხრივ, ჯორბენაძე და, მეორე მხრივ, ნაწილობრივ, ჟვანიაც. სამაგიეროდ, სულ უფრო მეტად გააქტიურდებიან ორივე მხარის მოკავშირე პოლიტიკური ძალები. კანცელარიის ინტერესებს ახალი მემარჯვენეები განასახირებენ, რეფორმატორების ინტერესებს კი ნაციონალური მოძრაობა დაიცავს.

დავით გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე მიხეილ სააკაშვილის უშუალო კონკურენტები არ არიან. მათ სხვადასხვა ამომრჩეველი ჰყავთ. "ახლები" თბილისის ელიტარული ფენის პოლიტიკურ გემოვნებას უპასუხებენ, ნაციონალური მოძრაობა კი მოსახლეობის საშუალო და ქვედა ფენებს ესაუბრება. ამდენად, საფიქრებელია, რომ სახელისუფლო მანქანა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ლეიბორისტების გამოყენებას შეეცდება. ნიშანდობლივი იქნება სახელმწიფო სატელევიზიო არხების ინტერესი შალვა ნათელაშვილის მიმართ. ორიოდე კვირის წინ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა უკვე საჯაროდ ურჩია ნათელაშვილს, საკუთარი თავი ბრმა იარაღად არ აქციოს სახელმწიფო კანცელარიის ხელში.

ნებისმიერ შემთხვევაში, პოლიტიკური ფრონტი გახსნილია; მისი ხილული თუ უხილავი მებრძოლები თავს არ ზოგავენ. სწორედ ამ ფრონტის ხაზი გადის ყველგან, სადაც კი ვითარება უკიდურესად იძაბება ბოლო დღეების განმავლობაში - პარლამენტში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ქუჩაში, სატელევიზიო დებატებში. თვითმმართველობის არჩევნები ამ ფრონტის მხოლოდ ერთი უბანია. განსაკუთრებით საინტერესო მოვლენები სწორედ ამ არჩევნების შემდეგ დაიწყება.
XS
SM
MD
LG