Accessibility links

logo-print

საქართველოს კავკასიური პოლიტიკის სისუსტეები


საქართველოს კავკასიური პოლიტიკა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს ქვეყანაში არსებული კონფლიქტების დინამიკას. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კრიზისები ნაწილობრივ სწორედ ამ პოლიტიკის უქონლობის შედეგია,

თუმცა ეს არცაა გასაკვირი, რადგან დამოუკიდებლობის პირველ წლებში ძნელი იყო სრულყოფილი კავკასიური კონცეფციის ჩამოყალიბება და რეალიზება. მას შემდეგ 10 წელი გავიდა და ამ ხნის მანძილზე თითქმის არაფერი შეცვლილა. ახლაც ჩრდილო კავკასიელი ხალხები თბილისის მიმართ ანტიპათიით არიან განწყობილნი და საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დასაყრდენს წარმოადგენენ.

საქართველოში არსებული დაკონსერვებული კონფლიქტები რამდენამდე დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესის შედეგიცაა, თუმცა სწორი კავკასიური პოლიტიკის არსებობის შემთხვევაში ეს კონფლიქტები შეიძლება ნაკლებად მწვავე ყოფილიყო.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ცდილობდა კავკასიელ ხალხებთან მეგობრობის დამყარებას და მნიშვნელოვან წარმატებასაც კი მიაღწია. პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას თქმით:

[მაისაიას ხმა] „მან წამოაყენა იდეა კავკასიური ერთიანი სახლის შექმნის შესახებ და ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის დროს მაშინდელმა საქართველოს ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმა აქტიური როლი ითამაშეს ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობებთან ურთიერთობების განმტკიცებისა და შემდგომი განვითარების მხრივ. ანალოგიური ურთიერთობა ვითარდებოდა კავკასიის სხვა სახელმწიფოებთანაც.“

თუმცა, გამსახურდიას შეცდომების შედეგად, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტმა იჩინა თავი. მისი ხელისუფლების ძალით შეცვლის შემდეგ კი კავკასიური პოლიტიკისათვის არავის ეცალა და აფხაზეთის კონფლიქტმა ისე გააფუჭა ურთიერთობა მეზობელ ხალხებთან, რომ დღემდე ისინი რუსეთის ხელში საქართველოზე ზემოქმედების ეფექტურ ბერკეტს წარმოადგენენ.

ეს ბერკეტი კვლავ ამოქმედდა დასავლეთთან საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გააქტიურებასთან ერთად. ანუ საგარეო პოლიტიკის წარმატებას თან სდევს რეგიონალური პოლიტიკის წარუმატებლობა. ჩრდილოკავკასიური პრობლემის გადასაწყვეტად ჩვენმა ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა კიდეც, რასაც ჩეჩნებთან ურთიერთობის გაუმჯობესება მოჰყვა. თითქოს მეგობრული ურთიერთობა დამყარდა ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელობასთანაც, მაგრამ კონტრაბანდის ბიზნესზე აწყობილმა ურთიერთობებმა მაშინვე ნგრევა დაიწყო, როგორც კი პოლიტიკური რეალობა შეიცვალა. შესაბამისად, გააქტიურდნენ სეპარატისტული რეგიონები.

საინფორმაციო სააგენტო პრაიმ-ნიუსის ცნობით, ცხინვალს განზრახული აქვს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალების 500 კაციანი კონტინგენტის გაზრდა მოითხოვოს. სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის განცხადებით, ეს მოთხოვნა განაპირობა შეერთებული შტატების მიერ ქართველ სამხედროთა მომზადების პროგრამის დაწყებამ და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებმა კონფლიქტების ძალით დარეგულირების შესაძლებლობის შესახებ.

მსგავს განცხადებებს აკეთებს აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლებაც. სეპარატისტები იმუქრებიან, რომ, მათ წინააღმდეგ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯის შემთხვევაში, ჩრდილოკავკასიელი მოძმე ხალხები აფხაზებს გვერდით დაუდგებიან და საქართველოს წინააღმდეგ ამხედრდებიან.

ეს კი საქართველოს ხელისუფლების კავკასიური პოლიტიკის სისუსტის ნათელი მაგალითია. ოფიციალურმა თბილისმა ადრე გამოთქმული საერთოკავკასიური სახლის კონცეფციის განსახორციელებლად ელემენტარული რესურსის მობილიზებაც კი ვერ შეძლო იმისათვის, რომ, მაგალითად, საქართველოს კაზაკთა ატამანი ვასილ კადინეცი 11 მაისს სამარაში მიმდინარე რუსეთის კაზაკური პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე მიევლინა. არადა კადინეცს, რომლის ორგანიზაციაც 5 ათასამდე კაზაკს ითვლის, პრეზიდენტ შევარდნაძისგან დსთ-ს კაზაკებთან ურთიერთობის დარეგულირება აქვს დავალებული. აფხაზეთის კონფლიქტის დროს კი აფხაზ სეპარატისტთა მხარეს კაზაკთა არცთუ უმნიშვნელო ძალები იბრძოდნენ.

პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას აზრით: [მაისაიას ხმა] „საქართველოს სახელმწიფოებრიობის რეალური საფუძველი ძევს კავკასიაში და არა დასავლეთ ევროპაში ან დსთ-ს სივრცეში, ან კასპიისპირეთში, პირობითად რომ ვთქვათ. საქართველოს რეალური სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საფუძველი არის კავკასია და ეს ყველამ უნდა შეიგნოს. სანამ ამის შეგნება არ მოხდება, ალბათ, ჩვენ გაგვიჭირდება იმ სწორი პოლიტიკური კურსის გატარება, რომელსაც ჩვენ ასე ველით და რომელიც ჩვენ ასე გვსურს.“

ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოს სუსტი პოზიციების დიდი გამოცდაა მოსკოვის მცდელობა 9 მაისს დაღესტანში მომხდარი ტერორისტული აქტი ქართველებს გადააბრალოს. ცხადია, რომ ასეთი ბრალდებებით რუსეთს სურს, ის ჩრდილოკავკასიური ბერკეტი აამოქმედოს, რომელზეც ზევით ვისაუბრე. საქართველო ამ ზეწოლისაგან თავის დაცვას საზღვრებზე კონტროლის გაძლიერებით ცდილობს. 10 მაისს საქართველოს უშიშროების საბჭოს მსჯელობის საგანი სწორედ ეს იყო. თუმცა ბოევიკების გადაადგილება საზღვრის იმ მონაკვეთებზეა შესაძლებელი, რომელიც სეპარატისტულ რეგიონებზე გადის. ასე რომ, თბილისის კავკასიური პოლიტიკა კვლავაც ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ სუსტ წერტილად რჩება.
XS
SM
MD
LG