Accessibility links

logo-print

როგორ გადანაწილდება კომიტეტის თავმჯდომარეების პოსტები


თამარ ჩიქოვანი, თბილისი შაბათ დილით პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებმა, 16 კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის გადანაწილებასთან დაკავშირებით,

კონსულტაციები გამართეს. საინტერესოა, რომ ფრაქციების განსაკუთრებულ ინტერესს მხოლოდ რამდენიმე კომიტეტი იწვევს, რომელთა თავმჯდომარეების არჩევისას გარკვეული შეთანხმების მიღწევა გახდება აუცილებელი.

ალბათ, პრეზიდენტი შევარდნაძე გაითვალისწინებს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის თხოვნას და მომავალ კვირას პარლამენტის რიგგარეშე სხდომას დანიშნავს. მანამდე კი ფრაქციების წარმომადგენლებს საკუთარ კანდიდატთა კომიტეტების თავმჯდომარეებად დასამტკიცებლად ერთმანეთთან კონსულტაციების გამართვა დასჭირდებათ. ოფიციალური ინფორმაციით, ჯერჯერობით მხოლოდ ორი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზეა ორი-ორი კანდიდატურა წარდგენილი.” მოქალაქეთა კავშირი” თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე კვლავ გიორგი ბარამიძის კანდიდატურას აყენებს. ფრაქცია “ახალი მემარჯვენეები” ამავე თანამდებობაზე საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ყოფილ უფროსს ირაკლი ბათიაშვილს ასახელებენ. ასევე, ორი კანდიდატურაა წარდგენილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე. აქ “მოქალაქეთა კავშირის” კანდიდატს, ყოფილ თავმჯდომარეს ზურაბ ცქიტიშვილს, ფრაქცია “ახალი აფხაზეთი – ქრისტიან-დემოკრატების” კანდიდატი დემურ გიორხელიძე უპირისპირდება. ინფორმაციას “მოქალაქეთა კავშირის” მიერ კომიტეტთა თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის შესახებ უარყოფს პარლამენტარი ვასილ მაღლაფერიძე და აცხადებს, რომ “მოქალაქეთა კავშირს”, რაკი ის უმცირესობაშია, არავითარი პრეტენზია პოსტებზე არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. თუმცა იგი არც მოვლენათა მეტად საინტერესო სცენარით განვითარების შესაძლებლობას გამორიცხავს და ფიქრობს, რომ თუკი ღირსეული კანდიდატურა ვერ მოინახა, რომელიმე სხვა ფრაქციამ შეიძლება კომიტეტის თავმჯდომარედ ისევ “მოქალაქეთა კავშირის” ფრაქციის წარმომადგენელი დაასახელოს. კომიტეტის თავმჯდომარეების თანამდებობათა განაწილებაში არ მონაწილეობს კიდევ ორი ფრაქცია – “ტრადიციონალისტები” და “ნაციონალური მოძრაობა”.
ჯერჯერობით არც ერთ ფრაქციას არ გამოუჩენია ინტერესი საპროცედურო, საფინანსო-საბიუჯეტო და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ხელმძღვანელობის მიმართ. ჯერჯერობით ამ კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატები არც ერთ ფრაქციას არ დაუსახელებია. ფრაქცია “თანადგომა” – ეს ყოფილი უმრავლესობისგან გამოყოფილი ფრაქცია გახლავთ - სამი კომიტეტის თავმჯდომარეობას შეინარჩუნებს. ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატს ზეზვა ღუღუნიშვილს, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატს ბეჟან გონაშვილსა და ნოდარ ამაღლობელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეობაში კონკურენტი არა ჰყავთ. რაც შეეხება სხვა ფრაქციებს, “მრეწველებს” გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დავით სალარიძის ხილვა სურთ, ”აღორძინება” ორი - იურიდიული და მთიანი რეგიონების კომიტეტების თავმჯდომარობაზე აცხადებს პრეტენზიას. “სოციალისტებს” კანდიდატი ჰყავთ თვითმმართველობის და რეგიონალიზმის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე. ერთ კომიტეტს – ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს - 21-ე საუკუნე ითხოვს.

ასეთი გახლავთ კომიტეტების გადანაწილების საწყისი ეტაპი. პარლამენტის გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი
XS
SM
MD
LG