Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“გადატრიალება პარლამენტში,” “მოქალაქეთა კავშირს არსებობის უფლება შეუწყდა”, “ შევარდნაძის გლადიატორები


თამარ ჩიქოვანი, გიორგი კაკაბაძე, თბილისი “გადატრიალება პარლამენტში,” “მოქალაქეთა კავშირს არსებობის უფლება შეუწყდა”, “ შევარდნაძის გლადიატორები შეიბნენ”- დაახლოებით ასე შეაფასა გასული კვირის ქართულმა პრესამ ის დრამატული მოვლენები,

რომლებმაც, შესაძლოა, სერიოზული გავლენა მოახდინონ საქართველოს უახლეს ისტორიაზე. 10- 16 მაისის გაზეთი “ახალი 7 დღე” მორიგ სანახაობას უწოდებს მოქალაქეთა კავშირის გაყოფის მტკივნეულ პროცესს, რომელიც 2 ივნისისთვის დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს დაემთხვა. გაზეთი წერს:

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ თბილისის საოლქო სასამართლომ 29 აპრილს ზურაბ ჟვანიას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში “მოქკავშირის” სიის წარდგენის უფლებამოსილება შეუჩერა. ჟვანიას გუნდმა სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ მხოლოდ 3 მაისს შეიტყო. 3-დან 6 მაისის ჩათვლით უქმეები იყო. ამიტომ ჟვანია საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას 7 მაისამდე ვერ გაასაჩივრებდა უზენაეს სასამართლოში. 8 მაისს კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სიების წარდგენის ვადა იწურებოდა. სამშაბათს ჟვანიამ უზენაეს სასამართლოს საჩივრით მიმართა. საქმის განხილვა მეორე დღისათვის დაინიშნა, მაგრამ ჟვანიასთნ დაპირისპირებული მხარის გამოუცხადებლობის გამო არ შედგა. ერთი სიტყვით, ჟვანიას გუნდი ცაიტნოტში აღმოჩნდა და, ფაქტობრივად, ყველა გზა მოეჭრა იმისკენ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში “მოქკავშირის” სია წარედგინა. მაგრამ ჟვანია და მისი გუნდი ასეთი შედეგისთვის მომზადებულები აღმოჩნდნენ. ეს კარგად გამოჩნდა ჟვანიას გუნდის მიერ მოსწავლეთა სასახლეში მოწყობილ პრესკონფერენციაზე. გუნდის ლიდერმა საზოგადოებას აცნობა, რომ ერთ-ერთმა პარტიამ მის გუნდს საარჩევნო სიებში ადგილები შესთავაზა, თუმცა ამ პარტიის დასახელებისგან თავი შეიკავა ასეთი მოტივით: ჩვენ დარწმუნებულნი არ ვართ, რომ პარტიას, რომელმაც დახმარების ხელი გამოგვიწოდა, საფრთხე არ შეექმნება. მოსალოდნელ საფრთხეზე ჟურნალისტებთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებდა გიორგი ბარამიძეც. მისი მტკიცებით, საფრთხე, თვით ფიზიკური განადგურების საფრთხეც კი, რეალურად არსებობდა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჟვანიას გუნდმა სია ქრისტიან-კონსერვატორული პარტიის სახელით წარადგინა. სიების წარდგენის ვადის ამოწურვამდე სამიოდე წუთით ადრე კი ჟვანიას გუნდმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარადგინა კიდევ ერთი სია – ამჯერად, მშობლიური “მოქკავშირის” სახელით. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე წარდგენილი იყო “მოქკავშირის” ე.წ. მამალაძის ფრთის სიაც. მოქკავშირული წარმოშობის სიების რეგისტრაციაში გატარების საკითხი უახლოესი მომავლისთვის გადაიდო – იქამდე, სანამ სასამართლო, ბოლოს და ბოლოს, დაადგენს, ვისია “მოქკავშირი.”



არანაკლებ დრამატულად განვითარდა მოვლენები პარლამენტშიც, სადაც კვირის ბოლოს ერთბაშად 16 კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტური ადგილი გაჩნდა. 11 მაისის გაზეთ “რეზონანსის” ცნობით, თანამდებობების კვოტირების საკითხი დღის წესრიგში გასული წლის შემოდგომიდან მოყოლებული დგას, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობა ოფიციალურად დაიშალა. თუმცა ეს საკითხი აქტუალური დროდადრო ხდებოდა, იმის შესაბამისად, თუ რომელი პოლიტიკური ძალის ინტერესში შედიოდა გარკვეულ პერიოდში თემის გააქტიურება.

“ბოლო წუთამდე ნებაყოფლობით თანამდებობიდან გადადგომას თითქმის არც ერთი კომიტეტის თავმჯდომარე არ თანხმდებოდა. მას შემდეგ, რაც 11 ფრაქციამ მოაწერა ხელი საპარლამენტო თანამდებობების ანულირებისა და ხელახალი არჩევნების მოთხოვნას, 15 კომიტეტის თავმჯდომარე უშუალოდ კენჭისყრის წინ გადადგა. ერთადერთი გიორგი ბარამიძე აღმოჩნდა, რომლის გადასაყენებლად პარლამენტის თავმჯდომარეს კენჭისყრის ჩატარება დასჭირდა. მოგვიანებით კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარეების დიდმა ნაწილმა დილანდელი “ვაჟკაცობა” ინანა: ბარამიძე მარტო დავტოვეთ, რა გაგვიფუჭებია, დამნაშავეებივით რომ გადავდექითო.
ახალი თავმჯდომარეები პარლამენტმა მომავალ კვირას უნდა აირჩიოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნის შესაბამისად, საგანგებო სესიას მოიწვევს. წინასწარი ინფორმაციით, ძველ თანამდებობებზე მხოლოდ რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარე აღდგება, ერთ დროს ერთიანი “მოქალაქეთა” კუთვნილი პოსტების უმრავლესობას კი სხვა ფრაქციები გადაინაწილებენ. “მოქალაქეთა კავშირის” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები გუშინ ახალი უმრავლესობის ფორმირებაზეც ალაპარაკდნენ, თუმცა ამას ჯერჯერობით უარყოფენ ის ფრაქციები, რომელთა ხმებმაც გუშინ კომიტეტების თავმჯდომარეთა ბედი გადაწყვიტა. ყოფილი უმრავლესობის ის ნაწილი, რომელსაც ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობენ, დღეს უმრავლესობაში ყოფნას თაკილობენ და კვოტირების საკითხს შევარდნაძის ახალი დასაყრდენის არსებობას უკავშირებენ.
არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე პოლიტიკური სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. დაპირისპირებული მხარეები წინასაარჩევნო კამპანიას ერთმანეთის კომპრომეტირების გზით აწარმოებენ. რეფორმატორთა გუნდი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომელიც მიმდინარე კვირას კიდევ უფრო დაამძიმა ცსკ-ში მომხდარმა სკანდალმა და პარლამენტში თანამდებობების ანულირებამ. ზურაბ ჟვანია სტრასბურგის სასამართლოში ჩივილითა და საერთაშორისო სკანდალით იმუქრება და პასუხს პრეზიდენტ შევარდნაძეს სთხოვს. იგი საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის ერთ ნაწილსაც შეხვდა, თუმცა ელჩებს საკუთარი ერთმნიშვნელოვანი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მის პარტიას ჯერჯერობით სეხნია არ გამოსჩენია და რეფორმატორთა ლიდერი “გაგანია” არჩევნების დროს გულდამშვიდებით გაემგზავრა შვეიცარიაში.



10 მაისის “დილის გაზეთის” აზრით, იმაზე, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებენ პოლიტიკური ჯგუფები 2 ივნისის არჩევნებს, თუნდაც საარჩევნო სიებში ახალი ფიგურებისა და სახეების მომრავლება მეტყველებს. როგორც ჩანს, ჩვენი “ზეპური საზოგადოება” არა და არ კარგავს ინტერესს პოლიტიკისადმი. მით უმეტეს, რომ ჩვენში პოლიტიკა და მასკარადი ხშირად ერთი და იგივეა. გაზეთი წერს:

“პარტიათა ერთი ნაწილი ხაზგასმით ცივად ეკიდება “ცნობილ სახეთა” მოწვევას. ოღონდ არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ეს იმდენად “პრინციპულობით” არ იყოს გამოწვეული, რამდენადაც “ელიტაში” გავლენისა და პოპულარულობის დაკარგვით.
1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მაგალითად, “უცნობი” ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას უჭერდა მხარს. დღეს ამგვარი რამ გამორიცხულია, ვინაიდან გიორგი გაჩეჩილაძე “ახლების” სახეა. ამ თვალსაზრისით, ყველაზე მეტი შეძლება სწორედ “ახლებმა” გამოამჟღავნეს. ყველაფრიდან ჩანს, რომ მათ სურთ “საზოგადოებრივი ელიტის” ინტერესთა გამომხატველის იმიჯი მოიპოვონ. ეს გარკვეული სტრატეგიაა და იგი ნამდვილად არ შეიცვლება 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე.
თუ “ახლები” თბილისის საკრებულოში უმრავლესობას მოიპოვებენ, საბჭოს თავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძე გახდება და, პოლიტიკური პერსპექტივის თვალსაზრისით, იგი ამ პოსტს გაცილებით უკეთ გამოიყენებს, ვიდრე ამჟამინდელი სპიკერი ლადო კახაძე, რომელსაც მისმა ყოფილმა “პარტიულმა უფროსმა” შალვა ნათელაშვილმა “მოქალაქეთა კავშირის” შტატიანი თამადობა დასდო ბრალად.
გოგი თოფაძე პირადად ჩაუდგება სათავეში სიას და არ არის გამორიცხული, საბჭოს თვმჯდომარეობა მასაც უნდოდეს, თუ უმრავლესობის მოგროვება მოხერხდა, რასაკვირველია.
“ახლების” ტაქტიკას იყენებს “ნაციონალური მოძრაობაც”, თუმცა - ნაკლები წარმატებით.
შალვა ნათელაშვილს პარტიაში “ცნობილი სახეები” არ ჰყავს, მაგრამ, ამ თვალსაზრისით, გარკვეული ქულა ჩაიწერა თათია ხაინდრავას გამოჩენით ყრილობაზე. “თამაშგარე” მდგომარეობაში არიან “სახალხო-ტრადიციონალისტები” და ეროვნულ-დემოკრატები.” მათი სიებიც, ძირითადად, პროფესიონალი პოლიტიკოსების გარშემო ფორმირდება. არადა, თბილისელი ამომრჩეველი ამ ჯიშის “პროფესიონალიზმით” გადაიქანცა.
XS
SM
MD
LG