Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ასანიძე: ვარჯიშზე თუ საკრებულოში?


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი ცნობილი ამბავია: არჩევნების მოახლოებისას პოლიტიკური პარტიების ყურადღების ცენტრში სპორტსმენებიც მოექცევიან ხოლმე.

სპორტის პოპულარულ სახეობებსა და წარმატებულ სპორტსმენებს ერთბაშად ათასი პატრონი გამოუჩნდებათ და ოღონდ საკუთარ გუნდში (ანუ პარტიაში) დაიგულონ, ოქროს კოშკებს ჰპირდებიან. მერე კი, როცა საარჩევნო ორომტრიალი ჩაივლის, სპორტი და სპორტსმენი ვიღას ახსოვს.

ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო: პოლიტიკური მიზნებისთვის სპორტსმენთა გამოყენების ყველა უწინდელი მცდელობა საეჭვო შედეგებით დამთავრდა და, პარტიებისგან განსხვავებით, სპორტმა ამ საქმისგან ვერაფერი მოიგო, ზოგიერთი ცნობილი სპორტსმენის რეპუტაციას კი ჩრდილი მიადგა. მიუხედავად ამისა, სპორტსმენები მაინც ჩნდებიან ახალ საარჩევნო სიებში და ამ ნაბიჯს უმეტესად სწორედ პოლიტიკოსთა წაქეზებით დგამენ. პარტიებს სპორტსმენთა პოპულარობა ხიბლავთ, ამომრჩეველი კი სპორტის პოტენციურ გულშემატკივრად ეგულებათ. ამიტომაც, შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეთა პარტიულ სიებში, თანაც პირველ ათეულში, არაერთ გამოჩენილ სპორტსმენს შეხვდებით. მაგალითად, ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი “ახალ მემარჯვენეთა” გუნდში მიუწვევიათ, გურამ საღარაძე – “მრეწველებში”. მიხეილ ქორქია, მანუჩარ მაჩაიძე და ზაურ ცხადაძე პოლიტიკური გაერთიანება “ერთობის” ღირსებას დაიცავენ, “მოქალაქეთა კავშირის” სახელისუფლებო ფრთა კი დღევანდელი საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს, საჩხერელ ძალოსანს გიორგი ასანიძეს შეამხანაგებია.

მოქმედი სპორტსმენი და პარტიული საარჩევნი სია – ეს უკვე ახალი სიტყვაა ქართულ პოლიტიკაში. მოქკავშირს, ალბათ, უკვე მოფიქრებული ექნება, როგორ შეუთავსებს ერთმანეთს ასანიძე პოლიტიკურ და სპორტულ მოღვაწეობას, საკრებულოს სხდომებსა და ყოველდღიურ ორჯერად ვარჯიშებს, ხანგრძლივ საწვრთნელ შეკრებებსა და სპორტულ შეჯიბრებებზე მოგზაურობას. თვითონ ასანიძე პოლიტიკაზე საუბარს ჯერჯერობით თავს არიდებს და მომავალ ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებაზე ოცნებობს. საკრებულოს წევრობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ამ ოცნების აღსრულებაში ასანიძეს უთუოდ დაეხმარება სიდნეიში, წინა ოლიმპიადაზე მიღებული გამოცდილება.

[გიორგი ასანიძის ხმა] “ის შეცდომა არ უნდა გავიმეორო, ყოველ შემთხვევაში, ათენის ოლიმპიადაზე და, მე ვფიქრობ, ერთ-ერთი რეალური ძალა ვიქნები და მექნება ის შანსი, ის მისვლა, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონობის ტოლფასი იქნება. შედეგს ალბათ დრო გვიჩვენებს.”

სიდნეის ოლიმპიადის შემდეგ, სერიოზული ტრავმის მიუხედავად, გიორგიმ ყველა მნიშვნელოვანი ტურნირი მოიგო, მათ შორის – ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები. ევროპის წლევანდელი ჩემპიონატიდან ოქროს მედლით დაბრუნებულ ასანიძეს თბილისში თან ჩამოჰყვა ცნობილი მწვრთნელი ვანო გრიქუროვი, რომელიც 1994 წლიდან პოლონეთში მუშაობს და იქაურ ძალოსნებს ავარჯიშებს. აქამდე ასანიძეც უმთავრესად პოლონეთში ვარჯიშობდა, იქ ემზადებოდა მთავარი შეჯიბრებებისთვის, მაგრამ მალე ვითარება შეიცვლება: ივნისში თბილისში ამოქმედდება ძალოსნობის თანამედროვე ბაზა, შემოდგომაზე კი, შესაძლოა, ვანო გრიქუროვმაც დატოვოს პოლონეთი და საქართველოში გადმობარგდეს.
მწვრთნელისა და ჩვენი სპორტის ხელმძღვანელთა სურვილები, როგორც ჩანს, ერთმანეთს ემთხვევა და ამას არც ბატონი ვანო უარყოფს.

[ვანო გრიქუროვის ხმა] “ბოლო 8 წელი მინდოდა საქართველოში გამეტარებინა და ქართველი ძალოსნებისთვის დახმარება გამეწია. რად უნდა ვიყო მე პოლონეთში და პოლონეთის ფედერაციას და ქვეყანას მოვემსახურო, როცა ჩემს სამშობლოს ვჭირდები.”

ვანო გრიქუროვი ძალოსნობის სამყაროში ფრიად ავტორიტეტიანი და აღიარებული სპეციალისტია – მრავალი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონის აღმზრდელი, მათ შორის თვით კახი კახიაშვილისა. საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი დავით ბეჟუაშვილი უპირველესად, ალბათ, გრიქუროვს გულისხმობდა, როცა საქართველოდან წასული მწვრთნელების სამშობლოში დაბრუნების აუცილებლობაზე ისაუბრა. სხვათა შორის, ბეჟუაშვილმა საარჩევნო ყრილობაზე სხვა ვალდებულებებიც აიღო: ინვესტიციების მოზიდვა, სპორტული ბაზების მოწესრიგება, მწვრთნელ-სპორტსმენთა სოციალური დაცვა, საერთაშორისო კონტაქტების გაფართოება. ვანო გრიქუროვის თქმით, დღეს საქართველოში ძალოსნობას სერიოზული ხალხი პატრონობს და ეს მალე სპორტულ შედეგებსაც დაეტყობა.

[ვანო გრიქუროვის ხმა] “ფრიად მოხარული ვარ, რომ ასეთი ცვლილებები მოხდა და დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ხელმძღვანელობის, ბატონ დავით ბეჟუაშვილის თამადობით, საქართველოში ძალოსნობას მოევლება. დიდი იმედი მაქვს. ახალგაზრდა სპორტსმენები გვყავს ძალიან ძლიერი. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ უახლოესი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება თუ მერმის ლიცენზიის მოსაპოვებელი ჩემპიონატები, რომ მთელი გუნდი დავაყენოთ და საქართველოს ძალოსნობას თავისი სახელი ჰქონდეს გუნდურ პირველობაშიც.”

ძალოსანთა წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი ნოემბერში სწორედ პოლონეთში გაიმართება. გიორგი ასანიძეს ამ ჩემპიონატზე ტიტულის დაცვა მოუწევს. მანამდე კი, სულ რაღაც ორიოდ კვირაში, პოლიტიკურ ასპარეზზეც მოსინჯავს ძალებს.
XS
SM
MD
LG