Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნებამდე სამი კვირით ადრე ვითარება საქართველოში უაღრესად დაიძაბა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი როგორც ჩანს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების განსაკუთრებულად მძაფრ სიტუაციაში ჩატარების პროგნოზი მართლდება.

2 ივნისამდე სამი კვირით ადრე დაპირისპირება პოლიტიკურ ძალთა შორის პიკს აღწევს. ურთიერთბრალდებების პარალელურად, ჩნდება ფიზიკური ძალის გამოყენების საშიშროებაც, რაც 13 მაისს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მომხდარმა მოვლენებმაც დაადასტურა.

ზურაბ ჟვანიას ძალზე ცოტა დრო რჩება, რათა ამომრჩევლის თვალში თავისი გუნდის ქრისტიან-კონსერვატორულ პარტიასთან ასოცირებას მიაღწიოს. სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევის სააგენტოს “ნეა-ინტერმედიას” უკანასკნელი სატელეფონო გამოკითხვით, მართალია, ზურაბ ჟვანიას გამოკითხულთა 5 პროცენტი უჭერს მხარს, მაგრამ მხოლოდ 0,4 პროცენტმა იცის, თუ რომელი პარტიის სახელით მონაწილეობს იგი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში.
საერთოდ კი, უნდა ითქვას, რომ 2002 წლის 2 ივნისის არჩევნები, როგორც ჩანს, მთლიანობაში, ნეგატიური ნიშნის მატარებელი ხდება და კომპრომატების ომის ხასიათს მიიღებს. ჯერჯერობით ოპონენტები კომპრომისის მიღწევაზე არც ფიქრობენ და მხოლოდ მოწინააღმდეგის მხილებით არიან დაკავებულნი. 13 მაისს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან უკვე პარტიების მომხრეები შეიკრიბნენ ფიზიკური ძალის დემონსტრირების მიზნით. რაც ყველაზე სამწუხაროა, გამორიცხული არ არის, ისევ აღდგეს არცთუ შორეული წარსულის პრაქტიკა, როცა პოლიტიკური საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის არენად ქუჩა იყო ქცეული.
ამ დღეებში გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, მოსალოდნელია ვითარების კიდევ უფრო გამძაფრება. არც ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერები და არც ყოფილი ოპოზიცია წინასაარჩევნოდ პოზიციების დათმობას არ აპირებს. ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” წევრის ხათუნა ხოფერიას განცხადებით:
[ხათუნა ხოფერიას ხმა] “ გუშინ მეგობრები ერთმანეთში ვსაუბრობდით. მოგვხსნეს არჩევნებიდან და რისთვის ვიბრძვით...და მერე გაგვახსენდა ერთი გამოთქმა....ჩვენ ბრძოლის გარეშე წასვლას არ ვაპირებთ. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას და ნუ დაგვიშლით, ეს ჩვენი უფლებაა.”
გულახდილად რომ ითქვას, 13 მაისს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ მომხდარი ინციდენტის ქვეტექსტი ძნელი გასარკვევი არ არის. ლევან მამალაძის მომხრეებმა შენობაში ზურაბ ჟვანიას მომხრეები არ შეუშვეს იმ არგუმენტით, რომ ეს უკანასკნელნი გავლენას მოახდენდნენ კომისიის გადაწყვეტილებაზე. ამ ლოგიკით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში არც ერთი პარლამენტარი არ უნდა შეეშვათ, მაშინ, როცა ქვემო ქართლის გუბერნატორის მომხრე პარლამენტარებს შენობაში შესვლა არ გასჭირვებიათ. კიდევ უფრო მრავლისმთქმელია საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას ატეხილი სკანდალი. რჩება შთაბეჭდილება, რომ პარტიები არა არჩევნების სამართლიანად ჩასატარებლად იბრძვიან, არამედ იმ ბერკეტების ხელში ჩასაგდებად, არჩევნების შედეგების გასაყალბებლად რომ არის საჭირო. ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემთხვევაში კი პარტიები პირობას იძლევიან, რომ საკუთარ თავზე აიღებენ პასუხისმგებლობას,რასაც აქამდე ყველა გაურბოდა. თუმცა “ახალი მემარჯვენეები” მხოლოდ ამ დაპირებას არ სჯერდებიან. ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით:
[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] “და ყველას დაგაწყნარებთ ჩვენ თქვენ. ჩვენ თუ მოვალთ ხელისუფლებაში, პასუხისმგებლობასაც ავიღებთ და სულ ოპოზიციაში არ ვიქნებით. ჩვენ არ ვიქნებით სულ ოპოზიციაში, რომ სულ ხელისუფლებაში ვიყოთ. ოპოზიციაში ვიყავით იმიტომ, რომ მოვიდეთ ხელისუფლებაში და...როცა ხელისუფლებაში მოვალთ, უმრავლესობაშიც მოვალთ, პასუხისმგებლობასაც ავიღებთ.”[სტილი დაცულია]
პარტიას, რომელიც ოპონენტებს “დაწყნარებას” ჰპირდება, გამოკითხულთა 8,5 პროცენტი უჭერს მხარს.
XS
SM
MD
LG