Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპიუტერული პროგრამების გაქართულების სიახლეები


წინასაარჩევნო ციებ-ცხელების პარალელურად, კვლავ აქტიური მსჯელობა დაიწყო სახელმწიფო ენის კანონის შესახებ. ერთნი აცხადებენ,

რომ ქართული ენის ცოდნა საქართველოს ყველა მოქალაქისათვის სავალდებულო უნდა იყოს, მეორენი კი საწინააღმდეგო აზრის არიან. ისინი ფიქრობენ, რომ ასეთი ვალდებულების დაწესებამდე ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებს ქართული ენა უნდა შეასწავლოს. ხელისუფლების გულგრილი დამოკიდებულების გამო სახელმწიფო ენის გამოყენებისას ქართული ენის მცოდნე მოქალაქეებსაც კი დიდი წინააღმდეგობები ხვდებათ.

ათი ათასობით სახელმწიფო მოხელესა თუ კერძო სექტორში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს ყოველდღიურად უწევთ ურთიერთობა სხვადასხვა საინფორმაციო ტექნოლოგიასთან, ძირითადად კი, კომპიუტერთან. საქართველოშიც კი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების ცხოვრებაში გამოყენების მაღალი დონით ვერ დაიკვეხნის, მაინც კომპიუტერი საქმის წარმოების შეუცვლელ იარაღად იქცა. თუ რა ენაზე უხდებათ მომხმარებლებს კომპიუტერთან ურთიერთობა, მნიშვნელოვნად განაპირობებს სამუშაოს შესრულების ხანგრძლივობასა და ხარისხს.

ამიტომ ყველა ქვეყანა - როგორც განვითარებული, ასევე განვითარებადი - ცდილობს ყოველდღიური სამუშაო იარაღი იმ ენაზე მოაწყოს, რომელიც მის მოქალაქეებს თავიანთ მშობლიურ ენად მიაჩნიათ. ქართველებს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე კომპიუტერის ქართულად ამეტყველებას 2000 წლისთვის დაჰპირდა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ თითქმის 3 წელი გავიდა, ხელისუფლებას ბევრი არაფერი გაუკეთებია პრეზიდენტის დანაპირების შესასრულებლად და საქართველოს მოქალაქეთა დიდ უმრავლესობას დღემდე, ძირითადად, ინგლისურ ან რუსულ ენაზე უწევს კომპიუტერთან ურთიერთობა. ანუ კანონმა რა ვალდებულებაც უნდა დააკისროს საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო ენის მიმართ, მათ ყოველდღიურად მაინც არასახელმწიფო ენით მოუხდებათ სარგებლობა.

ამ პრობლემის დასაძლევად ერთეული ენთუზიასტები მუშაობენ და ერთ-ერთი მათგანის - გია შერვაშიძის - განცხადებით, კომპიუტერის ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემის, ვინდოუსის, გაქართულება 3 თვეშია შესაძლებელი. მან ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯებიც კი გადადგა, თუმცა ვინდოუსის ქართული პაკეტის გამოსაცემად მისი მწარმოებლისა და საქართველოს მთავრობის შეთანხმებაა საჭირო.

მანამდე გია შერვაშიძემ რამდენიმე ისეთი პროექტი წამოიწყო, რომელიც კომპიუტერის ზოგიერთ პოპულარულ პროგრამასთან ქართულად მუშაობის შესაძლებლობას იძლევა. მისი თქმით:

[შერვაშიძის ხმა] „ერთი დიდი პროექტი, რომელიც გავაკეთე, ეს არის ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბროუზერის, მიმომხილველის, - ქართულად პირობითად ასე დავარქვათ ჯერჯერობით, - აი, მისი ლოკალიზაცია. ლოკალიზაციაში იგულისხმება გაქართულება დიალოგებისა, მენიუებისა და ასე შემდეგ. პლიუს, დამატებით გაკეთდა ინტერნაციონალიზაცია, რაც გულისხმობს ქართული ენის ჩადგმას თითონ ამ პროგრამაში, და გლობალიზაცია. ეს გლობალიზაცია გულისხმობს ნებისმიერ დროს დიალოგებისა და მენიუებისა ქართული ენიდან, ვთქვათ, ინგლისურზე ფრანგულზე და ასე შემდეგ და მერე უკან დაბრუნება.“[სტილი დაცულია]

ამ პროექტის ძირითადი ნაწილი სოროსის ფონდმა დააფინანსა, ნაწილი კი, კერძოდ, ინტერნეტთან სამუშაო პროგრამის, “მოზილას”, ინტერნაციონალიზაცია და გლობალიზაცია ყოველგვარი დაფინანსების გარეშე განხორციელდა. მისი გამოყენება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია. „მოზილას“ მისაღებად საკმარისია ვებსაიტს, „ინტერნეტის ქართულ გამზირს,“ ესტუმროთ მისამართზე www.gia.ge

[შერვაშიძის ხმა] „ახლა ვმუშაობ ტექსტურ რედაქტორზე, ცხრილებზე, სახატავი პროგრამის გაქართულებაზე, თვითონ ვინდოუსის გაქართულებაზე, რაც ნახევრად გაკეთებული მაქვს და არ ვჩქარობ მის დამთავრებას. მე მინდა, რომ გამოჩნდეს ხალხის ინტერესი. არ მინდა შევაფასო რიცხობრივად, მაგრამ ორჯერ, სამჯერ გაიზრდება მომხმარებელთა რაოდენობა.“

დაინტერესებულ მხარეთა აქტიურობა განსაკუთრებით საჭიროა მეორე მთავარი მიმართულების, კომპიუტერული ტერმინოლოგიის, შემუშავებისას, რაც ერთი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება. ტერმინების დახვეწაში ფართო საზოგადოების ჩაბმა იმისთვისაა საჭირო, რომ მოძიებულ იქნეს ამა თუ იმ ბრძანების შესაბამისი მოკლე და სხარტი ქართული სიტყვა. ამ სფეროში სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა კიდეც, თუმცა ჯერ ბევრი არაფერი გაკეთებულა, უცხოენოვანი ტერმინების პირდაპირი, ბრმა თარგმანის მეტი.

ასე რომ, ენის კანონსაც იგივე ბედი ელის, რაც ბევრ სხვა ქართულ კანონს ეწვია, თუ კანონი რეალობას არ მოერგო და მისი რეალიზებისათვის, თუნდაც კომპიუტერულ სფეროში, სერიოზული პროექტები არ განხორციელდა.
XS
SM
MD
LG