Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების კონგრესი შეშფოთებულია, რომ რუსეთმა შეიძლება განაახლოს ბირთვული გამოცდები


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ მოახსენა კონგრესს, რომ რუსეთი შეიძლება ბირთვული გამოცდების განახლებისთვის ემზადებოდეს, მიუხედავად იმისა,

რომ ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები ჯორჯ ბუში და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს ხვდებიან მომავალ კვირაში იარაღზე კონტროლის საკითხების განსახილველად.

წარმომადგენელთა პალატისა და სენატის რჩეულმა წევრებმა დახურულ სხდომაზე მოისმინეს ატომური ენერგიის ერთობლივი სადაზვერვო კომიტეტის მოხსენება. ეს არის ფედერალური ორგანიზაცია, რომელიც ბირთვულ საკიხებზე სხვადასხვა სააგენტოების მიერ მიღებულ ცნობებს აგროვებს და აანალიზებს.

მოხსენების თანახმად, შემჩნეულია ტექნიკური აქტივობა რუსეთის პოლარული წრის ჩრდილოეთით მდებარე კუნძულ ნოვაია ზემლიაზე.

ბრიფინგზე დამსწრეთა შორის ზოგი სკეპტიკურად მოეკიდა ცნობას, ზოგიც კი ისე შეაშფოთა ამ ინფორმაციამ, რომ მათ მოითხოვეს, რომ ამერიკა დაუშვან რუსეთის ბირთვულ პოლიგონებზე და რომ შეერთებულმა შტატებმა დაიწყოს ახალი თაობის ბირთვული იარაღის დამუშავება.

რუსეთის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ მათი ბირთვული იარაღის პროგრამა არ სცდება გამოცდების აკრძალვის ყოვლისმომცველი ხელშეკრულების მიერ დადგენილ საზღვრებს. ამ ხელშეკრულებას 1996 წელს ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა, მაგრამ ის სენატის მიერ ჯერ არ ყოფილა რატიფიცირებული. პრეზიდენტმა ბუშმა კი განაცხადა, რომ ეს ხელშეკრულება სრულად არ ემსახურება შეერთებული შტატების ინტერესებს, თუმცა ადმინისტრაცია იცავს ბირთვულ გამოცდებზე დაწესებულ მორატორიუმს.

ოფიციალური პირების თქმით, ბრიფინგს არაფერი ჰქონდა საერთო ბუშისა და პუტინის შეხვედრის დღის წესრიგთან და უბრალოდ მისი ჩატარების დრო დაემთხვა შეხვედრისთვის მზადების დროს.

მაგრამ ის კონგრესმენები, რომლებიც ესწრებოდნენ ბრიფინგს და სკეპტიკურად აღიქვეს ინფორმაცია რუსეთის მიერ ბირთვული გამოცდების განახლების შესახებ – მათი სიტყვით, ახალი ამ ცნობაში არაფერია – გამოთქვამენ აზრს, რომ ადმინისტრაციამ ეს საკითხი იმიტომ წამოჭრა, რომ თვით სურს ბირთვული გამოცდების ჩატარება და ახალი იარაღის დამუშავებაო.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა, კვირას, მასა და სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელს შორის მოწყობილი სატელვიზიო ხიდის დროს თქვა, რომ ცნობები რუსეთის მიერ ბირთვული გამოცდების ჩატარების შესახებ მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და რომ რუსეთი აპირებს მოითხოვოს ვაშინგტონისგან განმარტება, მით უმეტეს, რომ ორივე ქვეყანა აპირებს “სტრატეგიული პარტნორობის” შეთანხმების დადებას.

პაუელმა გამოთქვა იმედი, რომ ბუშისა და პუტინის შეხვედრაზე, 23 მაისს, სანკტ პეტერბურგში, მიღწეულ იქნება თანხმობა ბირთვული იარაღის შემცირების თაობაზე.

პაუელმა და ივანოვმა თქვეს, რომ მათი მთავრობები იზიარებენ აზრს, რომ 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ დაიწყო თანამშრომლობის ახალი ერა და რომ ტერორიზმი არის გლობალური საშიშროება, რომელთანაც ბრძოლას არცერთი ქვეყანა არ უნდა გაუდგეს განზე.

მიუხედავად იმისა, რომ მხარეები თანახმა არიან შეკვეცონ თავიანთი ბირთვული არსენალი დაახლოებით 1700 ბირთვულ ქობინადე – დღეს თითოეულს დაახლოებით 6-6 ათასი აქვს – არ არის მიღწეული თანხმობა, რა უნდა უყონ შეკვეცილ ერთეულებს. რუსეთი მათ სრულ განადგურებას მოითხოვს, ამერიკა კი თავისი ქობინების გადანახვას აპირებს, რათა არ შეხვდეს მოუმზადებელი რაიმე გლობალურ კრიზისს.
XS
SM
MD
LG